ქვეყანა ფოკუსში - იტალია
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ქვეყანა ფოკუსში - იტალია
კინოფესტივალი მედიაში
2018-11-14

წლევანდელი ფესტივალის ფოკუს ქვეყანაა იტალია. იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, მე-19 კინოფესტივალზე მაყურებელი ბოლო პერიოდის იტალიური კინოს გამორჩეულ, აღიარებულ ნამუშევრებს ნახავს.

"ჩემი ქალიშვილი" („Daughter Of Mine", იტალია, გერმანია, შვეიცარია 2018)

გოგონას ორი დედა ჰყავს: ერთი, რომელმაც ის სიყვარულით გაზარდა და მეორე - მისი ბიოლოგიური დედა, რომელიც მის დაბრუნებას ითხოვს. ეს სამი ქალი პრიმიტიულ გრძნობებს ებრძვის - ისინი უმკლავდებიან თავიანთ ჭრილობებს და თან ერთმანეთთან უწყვეტ კავშირებზე ზრუნავენ. 

ლაურა ბისპური დაიბადა 1977 წელს, რომში (იტალია). ხარისხი მიიღო კინემატოგრაფის განხრით რომის უნივერსიტეტ ლა საპიენცაში. სწავლობდა კინორეჟისურის და პროდიუსინგის სკოლაში Fandango Lab workshop. 2010 წელს მიიღო დონატელოს დავითი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში „დროის მსვლელობა". 2011 წელს კი იტალიის კინოჟურნალისტთა სინდიკატმა „ვერცხლის ლენტით" დააჯილდოვა, როგორც წლის აღმოჩენა.

"ეიფორია" („Euphoria", იტალია 2018)

მატეო ახალგაზრდა, წარმატებული მეწარმეა. ის გონებაგახსნილი, მომხიბვლელი და სიცოცხლით სავსე ადამიანია. მისი ძმა, ეტორე, ისევ პატარა პროვინციულ ქალაქში ცხოვრობს, სადაც ისინი დაიბადნენ და საშუალო სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. ის მეტისმეტად ფრთხილი და პატიოსანი ადამიანია, რომელიც ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს, რადგან ეშინია, შეცდომები არ დაუშვას. ერთი შეხედვით, ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მაგრამ რთულ ვითარებაში აღმოჩენისას, ძმებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ერთმანეთი გაიცნონ.

ვალერია გოლინო დაიბადა ნეაპოლში (იტალია). 16 წლის იყო, როდესაც მისი სამსახიობო დებიუტი შედგა ლინა ვერტმიულერის მიერ გადაღებულ იტალიურ ფილმში. ჯერ კიდევ თინეიჯერმა გოლინომ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ვენეციის კინოფესტივალის ჯილდო და იტალიის ეროვნული კინოჟურნალისტების სინდიკატის პრიზი - „ვერცხლის ლენტი" მიიღო საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში, ფილმისთვის „სიყვარულის ისტორია" (1986).


„ბედნიერი ლაზარე" („Happy As Lazzaro", იტალია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია 2018)

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა გლეხის, ლაზარეს (რომელიც იმდენად კეთილია, რომ ხშირად სულელიც ჰგონიათ) და ახალგაზრდა დიდებულის, ტანკრედის (რომელიც მისდა საუბედუროდ, წარმოსახვის უნარითაა დაჯილდოებული) შეხვედრაზე. მათ განცალკევებულ პასტორალურ სოფელ ინვიოლატაში ყველაფერს სიგარეტების სასტიკი დედოფალი, მარკიზა ალფონსინა დე ლუნა განაგებს. ტანკრედსა და ლაზარეს შორის მეგობრობა მაშინ ღვივდება, როდესაც ტანკრედი ლაზარეს საკუთარ გატაცებაში დახმარებას თხოვს. ეს უჩვეულო და დაუჯერებელი ალიანსი ლაზარესთვის გამოცხადებასავითაა. მათი მეგობრობა იმდენად ძვირფასია, რომ ის ლაზარეს ტანკრედის საძებნელად დროშიც ამოგზაურებს.

ალიჩე რორვახერი სწავლობდა ტურინსა და ლისაბონში. პირველი დოკუმენტური ფილმი „პატარა სპექტაკლი" 2003 წელს გადაიღო. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის, „ციური სხეულის" პრემიერა შედგა კანში, 2011 წელს. რეჟისორის მეორე სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმა „საოცრებები" 2014 წელს, კანის კინოფესტივალზე ჟიურის გრან-პრი მოიპოვა.


"გახსოვს?" („Ricordi?", იტალია, საფრანგეთი 2018)

ესაა ახალგაზრდა წყვილის მოგონებების საშუალებით მოთხრობილი გრძელი სასიყვარულო ამბავი: მოგონებები, რომლებსაც განწყობები, მათი განსხვავებული პერსპექტივები და დრო ენაცვლება. ორი ინდივიდის მიერ განვლილ წლებში მოგზაურობა, მათი ერთად ყოფნა ბედნიერების და უბედობის, ერთმანეთზე თუ სხვებზე შეყვარებულ მდგომარეობაში, ემოციების ერთიან ნაკადსა და გრძნობების გარემოცვაში გვამოგზაურებს. ფილმის განმავლობაში, ბიჭი ხვდება, რომ სიყვარული შეიძლება მართლაც გაგრძელდეს, ხოლო გოგო ნოსტალგიით ცხოვრებას აცნობიერებს.

ვალერიო მიელი დაიბადა რომში, 1978 წლის 27 იანვარს. ის ფრანგ-იტალიელი სცენარისტი, რეჟისორი და მწერალია. ის იტალიის და ევროპული კინოაკადემიების წევრია.


„სუსპირია" („Suspiria", იტალია 1977)

სიუზი ბანიონი გერმანიაში მოგზაურობს, რომ თავისი საბალეტო უნარები დახვეწოს. ის კოკისპირულ წვიმაში ცეკვის აკადემიაში მიდის, სადაც მას უარს ეუბნებიან შეშვებაზე. აქ ის შემთხვევით დაინახავს ახალგაზრდა ქალს, რომელიც სკოლიდან გარბის. მეორე დილას ის ისევ მიდის აკადემიაში. ამჯერად, მას უშვებენ, თუმცა უეცრად გაირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელიც მან წინა საღამოს დაინახა, მკვდარი იპოვეს. ცოტა ხანში უცნაური რაღაცეები ხდება: სიუზი ავად ხდება და საგანგებო დიეტას უნიშნავენ. სკოლაში მატლები ჩნდება, ირგვლივ უჩვეულო ხმები ისმის და პიანისტ დანიელს საკუთარი ძაღლი კლავს...

დარიო არჯენტო იტალიელი საშინელებათა ფილმების რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტია, რომელიც ცნობილია თავისი განუმეორებელი ვიზუალური სტილით. ითვლება, რომ არჯენტო წარმატების მწვერვალზე 1970-80-იან წლებში იყო, ისეთი ფილმებით, როგორებიცაა „მუქი წითელი" და „სუსპირია", რომელიც მის საუკეთესო ნამუშევრადაა აღიარებული. ის ისეთი სცენარების თანაავტორიცაა, როგორიცაა „ერთხელ დასავლეთში" (სერჯიო ლეონესთან და ბერნარდო ბერტოლუჩისთან ერთად).


„იმედის მანკიერება" („The Vice of Hope", იტალია 2018)

მარია მტკიცე ნაბიჯებით მიდის, თავზე კაპიუშონი ახურავს და დრო ისევე მიიჩქარის, როგორც მდინარის დინება, რომლის პირასაც ის ცხოვრობს. ხელმოკლე ცხოვრება, ოცნებების და სურვილების გარეშე, დედაზე, ულმობელ, ძვირფასი სამკაულებით მორთულ მოხუც ქალბატონზე ზრუნვაში გაატარა. თავისი უშიშარი პიტბულის თანხლებით, მას ფეხმძიმე ქალები მდინარეზე გადაჰყავს და ჯოჯოხეთური ბედის გზაზე მიუძღვება. მაგრამ ერთხელაც მარიას იმედი ეწვევა, თავისი ოდინდელი და უძლიერესი ფორმით, ისევე სასწაულებრივად, როგორიც თავად ცხოვრებაა და ასწავლის მას, რომ ადამიანად დარჩენა ყველა რევოლუციაზე მნიშვნელოვანია.

ედოარდო დე ანჯელისი დაიბადა ნეაპოლში. მისი სრულმეტრაჟიანი ფილმებიდან საგულისხმოა „მოცარელას ისტორიები" (2011), „პერესი" (2014) და „განუყოფელი" (2016), რომელიც არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე იყო წარდგენილი. „იმედის მანკიერება" (2018) მისი ბოლო ნამუშევარია.


„ქალის სახელი" („Woman's Name" იტალია, საფრანგეთი 2018)

როგორც Cineuropa წერს, მარკო ტულიოს ფილმი „ქალის სახელი" დღეს #MeToo-ს ეპოქაში ამბოხების ნამდვილი მანიფესტია. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალ ნინაზე, რომელიც ქვემო ლომბარდიის პატარა სოფელში გადადის საცხოვრებლად, თავის ქალიშვილთან ერთად. ის შოულობს სამსახურს პრესტიჟულ კერძო კლინიკაში, სადაც ბევრი სხვა იტალიელი და უცხოელი ქალი მუშაობს. ქალების ეს მცირე და მრავალფეროვანი საზოგადოება, ყველაფრის მიუხედავად, ერთიანია და მათ, სხვათა შორის, საიდუმლო აერთიანებს. ისინი უფროსის მხრიდან შევიწროების მსხვერპლნი არიან, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. ნინა პირველი ქალი აღმოჩნდება, რომელიც დუმილს დაარღვევს და საკუთარი უფროსის წინააღმდეგ, ხმას ამოიღებს.

მარკო ტულიო ჯორდანა დაიბადა 1950 წლის 1 ოქტომბერს, მილანში (ლომბარდია, იტალია). ის არის რეჟისორი და სცენარისტი, რომელიც ცნობილია ფილმებით: „100 ნაბიჯი" (2000), „პიაცა ფონტანა: იტალიური კონსპირაცია" (2012) და „საუკეთესო ახალგაზრდობა" (2003).

 

 

მნახველთა რაოდენობა: 611