მე-19 კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსი
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → მე-19 კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსი
კინოფესტივალი მედიაში
2018-11-15

საერთაშორისო კონკურსი - ფესტივალის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ სექციაში მაყურებელი ახალი თაობის ევროპელი რეჟისორების სადებიუტო მხატვრული ფილმების ნახვას შეძლებს. იმის გამო, რომ თბილისის კინოფესტივალი დეკემბერში ტარდება, ჩვენ საშუალება გვაქვს კონკურსისთვის წლის საუკეთესო სადებიუტო ფილმები შევარჩიოთ, რომლებმაც უკვე მოიპოვეს გარკვეული წარმატება მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალებზე.

„ბიჭები ტირიან" ("Boys Cry", იტალია, 2018)

მირკო და მანოლო საუკეთესო მეგობრები არიან. ისინი რომის გარეუბანში ცხოვრობენ. ორივე ღარიბია და მარტოხელა მშობლები ჰყავთ. სკოლის ასაკიდან მუშაობენ და დროებით სამუშაოზე ძლივს ახერხებენ, რომ თავი შეინახონ. ისინი ერთად ოცნებობენ ქალებზე, სექსზე და ფულზე, უკეთეს მომავალზე. მას შემდეგ, რაც ერთ ღამეს, მოულოდნელად კაცი შემოაკვდებათ, მათ ადგილობრივი მაფია ჩაითრევს და მათი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ცოტა ხანში, თავიანთი ახალი უფროსებისთვის ბინძურ საქმეს აკეთებენ და ხელები სისხლში აქვთ გასვრილი. მაგრამ იოლი ფულის და ბევრი ფულის შოვნის ილუზიით გაბრუებულები ვეღარ აცნობიერებენ თავიანთი არჩევანის შედეგებს.

დამიანო და ფაბიო დ'ინოჩენციო (დაიბადნენ 1988 წელს) არიან იტალიელი სცენარისტები და რეჟისორები. ბავშვობა რომის პერიფერიაში გაატარეს, ხატავდნენ, ლექსებს წერდნენ და ფოტოებს იღებდნენ. მათ კინოსარეჟისორო განათლება არ აქვთ მიღებული. „ბიჭები ტირიან" მათი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.

"სასიცოცხლო სუნთქვა" ("Breath of Life", საფრანგეთი 2018)

სიმონი გამოცდილი ექიმია, რომელიც ყოველდღე უყურებს სიკვდილს, როგორც მისი საქმის განუყოფელ ნაწილს, ვინაიდან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუშაობს. როგორც კარგ პროფესიონალს შეეფერება, ის სიკვდილის მიმართ რეზისტენტულია. მაგრამ როდესაც საავადმყოფოს უახლოეს განყოფილებაში დედამისს მოათავსებენ, ის კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მისი პირადი და პროფესიული ცხოვრება ერთმანეთს ეჯახება. სიმონის მთელი სამყარო, მისი მრწამსი ძირფესვიანად ირყევა - იმდენადაც კი, რომ საკუთარი კარიერის გადაფასებას იწყებს.


დავიდ რუ დაიბადა 1977 წელს, პარიზში. 15 წლის განმავლობაში თეატრის ჟურნალისტად, რეჟისორის ასისტენტად და კინოსაპროდიუსერო კომპანიაში Initiative Films ლიტერატურულ მენეჯერად მუშაობდა. მოგვიანებით დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის სცენარების წერა და გადაღება („მათი ახალგაზრდობა" (2012), „რეპეტიციები" (2014)). „სასიცოცხლო სუნთქვა" მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია.


"სოფლის ხმაური" ("Country Noise", გერმანია, 2018)

ბერლინში ცხოვრებით და თვითრეალიზაციის მოლოდინით დაღლილი ტონი, სასწრაფოდ ბრუნდება თავის ძველ სახლში. თუმცა, ბუბენჰაუზენის სივიწროვეში დაბრუნებული, მშობლიურ სოფელთან ყოველგვარი კავშირის აღდგენის მცდელობა უშედეგოა. საბედნიეროდ, ის ხვდება მხიარულების მოყვარულ როზას. ორ ქალს შორის მგზნებარე ურთიერთობა წარმოიშობა და ყველაფერს თანდათან აზრი მიეცემა. მაგრამ ტონის ძველი დემონები ბრუნდებიან და მისი რომანტიკული ურთიერთობა ნელ-ნელა ინგრევა.

ლიზა მილერი დაიბადა 1986 წელს, კრუმბახში, ბავარიაში (გერმანია). მადრიდსა და ლონდონში ვიზუალური ხელოვნების და ფოტოხელოვნების შესწავლის შემდეგ, ლიზა თავისუფალ კინორეჟისორად და ლექტორად მუშაობდა. ის ასწავლიდა ბავარიის საზაფხულო სკოლაში. ლიზა ულმის ხელოვანთა სახლის წევრია. 2009 წელს, მისმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა „მარი" საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა მადრიდის კომუნიკაციების, იმიჯებისა და ხმის უმაღლესი სკოლის მიერ მოწყობილ კინოფესტივალზე.

„ბროლის გედი" („Crystal Swan", ბელარუსი, აშშ, გერმანია, რუსეთის ფედერაცია 2018)

ახალგაზრდა ეველინას ხარისხი აქვს მიღებული სამართალში, მაგრამ ის აშშ-ში მოგზაურობაზე და იქ პროფესიონალ დიჯეობაზე ოცნებობს. თუმცა 1997 წელია და გოგონა პოსტ-საბჭოთა მინსკში ცხოვრობს. ბელარუსი რეჟისორის, დარია ჟუკის ამ გაბედულ დებიუტში 1990-იანი წლების ჰაუსის რიტმები იგრძნობა.

რეჟისორი დარია ჟუკი დაიბადა მინსკში, სწავლობდა აშშ-ში, სადაც ამჟამად ცხოვრობს. მან დაამთავრა ჰარვარდის და კოლუმბიის უნივერსიტეტები, მუშაობდა არხზე HBO, გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლებიც არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე მონაწილეობდა და არაერთი პრიზი დაიმსახურა.


„გოგონა" („Girl", ბელგია, ნიდერლანდები 2018)

თხუთმეტი წლის ლარა ბალერინობაზე ოცნებობს. მაგრამ სანამ თავის ოცნებას განახორციელებს, დაბადებით მამრობითი სქესის ლარამ, ჯერ საკუთარი სხეულის ფლობა უნდა ისწავლოს.

ლუკას დონტი დაიბადა ხენტში (ბელგია). მას გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „სწრაფად" (2012) და „უსასრულო" (2014), ასევე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „შუშის კანი" (2012). მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „გოგონა" (2018) კანის კინოფესტივალზე ოქროს კამერით დააჯილდოვეს.

"ირინა" („Irina", ბულგარეთი 2018)

ირინა ნახევარ განაკვეთზე მიმტანად მუშაობს, მაგრამ მას სამსახურიდან ათავისუფლებენ. იმავე უიღბლო დღეს, მისი ქმარი სერიოზულ ავარიაში მოხვდება. ის ხეიბარი ხდება და მუშაობა აღარ შეუძლია. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქმარზე, შვილზე და საკუთარ თავზე ზრუნვის მიზნით, ქალი ერთი შეხედვით მარტივ გადაწყვეტილებას იღებს: სუროგატი დედა ხდება. ეს არჩევანი წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდება.

ნადეჟდა კოსევა დაიბადა 1974 წელს სოფიაში (ბულგარეთი). ბულგარეთის ეროვნული კინო და ტელე-აკადემიის დამთავრების შემდეგ, ნადეჟდა კოსევამ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „რიტუალი" კინოალმანახისთვის „დაკარგვა და პოვნა", რომლის პრემიერაც 2005 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფორუმის სექციაში გაიმართა. ამის შემდეგ გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ომლეტი", რომელმაც სხვადასხვა კინოფესტივალებზე პრიზები მიიღო, მათ შორის 2009 წლის სანდენსის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.


"გუშინ" („Yesterday", უნგრეთი, 2018)

ფილმის მთავარი გმირია 50 წლის ვიქტორ განცი, რომელიც ფლობს წარმატებულ ბიზნესს, მსოფლიო მასშტაბით მოქმედ სამშენებლო ობიექტს. ჩრდილოეთ აფრიკის სამშენებლო ტერიტორიაზე სერიოზული პრობლემა წარმოიქმნება, რის გამოც ის უნდა გაემგზავროს ქვეყანაში (არადა, მას არ უყვარს მოგზაურობა), რომელიც ახალგაზრდობის მოგონებებს აღუძრავს; მოგონებებს, რომელიც გონების სიღრმეში უკვე დაემარხა. შეხვედრები სამინისტროებში, დეზინფორმაცია, ძველი შეყვარებულის გამოჩენა, რომელიც უცნაურად გაუჩინარდა, ადგილობრივ არაფორმალურ სივრცეში მისი ძიება: ვიქტორ განცი თანდათანობით ლაბირინთში ეშვება, სადაც აწმყო და წარსული ერთმანეთს კვეთს.

ბალინტ კანიერეში დაიბადა 1976 წელს, ბუდაპეშტში. ფილოსოფიის, კინოს ისტორიის და თეორიის შესწავლის შემდეგ, დაამთავრა კინოსარეჟისორო ფაკულტეტი ბუდაპეშტის კინოსა და თეატრის აკადემიაში, 2006 წელს. მისი ფილმის „სამუშაოს დასრულების დრო" პრემიერა შედგა ვენეციის კინოფესტივალზე და 30-ზე მეტ ქვეყანაში აჩვენეს, სადაც ათეულობით პრიზი დაიმსახურა. მოკლემეტრაჟიანი ფილმი „განთიადამდე" 2005 წელს კანის კინოფესტივალის კონკურსში მონაწილეობდა და სანდენსის კინოფესტივალისა და ევროპული კინოაკადემიის ჯილდო მოიპოვა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის (2006). ფილმი 140 ფესტივალზე აჩვენეს და 30 ჯილდო დაიმსახურა.

„მეზობლები" ("Neighbors", საქართველო, მაკედონია, 2018)

ფილმში მოქმედება ხდება ძველი თბილისის ერთ-ერთ იტალიურ ეზოში. ფილმის დასაწყისში ვხედავთ ერთ გუნდად შეკრულ მეზობლებს. მართალია, ისინი ფულის ნაკლებობას განიცდიან და სიდუხჭირეს უმკლავდებიან, მაგრამ მაინც ერთი მეგობრული ოჯახივით ცხოვრობენ. ვითარება იცვლება, როდესაც ინვესტორი მოდის და მათ დიდ თანხას თავაზობს მათ ნახევრად დანგრეული, ძველისძველი სახლების სანაცვლოდ. მხოლოდ ერთი მესაკუთრე, გია, ეწინააღმდეგება შემოთავაზებას, ვინაიდან მან დიდი ძალისხმევა გაწია სახლის საკუთარი ნაწილის რემონტში.

გიგიშა აბაშიძე დაიბადა 1988 წლის 9 იანვარს, თბილისში (საქართველო). 2012 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს უნივერსიტეტი კინორეჟისურის განხრით. მას გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი „მეზობლები".

„მშვიდი ღამე" ("Silent Night", პოლონეთი, 2017)

ადამი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და მუშაობს, პოლონეთის პროვინციაში თავის ოჯახს საშობაოდ ეწვევა. თავდაპირველად, ვიზიტის მიზეზს არ ამხელს, მაგრამ თანდათან ოჯახის წევრებს უმხელს თავის გეგმებს. მამამისს, ძმას, რომელთანაც ცუდი ურთიერთობა აქვს, დას და სიძეს - ყველას მნიშვნელოვანი როლი აქვს მის გეგმაში. ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება, როდესაც გამოაცხადებს, რომ შვილს ელოდება. ამ დროს, ძველი პოლონური ტრადიციის მიხედვით, სუფრაზე ალკოჰოლური სასმელი ჩნდება. ოჯახში ვერავინ წარმოიდგენს, თუ რამდენად დიდ გავლენას მოახდენს თითოეულის ცხოვრებაზე შობის შემდგომი მოვლენები.

პიოტრ დომალევსკი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობია. მისმა მოკლემეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმებმა ევროპის სხვადასხვა კინოფესტივალის ჯილდოები მოიპოვა. ის დრამატურგიცაა. მისმა პიესამ „ხუთი კვადრატული მეტრი" დრამატურგების ეროვნულ კონკურსში Metafory Rzeczywistostości ჯილდო დაიმსახურა. მისმა ფილმმა „უცხო" ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალ სინემაფორუმზე გრან-პრი მიიღო. მისმა პირველმა სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმა „მშვიდი ღამე" გდნიას 42-ე პოლონური კინოს ფესტივალზე გრან-პრი - ოქროს ლომები დაიმსახურა.

„ვულკანი" ("Volcano", უკრაინა, გერმანია, 2018)

უცნაური თანხვედრების სერიების შემდეგ, სამხედრო საკონტროლო-გამშვები პუნქტის დამთვალიერებელი ტურის თარჯიმანი ლუკასი სამხრეთ უკრაინის სტეპების პატარა შორეულ ქალაქში აღმოჩნდება. წასასვლელის არქონის გამო, ეს დიდი ქალაქის გარემოს შეჩვეული ბიჭი თავშესაფარს ადგილობრივი კოლორიტის, ვოვას, სახლში იპოვნის. ვოვას წყალობით, ლუკასი ანარქისტულ სამყაროში მოხვდება, როგორსაც კი ვერასდროს წარმოიდგენდა. ამ სამყაროში ცხოვრება სრულიად მოწყვეტილია რაიმე ნაცნობ სტრუქტურას. მასპინძლით და მისი შვილით, მარუშკათი, მოხიბლულ ლუკასს თანდათან უქრება პროვინციული ცხოვრების მიმართ სიძულვილი და იმ ბედნიერების ძიებას იწყებს, რომლის არსებობა არც კი იცოდა.

რომან ბონდარჩუკმა დაამთავრა კარპენკო-კარის სახელობის თეატრის, კინოს და ტელევიზიის უნივერსიტეტი. მისმა სადიპლომო ფილმმა „ტაქსის მძღოლი" რუსი კინოკრიტიკოსების გილდიის პრიზი „თეთრი სპილო" და რუსი პროდიუსერების გრან-პრი დაიმსახურა ღია კინოფესტივალ კინოშოკზე. ის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის, Docudays UA-ს მხატვრული დირექტორია. „უკრაინელი შერიფები" (2015) მისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია, რომელმაც 2015 წელს ამსტერდამის დოკუმენტური კინოს საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა და ამერიკის კინოაკადემიის 89-ე კინოდაჯილდოებისთვის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში წარადგინეს უკრაინის სახელით.

 

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 914