ბალტიისპირეთი-100
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ბალტიისპირეთი-100
კინოფესტივალი მედიაში
2018-11-13

ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად, თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოგიდგენთ სპეციალურ პროგრამას „ბალტიისპირეთი-100". სექციაში ნაჩვენები იქნება უახლესი ლიეტუვური, ლატვიური და ესტონური ფილმები. პროგრამის განხორციელებაში კი ფესტივალს სამივე ქვეყნის საელჩოები და კინოცენტრები ეხმარებიან.

პროგრამა სხვადასხვა პერიოდში შექმნილ რამდენიმე საინტერესო ლიეტუვურ, ლატვიურ და ესტონურ ნამუშევრებს აერთიანებს, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია ცოტა ხანში, ჩვენს საიტზე გამოქვეყნდება, თუმცა მანამდე გთავაზობთ იმ რამოდენიმე ფილმის მცირედ მიმოხილვას, რომელსაც წელს პროგრამაში „ბალტიისპირეთი - 100" შემოგთავაზებთ.


„პირქარი" („In the Crosswind", ესტონეთი 2014)

მარტი ჰელდე ესტონელი რეჟისორი და მწერალია. ის ცნობილია ფილმებით „პირქარში" (2014) და „სიამაყე" (2014). ჩვენს პროგრამაში თქვენ ჰელდეს „პირქაშის" ნახვას შეძლებთ, რომლის სიუჟეტი 1941 წელს ვითარდება. ესტონელი ქალი და მისი ახალგაზრდა შვილი სახლისკენ გზის გაკვლევას ცდილობენ მას შემდეგ, რაც საბჭოთა ოკუპანტებმა ისინი ციმბირში გადაასახლა. ამ სიზმრისმაგვარ ფილმ-საგას საფუძვლად უდევს ნამდვილი ამბავი. ფილმს მიღებული აქვს პრიზები ვარშავის, სალონიკის, ტალინის და პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

„ნოემბერი" („November", ესტონეთი, ნიდერლანდები, პოლონეთი 2017)

რაინერ სარნეტი კინოს და თეატრის რეჟისორი, კინოკრიტიკოსი და ფოტოკომიქსების ავტორია. მას გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი. 2007 წელს გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „სად მიდიან სულები". ოთხი წლის შემდეგ, მას მოყვა „იდიოტი", რომელიც დოსტოევსკის რომანის შთაგონებით შეიქმნა. ჩვენს პროგრამაში შევიდა არაერთ ფესტივალზე პრიზირებული მისი მესამე სრულმეტრაჟიანი ფილმი „ნოემბერი", რომელიც ანდრუს კივირიაჰკის რომანს ეფუძნება.

თავი წარმოიდგინეთ მე-19 საუკუნის ესტონეთის ცივ, თოვლიან ლანდშაფტში, სადაც მაქციები და სულები თავისუფლად დაეხეტებიან, ხოლო იესო სხვადასხვა ხელსაწყოსა და ძვლებისგან დამზადებულ მითოლოგიურ არსებებთან, ფერმერების დამხმარე კრატებთან თანაარსებობს. ფერმერი გოგონას, ლიინას და ადგილობრივი ბიჭის, ჰანსის განწირული სიყვარული რეჟისორ რაინერ სარნეტის წარმართული, შავ-თეთრი სამყაროს ცენტრშია, სადაც პერსონაჟები თავიანთი გარემოს მნიშვნელობას ეძებენ და სულის არსებობაზე ფიქრობენ.


„დროის ხიდები" („Bridges of Time", ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი 2018)
დოკუმენტური

„დროის ხიდები" გამორჩეულად საინტერესო დოკუმენტური ფილმია. ეს არის რეჟისორების: კრისტინე ბრიდეს და აუდრიუს სტონისის მედიტაციური დოკუმენტური ფილმი, ესეი, რომელიც ბალტიისპირული ახალი ტალღის დავიწყებულ კინოპოეტებს წარმოგვიდგენს. დახვეწილი თხრობით, რეჟისორები ცდებიან ჩვეულებრივ ისტორიოგრაფიულ თხრობას და დოკუმენტური კინოს ონტოლოგიის პოეტურ შესწავლას ცდილობენ.

აუდრიუს სტონისი დაიბადა 1966 წლის 28 აპრილს, ვილნიუსში (ლიეტუვა). ის არის რეჟისორი და სცენარისტი, რომელიც ცნობილია ფილმებით „ქალი და გლეტჩერი" (2016) და „კენოტაფი" (2013).

კრისტინე ბრიდე დაიბადა 1970 წლის 17 ივნისს, ცესისში (ლატვია). 1995 წლიდან პროდიუსერად, სცენარისტად და რეჟისორად მუშაობს კინოკოლექტივში „ლოკომოტივი". 2000 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს კაროსტაში, ლიეპაიაში, როგორც კულტურის და საინფორმაციო ცენტრის, K@2-ის ინიციატორი და დამაარსებელი.

„მელანის ქრონიკები" („The Chronicles of Melanie", ლატვია, ჩეხეთი, ფინეთი 2016)

ვიესტურ კაირიში არის ოპერის, კინოსა და თეატრის რეჟისორი. ის წარმატებით მოღვაწეობს ლატვიასა და გერმანიაში, როგორც ოპერის სახელგანთქმული რეჟისორი. კაირიშის ფილმები და დადგმები ევროპის ბევრ ფესტივალზე იყო წარმოდგენილი."მელანის ქრონიკები" ასე ჰქვია მის ფილმს, რომელსაც ჩვენ მაყურებელს შევთავაზებთ.

1941 წლის 14 ივნისს, საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებული ლატვია: გაუფრთხილებლად, ხელისუფლება მელანის და მისი მეუღლის, ალექსანდრის სახლში შეიჭრა და ყველაფრის დატოვება აიძულეს. 15 000 ლატვიელთან ერთად, ლემანი და მისი ვაჟი ციმბირში გადაასახლეს. სიცივესთან, შიმშილთან და სისასტიკესთან ბრძოლაში, მას მხოლოდ ძალა ემატება, რაც ალექსანდრისადმი მიწერილი, ლატვიის თავისუფლების და უკეთესი მომავლისადმი იმედით აღსავსე წერილებიდან ჩანს.

„ზაფხულს გადარჩენილები" („Summer Survivors" ლიეტუვა, 2018)

„ზაფხულს გადარჩენილები" ფილმი-მოგზაურობაა, სადაც ფსიქოლოგ ინდრეს ავალებენ, რომ ორი ახალგაზრდა პაციენტი - პაულიუსი და იუსტე ზღვისპირა ქალაქის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანოს. ინდრე ფსიქოლოგიის კურსდამთავრებულია, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობა უჭირს, პაულიუსს ბიპოლარული აშლილობა აქვს და ხასიათი მუდმივად ეცვლება, ხოლო იუსტეს თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, მკურნალობენ, მაგრამ ის არ აღიარებს, რომ დახმარება სჭირდება. ერთად მოგზაურობა მათ აახლოებს, მაგრამ დაეხმარება თუ არა ეს მათ გადარჩენაშიც?

ფილმის რეჟისორია ვილნიუსში დაბადებული მარია ქავთარაძე. ის კინორეჟისურას ლიეტუვას მუსიკისა და თეატრის აკადემიაში სწავლობდა. გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „ახალგაზრდობა" (2013), „ნორმალური ადამიანები არ ფეთქდებიან" (2013) და „იგლუ" (2015). „ზაფხულს გადარჩენილები" მისი სრულმეტრაჟიანი დებიუტია.

„სანგაილის ზაფხული" („The Summer of Sangaile", ლიეტუვა, საფრანგეთი, ნიდერლანდები 2015)

17 წლის სანგალი სამანევრო თვითმფრინავებითაა გატაცებული. მას ეშინია სიმაღლის და ამიტომაც, არასდროს უცდია მფრინავის კაბინაში შესვლა. ზაფხულის საავიაციო შოუს დროს, რომლის მახლობლადაც მისი მშობლების ტბისპირა ვილა მდებარეობს, ის ხვდება მისი ასაკის ადგილობრივ გოგონას, აუსტეს, რომელიც სანგალისგან განსხვავებით, ბოლომდე იხარჯება ცხოვრებაში და არც გაბედულება და შემოქმედებითობა აკლია. ორ გოგონას ერთმანეთი უყვარდება. სანგალი აუსტეს თავის ყველაზე პირადულ საიდუმლოს უმხელს და აუსტესადმი ეს თინეჯერული სიყვარული მას აბედინებს.

ფილმის რეჟისორია ლიეტუველი ალანტე კავაიტე, რომელიც ცნობილია ფილმებით: „სანგალის ზაფხული" (2015), „ბზარები" (2006) და „ჯაზი" (1992). „სანგაილის ზაფხულს" მიღებული აქვს ათენის, ლიტვის, სტოკჰოლმის, სანდენსის და ვილნიუსის საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზები.


„განთიადი" („Dawn", ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი 2015)

რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ლაილა პაკალნინა საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლატვიელი კინომოღვაწეა. გადაღებული აქვს 5 მხატვრული, 26 დოკუმენტური და 5 მოკლემეტრაჟიანი ფილმი და მიღებული აქვს არაერთი ჯილდო საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ლატვიელი კინორეჟისორი ორჯერაა ნომინირებული ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზე, დოკუმენტური ფილმისთვის „ოცნებათა კუნძული" (2004) და მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „ცეცხლი" (2008).

ჩვენს ფესტივალზე თქვენ მის ფილმს „განთიადს" ნახავთ, რომლის სიუჟეტიც საბჭოთა რეჟიმის ახალგაზრდა პიონერის, პაველ მოროზოვის ამბავს ეფუძნება. ბიჭის, რომელიც მოკლეს მას შემდეგ, რაც მან საკუთარი მშობლები მთავრობას გადაცა. ამ ამბავზე, რომელიც სავარაუდოდ გამოგონილია, მოროზოვი საბჭოთა რეჟიმისთვის წამებულ გმირად და ერთგულების მაგალითად იქცა. პაკალნინას ფილმში მოროზოვი წარმოდგენილია იანისის სახით. იანისი არის პატარა ბიჭი, რომელიც თვლის, რომ მამამისი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის, „განთიადის" მტერია. როდესაც იანისი ამხელს მამას, ეს უკანასკნელი შურისძიების გრძნობით ივსება.

 

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 632