რადიკალი რეჟისორი - სერგეი ლოზნიცა
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → რადიკალი რეჟისორი - სერგეი ლოზნიცა
კინოფესტივალი მედიაში
2018-11-15

 

თბილისის მე-19 კინოფესტივალს ეწვევა უკრაინელი რეჟისორი სერგეი ლოზნიცა, რომლის 2018 წელს გადაღებული ფილმები: მხატვრული „დონბასი" და დოკუმენტურები: „პროცესი" და „გამარჯვების დღე" ნაჩვენები იქნება სექციაში „რეჟისორი ფოკუსში".

სერგეი ლოზნიცა 1964 წლის 5 სექტემბერს ბელორუსიაში, ქალაქ ბარანოვიჩში დაიბადა. სწავლობდა კიევის საჯარო სკოლაში. 1981 წელს კი კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა მათემატიკა-ფიზიკის ფაკულტეტზე და 1987 წელს, ინჟინერ-მათემატიკოსის დიპლომი აიღო.

უმაღლესის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წელი კიბერნეტიკის ინსტიტუტში, ხელოვნური ინტელექტის საექსპერიმენტო სისტემების შექმნაზე მუშაობდა. პარალელურად იაპონური ენის თარჯიმანი იყო. 1991 წელს ჩააბარა რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე და ნანა ჯორჯაძის სახელოსნო დაამთავრა. 2001 წელს ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. მას შემდეგ, სერგეი ლოზნიცამ უამრავი დოკუმენტური და რამდენიმე მხატვრული ფილმი გადაიღო. მოკლედ, ალბათ ასეც შეიძლება დავიწყოთ საუბარი რეჟისორზე, რომელსაც მსოფლიო პრესა „რადიკალური კინოს" რეჟისორად მოიხსენიებს. მისი ფილმები უიმედობისა და ინდეფერენტული საზოგადოების სამყაროზეა, სადაც აბსურდი და შავი იუმორი ერთმანეთს ენაცვლება.

ლოზნიცას ფილმებიდან პირველად „ჩემი ბედნიერება" ვნახე. მთავარი საკონკურსო პროგრამის მონაწილე ფილმი, ალბათ ერთადერთი ნამუშევარი იყო კანის 2010 წლის პროგრამაში, რომელსაც რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები მოჰყვა. აღიარებული დოკუმენტალისტისთვის, რომელიც არაერთი ფესტივალის პრიზიორი-ა, "ჩემი ბედნიერება" პირველი მხატვრული ფილმი იყო. ეს იყო ასევე პირველი შემთხვევა, როდესაც ოქროს პალმისთვის უკრაინული ფილმი იბრძოდა.

მკვდარ მამაკაცს ორნი მიათრევენ. ორმოში აგდებენ და ცემენტს ასხამენ. ამ დროს კადრში ჩანს მიწით სავსე ბულდოზერის უზარმაზარი პირი. შენკენ მოდის. აი, ისე, როგორც ლუმიერების მატარებელი. წამიც და, მიწა თავზე გეყრება, იმარხები. ეს არის ამბავი სატვირთო მანქანის მძღოლზე, რომელიც მორიგი გასვლის შემდეგ იკარგება, გზა ერევა. სადღაც აღმოჩნდება, სადღაც თუ არსად... რუსეთის მიყრუებულ სოფელში. აქ გზააბნეული გმირი სოფლის ხალხს ხვდება. ლოზნიცა ამ ფილმში არ ერიდება ახლო ხედის ხშირ გამოყენებას და ფილმს საოცარი ტიპაჟებით ამდიდრებს: არასრულწლოვანი მეძავი, მეორე მსოფლიო ომის "უსახელო" გმირი, ტყეში მოხეტიალე ბანდიტები, მოძალადე პოლიციელები... სასტიკები, მახინჯები, ბოზები, უგულოები... არა აქვს მნიშვნელობა, რომელი წელია, რომელი საუკუნეა. აქ სულ ასე იყო, - გეუბნება ლოზნიცა, - ეს იყო და არის ერთი დიდი ჭაობი, რომელიც ყველაფერს ანადგურებს, კლავს. ეს არის ფილმი-შოკი. განსაკუთრებით მძაფრი, ყოვლად მოულოდნელი დასაწყისითა და ფინალით. ამ ფილმს, რეჟისორმა ანდრეი ზვიაგინცევმა ათწლეულის საუკეთესო რუსულენოვანი ფილმი უწოდა.

ზოგადად, პოსტ საბჭოთა სივრცეში ალბათ არც ერთ სხვა რეჟისორზე არ დაობენ ამდენს, რამდენსაც მის ფილმებზე. ხშირად არჩევენ ლოზნიცას ესთეტიკას და სვამენ კითხვას - საით მიდის მისი კინო? თუმცა პრესის, და განსაკუთრებით რუსული პრესის ქილიკის მიღმა, იოლად შეიმჩნევა იმ პოლიტიკული სარჩულისადმი აგრესია, რომელიც ასე ახასიათებს მის ფილმებს. რომელიც ასე ეზიზღება კრემლის რუსეთს და რომელიც ყოველთვის დიდი დოზითა და განსაკუთრებული გამომსახველობითი ნიჭით არის გადმოლაგებული მის ფილმებში. შესაბამისად გასაკვირიც არაა, რომ რუსული მედია ლოზნიცას „ანტი რუსული" ფილმების კეთებას აბრალებს.


„დონბასი" ეს არის 2018 წელს გადაღებული ფილმი, რომლის პრემიერაც კანში, სექციაში „განსაკუთრებული ხედვა" გაიმართა. „დონბასის" სამყარო, ეს არის ადგილი, სადაც რეკეტი და კორუფცია, სიყალბის ინდუსტრია და „ძველბიჭობის" მორალი ზეიმობს. რამდენიმე ნოველისგან შემდგარ ფილმში, ადამიანური ისტორიები და მედიაში, ძირითადად ინტერნეტში გავრცელებული მასალა ერთანეთშია გადაჯაჭვული. ერთი ისტორია ნელ-ნელა გადადის მეორე ამბის თხრობაში, ამას მესამე მოჰყვება და ისტორიები უსასრულოდ ცვლის ერთმანეთს. ეს ფილმი საზოგადოებაზეა, რომელსაც არ აქვს მომავალი, ხოლო დონბასი - ტერიტორიაა, რომელიც გაიყინა, მოკვდა და ხელახლა გაცოცხლებას ითხოვს.

„ეს არის ფილმი, რომელიც კონფორმისტული პოზიციის გარეშე, ყოველგვარი ორი „რუსეთის", ორივე მხარის დანაშაულის აღიარების გარეშე აჩვენებს სისასტიკეზე, ტყუილზე, ბოროტებაზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, რომელიც საკუთარი იმპერიალისტური ვნებების დასაოკებლად ყველა ხერხს ხმარობს. თუკი უკრაინა-რუსეთის ომში არსებობს მეორე დამნაშავეც, ეს არ არის უკრაინა, ეს ყოველი ჩვენგანია, ყოველი ტელეეკრანზე ომის მაყურებელი ჩვენგანი და მთელი დანარჩენი სამყარო, რომელიც ვლადიმერ პუტინს აძლევს საშუალებას განახორციელოს ის, რაც მიზნად დაისახა," - წერდა ფილმის შესახებ ნინია კაკაბაძე "At"-ის სტატიაში.

„დონბასი" არის იმ საზოგადოების პორტრეტი, რომელშიც ადამიანურმა ურთიერთობებმა დეგრადაცია განიცადეს და ბარბაროსობამდე დაეშვნენ. ის უფრო გვიანი ანტიკური ხანის პერიოდის საზოგადოებას მოგაგონებს, ვიდრე თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ხალხს." - აღნიშნა ფილმზე გამოცემამ „ვარიეტე".

„გამარჯვების დღე" ლოზნიცას 2018 წლის კიდევ ერთი ფილმია, რომლის პრემიერაც წელს ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართა. ტრეპტოვის პარკის საბჭოთა მემორიალი მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მონუმენტია ბერლინში. ყოველწლიურად, 9 მაისს, ნაცისტებზე წითელი არმიის გამარჯვების დღის აღსანიშნავად, მემორიალთან ბევრი ადამიანი იკრიბება. ფილმში აღწერილია პროცესი დილიდან, როდესაც სტუმრების მცირე ჯგუფი, თავიანთი ძაღლების თანხლებით, პატარა ურიკას მოაგორებენ მასზე სტალინის პორტრეტით - საღამომდე, როდესაც უკანასკნელი პატრიოტული სიმღერა უკვე ნამღერია, დროშების ფონზე გადაღებული სელფებიც უკვე გაგზავნილია, არყის ბოთლები გამოცლილია და სიტყვით გამოსვლებიც დასრულებულია.

"პროცესი" მისი 2018 წლის მესამე ფილმია, რომელიც პირველად ვენეციის კინოფესტივალზე ნახა მაყურებელმა. ფილმს „სტალინური რეპრესიების საარქივო ჰორორიიც" კი შეარქვეს, რადგან ის მთლიანად სტალინის პერიოდში საჯარო პროცესების მასალისგანაა აწყობილი. 1930 წელია, მოსკოვში, სსრკ, საბჭოთა მთავრობამ საუკეთესო ეკონომისტების და ინჟინრების წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. მათ გადატრიალებაში ედებოდათ ბრალი. ბრალდებები მოიგონეს, ხოლო დამნაშავედ აღიარებულების მიმართ სასჯელის უმაღლეს ზომას - სიკვდილით დასჯას მიმართავდნენ.

„თუ თქვენ ძალიან გინდათ მართლა შეგეშინდეთ კინოში, დაივიწყეთ „Suspiria" და წადით, „პროცესის" სანახავად, - წერს რუსულენოვანი ონლაინ გამოცემა "Meduza.io", - „შიში, გარანტირებული გექნებათ. უბრალოდ აქ, მოჩვენებებისა და მანიაკების მაგივრად, კარგად გამოწყობილ ინტელიგენტ ინჟინრებს გაჩვენებენ. ზოგი ახალგაზრდაა, ზოგიც - შუა ხნის. ყველა მათგანი საკუთარი ინიციატივით გამოვა ხალხის წინაშე და მშვიდი, კარგად გასაგები ტონით საკუთარ თავს ქვეყნის მტრებად გამოაცხადებენ. რაშია ლოზნიცას დამსახურება? მან ხომ აიღო და ეს დოკუმენტური მასალა უბრალოდ დაამონტაჟა, ერთი შეხედვით. მაგრამ, არა, ლოზნიცამ, როგორც ნამდვილმა ხელოვანმა ზუსტად იცის როდის და სად უნდა გააკეთოს თავისი საქმე. ამიტომ „პროცესი" თავისი აქტუალურობით ძალზედ მწვავე ფილმია. რადგან მთავარი სპექტაკლი მაყურებლის თავში ფილმის ნახვის შემდეგ იწყება, როდესაც თითოეული მათგანი ხოდორკოვსკის, სენცოვის, Pussy Riot-ის საქმეების გახსენებას იწყებს. ფილმი ზოგ ადგილას აუტანელია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასჯელის გამოცხადებას პუბლიკა მქუხარე აპლიდისმენტებით შეხვდება. მათ სახეებზე კი გულწრფელი და თითქმის ბედნიერი ღიმილი ათამაშდება".

„გარდიანისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში, სადაც ლოზნიცა მის ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარზე „თვინიერი" საუბრობს, რეჟისორი რუსეთსა და მის პოლიტიკაზე აკეთებს აქცენტებს. რუსეთის ისტორიას ერთ დიდ "copy paste"-ის ადარებს და ამბობს, რომ ეს არის სისტემა, რომელიც "დანაშაულებრივ გონებასა და კრიმინალურ მენტალობაზეა" დაფუძნებული. ის ამატებს, რომ 1917 და 1991 წლებში მათ ჰქონდათ გარკვეული მცდელობა ავტოკრატიიდან დემოკრატიაზე გადართულიყვნენ, თუმცა ამ მცდელობამ მარცხით ჩაიარა. „ძალიან ძნელია მთელი ერის მენტალობის შეცვლა. ყველაზე დიდი ამოცანაა, როგორ შეგიძლია გაანათლო ხალხი, რომელსაც განათლება არ უნდა", - ამბობს ის.

„ჯოჯოხეთი ეს არ არის ადგილი, სადაც საშინელი ამბები ხდება. ჯოჯოხეთია მაშინ, როდესაც ეს ამბები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, თავიდან და თავიდან..." - ამბობს ლოზნიცა და ამატებს, რომ ზუსტად ეს კვებავს მის ფანტაზიასა და სამუშაოს. "ჰო, გამოდის, რომ რაღაც ჯასონურობა მაინც ხდება რუსეთში... ჯოჯოხეთსაც ხომ აქვს თავისი მიმზიდველობა", ამბობს ის ბოლოს.

 

სალომე კიკალეიშვილი

მნახველთა რაოდენობა: 465