კინოფესტივალის ქართული პანორამა უახლესი ქართული ფილმების პანორამაა
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → კინოფესტივალის ქართული პანორამა უახლესი ქართული ფილმების პანორამაა
კინოფესტივალი მედიაში
2018-11-15

შესაძლებლობას - ვნახოთ და შევაფასოთ - როგორია უახლესი ქართული კინო, უფრო ზუსტად, როგორია ის უახლეს პერიოდში, კიდევ უფრო ზუსტად - 2017-2018 წლებში შექმნილი ფილმების მაგალითზე - ტრადიციულად, უკვე მე-19-ედ, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მოგვცემს.

თბილისის კინოფესტივალს ტრადიციიდან არც სხვა მხრივ გადაუხვევია - ფეხდაფეხ მისდევს ქართული კინემატოგრაფის მსვლელობას (როგორიც ის არის). პროგრამაში წარმოდგენილი ფილმების საერთო რაოდენობითა თუ ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, ის (ფესტივალი) ყოველთვის იცავს პრინციპს - საზოგადოებას აჩვენოს, რაც და როგორც ხდება ქართულ კინოში. არსებობისა თუ განვითარების რა სტადიაზეა ის და ზოგადად, მისი არსებობის პირობების (ტექნოლოგიები, ფინანსები, დისტრიბუცია და ა.შ.) კუთხითაც.

მონაწილე ფილმების რაოდენობა, თემატიკა, პრობლემატიკა, კატეგორია, ჟანრი, ხარისხი - ყველა ზემოხსენებული მოცემულობის შედეგია და საფესტივალო სექციებში მათი მოხვედრაც და საერთოდ, სექციების არსებობაც, მათი ყოფნა-არყოფნაც, ხელთ არსებული პროდუქციის მიხედვით განისაზღვრება.

ამ კინოსურათების ძირითადი ნაწილი მაყურებელს ჯერ არ უნახავს. ნაწილმა რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალი (დიდი თუ პატარა, ცნობილი/პრესტიჟული თუ ნაკლებად) მოიარა (გამარჯვება-ნომინირებით, წარმატებითა თუ ნაკლებწარმატებით). ნაწილი საზოგადოების მხოლოდ ძალიან ვიწრო წრეს აქვს ნანახი და ნაწილის პრემიერა უშუალოდ ფესტივალის დღეებში გაიმართება.

2018 წლის ფესტივალზე, მხატვრული ფილმების, შეიძლება არა უცნაური და მოულოდნელი, მაგრამ სამწუხარო სიმცირეა. აქ სულ ხუთ კინოსურათს ვიხილავთ - უფროსი, საშუალო და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლების ავტორობით. ახალგაზრდა, მაგრამ უკვე წარმატებული თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტის" გვერდით, ახალგაზრდა რეჟისორების დებიუტებია „დიდ კინოში". ნინო ჟვანიას „აღლუმი", გიორგი მეგრელიშვილის „ჰამლეტი" და გიგიშა აბაშიძის „მეზობლები" - „ქართული პანორამას" არაერთგვაროვან სპექტრს ავსებენ სრულმერტაჟიანების სექციაში.

არ იცვლება პრინციპი, განსხვავებულია რაოდენობა - დოკუმენტური კინოს მიმართულებით. ავტორები აქაც სხვადახვა თაობას წარმოადგენენ და განსხვავებული ქრონონომეტრაჟის ფილმებში დღევანდელობის სხვადასხვა თემებზე, პრობლემებსა და რაც მთავარია, თანამედროვე ადამიანებზე (სხვადასხვა ნიშნით გამორჩეულ და საზოგადოებისთვის, თავისთავად საინტერესო ან ნანახის შედეგად საინტერესოდ ქცეულზე) აკეთებენ აქცენტს. არც ქვეყნისა თუ მსოფლიოს ისტორიის მნიშვნელოვანი ამბები რჩება მათი ყურადღებისა თუ ინტერესის მიღმა. ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის „გამჭვირვალე სამყარო", თამარ და გიორგი ბართაიების „მტვერით მოწამლულები", ზურაბ ინაშვილის „მიუსაფარნი", ოლიკო ჟღენტის „ავერილი", ნიკა წიკლაურის „ჯარა", ელენე ნავერიანისა და თომას რეიშლინის „ლანწკი პაპას მოპარული ხარი", გიორგი გედევანიძის „ბებია", გიორგი გაგოშიძის „მამაჩემის უხილავი ხელი" - საინტერესო სარეჟისორო გადაწყვეტისა და მხატვრულ ამოცანების გადაჭრის გარდა ამ მხრივაც გამოირჩევიან.

ეს კინოსურათები თემატურად, სათქმელითა და პრობლემატიკით სრულმეტრაჟიანი ფილმების მონაცემებს უტოლდებიან. ქართული დოკუმენტური კინოს ტრადიციებსაც აგრძელებენ - ახალი პრობლემების, თემებისა და გმირების აღმოჩენის პარალელურად.

დოკუმენტური ფილმები გარკვეულ კანონზომიერებასაც ექვემდებარებიან. მათ ნაწილში საქართველოს დღევანდელობა ისტორიულ თუ ტრადიციულ ჭრილში აღიქმება და წარსულის თანამედროვეობისგან განუყოფლობის იდეას აზიარებს.

მაგალითად, როგორც ოლიკო ჟღენტი (რომელიც ფილმებში არა მხოლოდ ამბებს ყვება და აცოცხლებს, არამედ იკვლევს და მეცნიერულად აანალიზებს), „ავერილში" წარსულის წიაღში მიდის, საზოგადოებისთვის უცნობი, მაგრამ დიდი ისტორიული ფიგურისა და მოღვაწის ცხოვრებისა და ბედისწერის შესასწავლად. და ამით მეოცე საუკუნის საბჭოთა და მსოფლიო ისტორიის, ფაქტებით, მოვლენებით დატვირთულ, ვრცელ მონაკვეთსაც გვაცნობს.

ან ნიკა წიკლაური, რომელიც ფუტკარსა და ძველ, ტრადიციული მეფუტკრეობის თემაზე (რომელიც ეკოლოგიური საკითხებსაც მოიცავს) ამახვილებს ყურადღებას „ჯარაში" აღბეჭდილი სამყაროს მეშვეობით.
თამარ და გიორგი ბართაიების „მტვერით მოწამლულებში" იკვეთება ავტორებისა და მათი გმირების პოზიცია, რომ თეატრის სიყვარული, რომელიც ყოველდღიურობას ამარცხებს და ნაცრისფერი სინამდვილის მყუდროებას არღვევს, ერთ-ერთი ხსნაა თანამედროვე ადამიანისთვის არსებული (სხვადასხვა ტიპის) პრობლემისგან თავდასაღწევად.

თემატური თვალსაზრისით, იგივე და რაოდენობის მხრივ, უკეთესი (რაც ასევე ლოგიკურია) ვითარებაა მოკლე ფილმების სექციაშიც. თუმცა, აქ ავტორების ასაკი (რაც მოკლე ფილმებისთვის ბუნებრივია) ახალგაზრდობის „ზღვარს" არ ცდება. ამ თაობაშიც არიან უკვე გამოცდილები და არიან დებიუტანტები, რომლებიც პირველ განაცხადებს აკეთებენ საქართველოსა თუ სხვა ქვეყნების საზოგადოებების წინაშე.

ეს ფილმები და ავტორებია (რომლებსაც წელს თბილისის კინოფესტივალი საზოგადოებას გააცნობს): დავით გურგულიას „დიალექტი", დავით ფირცხალავას „საშლელი", ანი კვიჭიძის „დელგმა", გიორგი სიხარულიძის „ახალი წელი", დავით ჯაფარიძის „ბარი", ვაჟიკო ჩაჩხიანის „ზამთარი, რომელიც არ ყოფილა" და „ბამბის ნაყინი", ბიძინა გოგიბერიძის „1943", გიორგი გედევანიძის „ბებია", გიორგი გერსამიას „პურის სუნი", გიგა ხაინდრავას „დაცვის პოლიციელი", გრიგოლ ჯანაშიასა და ნატო გაბუნიას „ღამის მორიგე".

ეს ფილმები, ახალგაზრდა რეჟისორებისგან ალბათ ყველაზე ნათლად ასახავენ და მაყურებელს აზიარებენ, თუ როგორია ახალი ქართული კინო. თუ რას წარმოადგენს თაობა, რომელიც ახლა იწყებს კინოსაქმიანობას; რა აღელვებს ამ თაობას, რა აწუხებს, რა მოსწონს და რა არ მოსწონს, რა ახარებს და რა მიაჩნია საკუთარ, თუნდაც, მისიად; რაზე და როგორ ფიქრობს, რა ენაზე მეტყველებს და რა ხერხები „იცის" სათქმელის გამოსახატად.

ახალგაზრდა ავტორების ნაწილი (როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური მოკლე ფილმების კატეგორიაში) თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს შორი ქვეყნებიდანაც ეხმაურება - ევროპის სხვადასხვა კინოსკოლას წარმოადგენს და როგორც აქ, იქაც საკუთარი ადგილის ძიება-დამკვიდრებაშია.

და არა მარტო ძიება-დამკვიდრებაში, არამედ სხვა კულტურებთან ორგანულად შერწყმის პროცესში. მაგალითად, ახალგაზრდა რეჟისორების ინტერესი წვდება, ამ შემთხვევაში, გერმანიასაც. თანამედროვე გერმანელების ცხოვრების ფრაგმენტებსა და უკვე შორეულ, მაგრამ დაუვიწყარ დროს. მეორე მსოფლიო ომს, მამების დანაშაულის სინდრომს, რომელზეც უფროსი თაობა შვილების წინაშე პასუხს აგებს და რომლის მიღმაც ჩვეულებრივი ადამიანების ბედი იკითხება. როგორც ბიძინა გოგიბერიძის „1943-ში" ხდება და როგორც გიორგი გედავანიძის „ბებიაში", რომელიც თანამედროვე საზოგადოების ნაწილის ყოფით პრობლემებს ასახავს.

ადამიანის მარტოობის, მარტუსულობისა და გარემოსთან შეუთავსებლობა და გამოსავლის ძიება ან გარემოებების მორჩილება კვლავ რჩება ქართული მხატვრული კინოს წამყვან თემად, როგორც ეს მე-20 საუკუნის 60-70-80-იან წლებში ხდებოდა. ეს ჩანს როგორც სრულმეტრაჟიან და მოკლე, დოკუმენტურ კინოშიც. დღეს მათ რიცხვს ახალი გმირები და თემები (თანადროული) უერთდებიან, ჩვენი თანამედროვეები - ახალი სოციალური, ურბანული თუ აბსტრაგირებული რეალობის ფონზე. ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ, იბრძვიან, ნებდებიან. ანგრევენ იმას, რაც ძვირფასია. რომლებსაც სხვისი გადარჩენა უნდათ. ადამიანები, რომლებიც საპყრობილეში ხვდებიან ან ციხიდან შინ ბრუნდებიან, სადაც მათ სინამდვილეში არავინ ელოდება. ადამიანები, რომლებისთვისაც თავშესაფარი აღარსადაა.

მარტოსული ადამიანების გზები იკვეთება და ახალ შეფერილობას იძენს. ახლებურად იწყებს ჟღერას ახალ მხატვრულ განზომილელებებსა თუ ჩარჩოებში მიქცეული - „აღლუმი", „საშლელი" და იგივე მოტივები სხვაგვარი შეფერილობით ჩანს ვაჟიკო ჩაჩხიანის „ბამბის ნაყინიში", თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტში". ეს უკანასკნელი ადამიანის გარიყულობის პრობლემას, მისთვის დამახასათებელი ირონიაშერეული მძიმე მზერით აფიქსირებს. ვაჟიკო ჩაჩხიანი მოკლე ფილმში „ზამთარი, რომელიც არ ყოფილა" - ქართულ კინოში გაიშვიათებულ სატირას მიმართავს და მეტაფორებით მეტყველებს.

გიგა ხაინდრავას „დაცვის პოლიციელი" და გრიგოლ ჯანაშიასა და ნატო გაბუნიას „ღამის მორიგე" თანამედროვე ადამიანის პროფესიული პასუხისმგებლობა/უპასუხისმგებლობის საკითხებზე საუბრით, ამ პროფესიების მიღმა არსებული ადამიანების შინაგან სამყაროში იჭრებიან და ახალი კინოგმირებიც იბადებიან.

გიგიშა აბაშიძის „მეზობლების" იტალიური ეზოს ცხოვრებაც (რაც სპეციფიკურია თბილისისთვისაც და ქართული კინოსთვისაც) თანამედროვე დროში მიედინება, დღევანდელობის პრობლემებს აერთიანებს. ქვეყნის პორტრეტამდე ზოგადდება და თანამედროვე საზოგადოების სახეს აჩვენებს. რეჟისორი მოვლენებს, რომლებიც ფაქტობრივად, ყოველ ნაბიჯზე გვხვდება, სხვა და უფრო მასშტაბური რეალობის საჩვენებლად იყენებს.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის წლევანდელ პროგრამაში წარმოდგენილი ფილმების რეჟისორები (როგორც ყველა რეჟისორი ყველა ქვეყანასა და ყველა დროში) აკვირდებიან გარემოს. ცხოვრებას. საზოგადოებას. ეძებენ საკუთარ თავშიც. საკუთარ პრობლემებსაც უღრმავდებიან, პირადს სხვისად აქცევან და სხვისას საკუთრად ხდიან.

წლევანდელი პროგრამიდან გამომდინარე (როგორც წინა წლებშიც), შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქართული კინოპანორამა ასახავს იმას, რაც ადამიანებს დღეს და უშუალოდ აწუხებთ ან, რაც ყოველთვის აწუხებდათ და იზიდავდათ. რაც იყო მუდამ და რაც მარადიულად რჩება, უახლესი კინოს ობიექტივში კვლავ მოქცეულია. ეს ობიექტივი ზოგჯერ წარსულისკენაც ბრუნდება და იხსენებს, რაც იყო, ჩვენც რომ გვიამბოს, შეგვახსენოს ან აღმოგვაჩენინოს.

კიდევ შეიძლებოდა უფრო კონკრეტულ საკითხებსა და თემებზე მსჯელობა, მაგალითების მოყვანაც და თითოეულ ფილმზე საუბარიც, მაგრამ მაინც მაყურებელს ვუტოვებთ თანამედროვე ქართული კინოს გაცნობა-ამოცნობისა და არჩევანის გაკეთების უფლებას.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, პირველ რიგში, მისდევს საზოგადოებაში, ქვეყნის კულტურაში დემოკრატიული არსებობისა და კინემატოგრაფის ხელშეწყობის, განვითარების, მხარდაჭერის ურღვევ, ხელშეუხებ პრინციპებს. კარგი და უხვფილმიანია წლის პროდუქცია - ფესტივალიც საინტერესო და მრავალფეროვანი გამოდის. ერთი სიტყვით, როგორიცაა კინო - ისეთია ქართული პანორამაც. და თუ როგორია უახლესი და ჯერჯერობით უცნობი ქართული კინო, მაყურებელი თავად შეაფასებს.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 795