ადამიანი, რომელიც კითხვებს სვამდა
 →  → 
კინოფესტივალი მედიაში
2018-10-15

წლევანდელ კინოფესტივალზე შვედეთის საელჩოს, შვედურ ინსტიტუტსა და შვედურ კინოინსტიტუტთან ერთად, ჩვენ ინგმარ ბერგმანის ფილმებს შემოგთავაზებთ. ბერგმანის ფილმები, რომელთა გარეშეც შეუძლებელია კინოს ისტორიაზე საუბარი სპეციალურ პროგრამაში იქნება ნაჩვენები: „ზაფხული მონიკასთან ერთად" , „მარწყვის მდელო", „პერსონა", „შემოდგომის სონატა" და „ფანი და ალექსანდრე". ამას გარდა სექციაში „ბერგმანი - 100" ნაჩვენები იქნება მარი ნირერიოდის დოკუმენტური ფილმი ინგმარ ბერგმანზე „ბერგმანის კუნძული".

„ჩემი გაჩენის მომენტში, 1918 წლის ივლისში დედა ავად იყო, მე კიდევ ისე ცუდად ვიყავი, რომ სამშობიაროშივე მომნათლეს. ჩვენმა ძველმა ექიმმა, რომელიც სახლში მოდიოდა ხოლმე ერთ-ერთი სტუმრობის დროს შემხედა და თქვა - ეს ბავშვი ისეთი დასუსტებულია, რომ შეიძლება მოკვდეს. მაშინ ბებიამ თავის სახლში დალარნაში წამიყვანა. მგზავრობისას - გზას მთელი დღე დასჭირდა - ბებია წყალში დამბალ ორცხობილას მაჭმევდა. სახლში რომ ჩავაღწიეთ, მაგ დროს უკვე ძლივსღა ვსუნთქავდი. ბებია კი იმედს არ კარგავდა და გვერდზე სოფელში ქალიც კი იპოვა, რომელიც ძუძუთი გამომკვებავდა. წონაში მატება დავიწყე, თუმცა მუდმივად მაწუხებდა ტკივილები მუცელში და ღებინება. მუდმივად რაღაც დაავადებები მემართებოდა და მართალი გითხრათ, ვერ გადამეწყვიტა - ღირდა თუ არა ცხოვრების გაგრძელება..." - აი ასე, კითხვის დასმით იწყებს ბერგმანი თავის თავზე საუბარს წიგნში „ლატერნა მაგიკა". იმ კითხვის დასმით, რომელიც ბერგმანის კინოს აუცილებელი ატრიბუტია: კითხვები, ეჭვები, სიკვდილი, სიცოცხლე და... ღმერთი, არსებობს კი ღმერთი?

ინგმარ ბერგმანი დაიბადა შვედეთში, უფსალაში. მისი მამა ლუთერანული ეკლესიის მღვდელი იყო და ბავშვების მიმართ საკმაოდ მკაცრი აღზრდით გამოირჩეოდა. „ჩვენი აღზრის საფუძველში ისეთი თემები იდო, როგორიცაა ცოდვა, დასჯა, პატიება, გულისხმიერება... ბავშვების, მშობლებისა და ღმერთს შორის ურთიერთობების რაღაც კონკრეტული ფაქტორები... აი ამაში იყო მთელი ლოგიკა, რომელსაც ჩვენ ვიღებდით და რომელიც როგორც გვეგონა, გვესმოდა", - იხსნებდა ბერგმანი წიგნში.

მისმა მთელმა ბავშვობამ რელიგიური ხატებისა და ამ საკითხებზე კამათის გარემოცვაში ჩაიარა. როგორც თავად ამბობდა, 9 წლის იყო როდესაც მიხვდა - ღმერთი არ არსებობს. სამაგიეროდ ამ კითხვას არაერთხელ დასვამენ მისი გმირები. ეგზისტენციალური თემები ბერგმანის კინოხელოვნების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მას არასდროს აინტერესებდა მშრალი თეორიები, ადამიანის სულში ჩასაფრებული დემონები - აი ის, რასაც შვედი რეჟისორი მუდმივად იკვლევდა და აკვირდებოდა. ბერგმანის ფილმები ძალიან პერსონალურია და თანამედროვე ცხოვრებასთან შერკინებული გმირების უკან, თავად დგას - ეჭვებითა და კითხვებით „შეიარაღებული".

სტოკჰოლმის უნივერსიტეტში ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა, თუმცა თეატრით მონუსხულმა სწავლას მალევე დაანება თავი და რეკვიზიტორად ტურნეში გაჰყვა ერთ-ერთი თეატრის დასს. 40-იან წლებში აქტიურად დაიწყო პიესების წერა და ამავე დროს, კინოში სცენარების რედაქტორადაც მუშაობდა.

1953 წელს გადაღებული „ზაფხული მონიკასთან ერთად" მისი ადრეული პერიოდის ნამუშევარია. „ზაფხული მონიკასთან ერთად" იგივეა თანამედროვე კინოსთვის, რაც „ერის დაბადება" კლასიკური კინოსათვის", - ასე დაახასიათა შვედი რეჟისორის ფილმი ჟან-ლიუკ გოდარმა. ხოლო ვუდი ალენის აზრით, თუ ბერგმანის წინა ფილმებში ამერიკული კინო იგრძნობოდა, ამ ფილმით ჰარიეტ ანდერსონით მთავარ როლში, მოხდა ის დიდი გარღვევა, რის შემდეგაც ბერგმანი თავის ძლიერ, პოეტურ სტილთან მივიდა.

„ზაფხული მონიკასთან ერთად" არის ახალგაზრდების სიყვარულის ესთეტიკურად დახვეწილი, საოცრად არასენტიმენტალური ამბავი. მომხიბვლელი ჰარიეტ ანდერსონისთვის მონიკას როლი პირველია ბერგმანის მრავალ ფილმთაგან. მონიკა მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს. ჰარისთან მისი თავბრუდამხვევი ზაფხულის რომანი წერტილს უსვამს საოჯახო რუტინას და დამქანცველ სამუშაოს. 1950-იან წლებში ბერგმანის რჩეული ოპერატორის კამერა ეფექტურად უპირისპირებს ერთმანეთს წყვილის საზაფხულო ვნების ასპარეზს - ეთერულ, იდილიურ, ზღვისპირა გარემოს და ქალაქში მცხოვრები მუშათა კლასის ბნელ, უფერულ სინამდვილეს. ფილმში წარმოდგენილმა ეროტიკამ და სიშიშვლემ სკანდალური წარმატება მოუტანა ბერგმანს და შვედურ კინემატოგრაფს.

თეატრი და კინო - ეს ხომ ის ორი ელემენტია, რომელიც ბერგმანს მუდმივად მოჰყვებოდა. თეატრალურ დადგმებს წარმატებული კინო პრემიერები მოსდევდა. აღიარებულ კინო ნამუშევრებს კი წარმატებული სასცენო დადგმები.

მისი პირველი და ყველაზე დიდი წარმატება უკავშირდება ფილმს „მეშვიდე ბეჭედი". ფილმი საკმაოდ დაბალი ბიუჯეტით 35 დღეში გადაიღეს. მის პრემიერას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც როგორ რეჟისორს ასევე მის 27 წლის მსახიობს მაქს ფონ სიუდოვს დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა. მოლიერის მიხედვით იმავე წელს დადმული მისი სპექტაკლი „მიზანტროპი" კი 50-იანი წლების შვედური თეატრის მთავარ მოვლენად დასახელდა.

იმავე წელს ბერგმანი იღებს „მარწყვის მდელოს". ფილმში მუნჯი კინოს დიდი რეჟისორი და მსახიობი ვიქტორ შოსტრომი მოხუც ისაკ ბორგს ასახიერებს, რომელსაც საკუთარი სიკვდილი ესიზმრება. ასაკოვანი პროფესორი თავის ცხოვრებასა და დაშვებულ შეცდომებს იხსენებს. ბერგმანი სათქმელს სარკეებისა და სიზმრების საშუალებით გამოხატავს, რაც სინამდვილეში გონების სარკეა. ფილმი, რომლის სცენები ბრწყინვალედ გარდაიქმნება სიზმრისეულ ლანდშაფტებად, ბერლინის კინოფესტივალის („საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის" ნომინაცია) და ამერიკის კინოკრიტიკოსთა პრიზით დაჯილდოვდა.

1965 წელს ბერგმანი ძლიერი ავადმყოფობის შემდეგ სცენარს წერს. ეგზისტენციალური დრამა „პერსონა", სადაც მთავარ როლებს ბიბი ანდერსონი და ახალგაზრდა ნორვეგიელი მსახიობი ლივ ულმანი ასრულებენ. მსახიობი, სახელად ელიზაბეთი (ლივ ულმანი) გადაწყვეტს, რომ ხმა აღარასოდეს ამოიღოს და მასზე ზრუნვას თანმხლებ მედდას, ალმას (ბიბი ანდერსონი) მიანდობენ. მალე ირკვევა, რომ მსახიობის ამ საქციელს ორი მხარე აქვს: ერთი მხრივ, ესაა ეთიკური სიწმინდის შენარჩუნების სურვილი, მაგრამ იმავდროულად, ესაა სადიზმის სახეობა, პრაქტიკულად შეუვალი ძალა, რაც მედდის მანიპულირების საშუალებას იძლევა. ფილმის ბოლოს ორი პერსონაჟი იდენტობის უიმედო დუელში ჩაბმული აღმოჩნდება - ისეთში, როგორიც სტრინდბერგს უყვარდა. ბერგმანმა ეს დაპირისპირება ენის, ხელოვნების და თვით ცნობიერების მეტაფორად აქცია.

1978 წელს ეკრანებზე გამოდის „შემოდგომის სონატა". ასე მძაფრად ალბათ არავის გადმოუცია დედისა და ქალიშვილის სიყვარულითა და სიძულვილით სავსე ურთიერთობა. „მინდა გავაკეთო ფილმი დედასა და ქალიშვილზე, ქალიშვილსა და დედაზე და ამ ორ როლს აუცილებლად ინგრიდ ბერგმანი და ლივ ულმანი ითამაშებენ", წერდა რეჟისორი. პასტორის და მისი მეუღლის, ევას ტბისპირა სახლში ევას დედა, მსოფლიოში ცნობილი პიანისტი შარლოტა ჩამოდის. ეს დედა-შვილის პირველი შეხვედრაა შვიდი წლის მანძილზე. ინგრიდ ბერგმანი ეკრანზე შესანიშნავად აცოცხლებს დედის სიყვარულს, სევდას და დანაშაულს. ინგმარ ბერგმანი ფილმში გახსენებების სცენებს და ახლო ხედით გადაღებულ კადრებს ურთავს, რომლის განმავლობაშიც პასუხს სცემს შვილის უმძაფრეს შიშს - რომ მისი სევდა დედას იდუმალ სიამოვნებას ანიჭებს.

„ფანი და ალექსანდრე" (1982) - ბერგმანის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. მის გადასაღებად რეჟისორს ნახევარი წელი და 6 მილიონი ა.შ.შ დოლარი დასჭირდა. და-ძმის ისტორია ოთხი „ოსკარით", „სეზარით", „დევიდ დი დონატელოსა" და „ოქროს გლობუსის" ჯილდოებით აღინიშნა. ეკდალები საშუალო კლასის ზედა ფენის წარმომადგენლების ოჯახია, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია თეატრთან. გარე სამყაროში არსებული სულ უფრო გამძაფრებული ქაოსიდან ისინი საკუთარ თეატრალურ სამყაროს ეხიზნებიან. ეკდალების ოჯახის ერთი მღელვარე წელი დანახულია 10 წლის ალექსანდრეს თვალით, რომლის წარმოსახვას ააქტიურებს უჩვეულო მოვლენები, რასაც მამამისის გარდაცვალება მოყვება. დედამისის მეორე ქორწინება მკაცრ ეპისკოპოსზე წერტილს უსვამს ალექსანდრეს და მისი დის, ფანის მხიარულებას და მათ ცხოვრებას და მთელ ფილმს ერთგვარ გოთიკურ ტიპის საშინელებად აქცევს.

ამ ფილმის შემდეგ ბერგმანი ორ ტელეფილმს იღებს და სცენაზე „მეფე ლირსა" და „ჰამლეტს" დგამს. 1987-ში კი გამოდის მისი ავტობიოგრაფიული წიგნი „ლატერნა მაგიკა".

ყველასთვის მოულოდნელად აცხადებს რომ ტოვებს კინოს და თეატრს უბრუნდება - „მე სამუდამოდ ვტოვებ ამ ბინძურ და გამყიდველ საქმეს", - ამბობდა ის. თუმცა 2003 წელს, როდესაც შვედი რეჟისორი 83 წლის იყო ის ისევ მოუბრუნდა კინოს ფილმით „სარაბანდა". ბახისა და ბრამსის მუსიკის თანხმლებით მაყურებელი ლივ ულმანისა და ერლანდ იუზეფსონის კინო-სპექტაკლს უყურებს, თუ როგორ ბრუნდება შემოდგომით დიდი ხნის წინ დაშორებული ცოლი ყოფილ ქმართან და მას ნაზი კოცნით აღვიძებს. სწორედ მაშინ თქვა ბერგმანმა "თეატრი ჰგავს ცოლს, კინო კი - ეს გრანდიოზული თავგადასავალია, აი როგორც ძვირფასი და მომთხოვნი საყვარელი".

როგორც თავად ამბობდა, არასდროს უყვარდა საკუთარი ფილმების ნახვა, რადგან ეს ფილმები მას დეპრესიულ მდგომარეობაში აგდებდა. ინგმარ ბერგმანი საოცარი ოსტატობით ახერხებდა თავის დიდი ხნის კოლეგასთან, ოპერატორ სვენ ნიუკვისტთან ერთად ადამიანების შინაგანი სამყაროს გადმოცემას.

ინგმარ ბერგმანი თავის „ციხე-სიმაგრეში" 2007 წლის 30 ივლისს, 89 წლის ასაკში გაირდაიცვალა. კუნძულ ფაროზე აშენებულ დიდ სახლში, რომელსაც მაღალი, ძალიან მაღალი გალავანი ერტყა.


* * *
სექციაში ნაჩვენები იქნება მარი ნირერიოდის დოკუმენტური ფილმი „ბერგმანის კუნძული", რომელიც რეჟისორმა 2004 წელს გადაიღო. გარდაცვალებამდე ოთხი წლით ადრე, ლეგენდარული კინორეჟისორი შვედი დოკუმენტალისტის ნირერიოდის კამერის წინ აღმოჩნდა, თავის სახლში, ფაროს კუნძულზე. მან ისაუბრა თავისი სამუშაოს, შიშების, სინანულის და შემოქმედებითი სწრაფვის შესახებ. ეს ფილმი, ყველაზე გულახდილი ინტერვიუების სერიებისგან შედგება, რომელშიც საზოგადოებრივ ყურადღებას გარიდებული რეჟისორს ოდესმე მიუღია მონაწილეობა. მოგვიანებით ინტერვიუები სრულმეტრაჟიან ფილმად - „ბერგმანის კუნძული" იქცა. ნირერიოდის სიღრმისეული, გულწრფელი ფილმი, სადაც უხვადაა ამბები ბერგმანის შემოქმედებითი და პირადი ცხოვრებიდან, საშუალებას გვაძლევს უკანასკნელად შევავლოთ თვალი ადამიანს, რომელმაც კინო შეცვალა. ადამიანს, რომელიც კითხვებს სვამდა.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1129