სექციაში “დამზადებულია გერმანიაში” 5 ფილმი იქნება წარმოდგენილი
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → სექციაში “დამზადებულია გერმანიაში” 5 ფილმი იქნება წარმოდგენილი
კინოფესტივალი მედიაში
2018-11-19

წლევანდელ ფესტივალზე სექციაში „დამზადებულია გერმანიაში" მაყურებელი ნახავს 2017-2018 წლის საუკეთესო გერმანულ ფილმებს. ფილმები, რომელთაც არაერთი პრიზი აქვთ აღებული მსოფლიო კინოფესტივალებზე, სრულიად განსხვავებულ ისტორიებს გვიყვება. ეს შეიძლება იყოს 1956 წელს გერმანიის ერთ-ერთ სკოლაში დაწყებული მდუმარე ამბოხი, კინოს ვარსკვლავის რომი შნაიდერის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ და მასთან ერთად გატარებული 3 დღე კიბერონში, ანდა თინეიჯერი ამელის ისტორია, რომელსაც სჯერა, რომ იქ, მაღალ მთაზე ის ასთმის მარწუხებისგან სამუდამოდ განთავისუფლდება.

სექცია „დამზადებულია გერმანიაში" ტრადიციულად მომზადებულია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ. თუმცა აქცე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის დახმარებით, ჩვენს ფესტივალზე კიდევ 5 გერმანული ფილმი მონაწილეობს, რომლებიც სხვადასხვა სექციებში გადანაწილდა. მათ შორისაა: საერთაშორისო კონკურსის მონაწილე ლიზა მილერის „სოფლის ხმაური", „ლიტერატურა და კინოში" წარმოდგენილი იოახიმ ლანგის „მექი დანა. ბრეხტის სამგროშიანი ფილმი" და კრისტიან პეტცოლდის „ტრანზიტი". ასევე სერგეი ლოზნიცას „დონბასი" და „გამარჯვების დღე".

„3 დღე კიბერონში" („3 Days in Quiberon", გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი 2018)

1 წლით ადრე მის გარდაცვალებამდე საფრანგეთის პატარა სოფელში, ყველაფრისგან მოშორებით, თავისი დროის უდიდესი ვარსკვლავი - რომი შნაიდერი უკანასკნელ ინტერვიუს აძლევს ორ ჟურნალისტს. ეს არის პროფესიული ამბიციითა და სიცოცხლისკენ სწრაფვით აღსავსე სამი დაუვიწყარი დღე.

ემილი ატეფი დაიბადა 1973 წელს, ბერლინში (დასავლეთ გერმანია). ის არის რეჟისორი და სცენარისტი, რომელიც ცნობილია ფილმებით „3 დღე კიბერონში" (2018), „უცხო ჩემში" (2008) და „მოლის გზა" (2005). „3 დღე კიბერონში" წარდგენილი იყო ბერლინალეს მთავარ საკონკურსო სექციაში.

„ამელი გარბის" („Mountain Miracle", გერმანია, იტალია 2017)

„ამელი გარბის" გერმანული ფილმია გოგონას შესახებ, რომელიც ასთმას ებრძვის და რომელიც სამხრეთ ტიროლის კლინიკაში სამკურნალოდ გადაყავთ. გარკვეული დროის შემდეგ, გადაწყვეტს, რომ ამ ჯოჯოხეთს თავი დააღწიოს (სწორედ ასე ეჩვენება იქაურობა) და მალე ახალ მეგობარს შეიძენს. ისინი ერთად ცდილობენ მიაღწიონ მთის მწვერვალს, სადაც, ძველი რწმენის თანახმად, გოგონა შეიძლება განიკურნოს. მრავალ ჯილდოსთან ერთად ფილმმა ბროლის დათვი აიღო ბერლინის კინოფესტივალზე (სპეციალური აღნიშვნა) სექციაში „თაობა".

ტობიას ვიმანი დაიბადა გრაიფსვალდში (გერმანია), 1981 წელს. მედია დიზაინის კურსების შემდეგ, ის მუშაობდა კინორეჟისორად, მემონტაჟედ და მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროდიუსერად. 2008 წლიდან თილ შვაიგერის საპროდიუსერო კომპანიაში Barefoot Films მნიშვნელოვან კინოპროდუქციას უშვებდა. ის არის ფილმ Grossstadtklein-ის რეჟისორი და სცენარისტი.


„წვიმის აღწერის ათასი ხერხი" („Different Kinds of Rain", გერმანია 2017)

კარი ბევრი კვირით დაიკეტა. თინეიჯერი ოთახში გამოიკეტა, რითაც თავის უმწეო მამას, დედას და დას გაემიჯნა. იაპონიაში ასეთ ახალგაზრდებს უკვე სახელიც შეარქვეს - ჰიკიკომორები (გამოკეტილები). ეს ფენომენი თანდათან დასავლეთშიც ვრცელდება. ერთადერთი, რაც ოჯახს შეუძლია, არის ის, რომ ისინი ჩაკეტილ კართან დგანან, თხოვენ, ევედრებიან, ემუდარებიან, ისტერიკაში ვარდებიან, სასოწარკვეთილებას ეძლევიან, ადანაშაულებენ, უგულვებელყოფენ და იმედს არ კარგავენ. ამასობაში, კარი თანდათან სულ უფრო იქცევა მათი ცხოვრების სარკედ.

იზაბელ პრალი დაიბადა მიუნსტერში (გერმანია), 1978 წელს. ჰამბურგში შეისწავლა გრაფიკული დიზაინი და შემდეგ - ზიგენში სწავლობდა ლიტერატურას, კულტურასა და მედიას. გადაღებული აქვს რამდენიმე სარეკლამო რგოლი, მუსიკალური ვიდეო და მოკლემეტრაჟიანი ფილმი „საკმარისი" (2011). „წვიმის აღწერის ათასი ხერხი" მისი სრულმეტრაჟიანი კინოდებიუტია.


„დახლებს შორის" („In the Aisles", გერმანია, ავსტრია 2018)

ქრისტიანი ჰიპერმარკეტის ახალი თანამშრომელია. ის მდუმარედ შედის ამ უცნობ სამყაროში: უსასრულო რიგები, საწყობების მუდმივი წესრიგი, ავტომტვირთველის სიურეალისტური მექანიზმი. მისი კოლეგა ბრუნო სასმელების განყოფილებიდან მასზე ზრუნავს, აზიარებს ვაჭრობის ყველა საიდუმლოს... მერიონს საკონდიტრო განყოფილებიდან უყვარს სიცილი და ქრისტიანთან ხუმრობა. როდესაც ქრისტიანს ის შეუყვარდება, მთელი მარკეტი მას გულშემატკივრობს. მაგრამ მერიონს ქმარი ჰყავს. ფილმს მიღებული აქვს ათენი, ბერლინის და ვალიადოლიდის კინოფესტივალის პრიზები.

ტომას შტუბერი დაიბადა 1981 წელს, ლაიფციგში. თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის „კარგად ვართ" (2006) და ნამუშევრისთვის „თინეიჯერობისთვის დამახასიათებელი შფოთვა" (2008) მიღებული აქვს უამრავი ჯილდო. სადიპლომო ფილმისთვის „ძაღლებისა და ცხენების შესახებ" (2011) გადაეცა სტუდენტური ოსკარი და გერმანული მოკლემეტრაჟიანი ფილმებისთვის განკუთვნილი ჯილდო.

„მდუმარე პროტესტი" („The Silent Revolution", გერმანია 2018)

1956 წელია. დასავლეთ ბერლინში, აღმოსავლეთ ბერლინიდან წასული სკოლის მოსწავლეები ტეო და კურტი ფილმს ნახავენ, რომელიც ბუდაპეშტის მოვლენებს ასახავს. უკან დაბრუნებულები, მეექვსეკლასელი ბიჭები გადაწყვეტენ გაკვეთილის დროს წუთიერი დუმილი მიაგონ 1956 წლის უნგრეთის ამბოხის მსხვერპლებს და ამით, სოლიდარობა გამოხატონ. ვერც მოსწავლეები, ვერც მათი მშობლები და ვერც სკოლის ადმინისტრაცია ვერ წარმოიდგენდა თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა სოლიდარობის გამოხატვის აკრძალვას.

ლარს კრაუმე დაიბადა 1973 წლის 24 თებერვალს, კიერიში (პიედმონტი, იტალია). ის არის რეჟისორი და სცენარისტი, რომელიც ცნობილია ფილმებით: „ხალხი ფრიც ბაუერის წინააღმდეგ" (2015), „მდუმარე პროტესტი" (2018) და „ცხოვრება ხანმოკლეა მახინჯ ქალთან ერთად საცეკვაოდ" (1996).

 

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილი ფილმების სრული სია:

საერთაშორისო კონკურსი:
1. „სოფლის ხმაური" (Country Noise, გერმანია, 2018) რეჟისორი: ლიზა მილერი

დამზადებულია გერმანიაში:
2. „3 დღე კიბერონში" (3 Days in Quiberon, გერმანია/ავსტრია/საფრანგეთი, 2018) რეჟისორი: ემილი ატეფი
3. „წვიმის აღწერის ათასი ხერხი" (Different Kinds of Rain, გერმანია, 2017) რეჟისორი: იზაბელ პრალი
4. „დახლებს შორის" (In The Aisles, გერმანია/ავსტრია, 2018) რეჟისორი: ტომას შტუბერი
5. „ამელი გარბის" (Mountain Miracle, გერმანია/იტალია, 2017) რეჟისორი: ტობიას ვიმანი
6. „მდუმარე პროტესტი" (The Silent Revolution, გერმანია, 2017) რეჟისორი: ლარს კრაუმე

აპოლო: კინოს მეხსიერება - ინგმარ ბერგმანი 100
7. „ინგმარ ბერგმანის ძებნაში" (Searching for Ingmar Bergman, გერმანია, 2018) რეჟისორი: მარგარეტ ფონ ტროტა

ლიტერატურა და კინო
8. „მექი დანა. ბრეხტის სამგროშიანი ფილმი" (Mack the Knife: Brecht's Threepenny Film, გერმანია, 2018) რეჟისორი: იოახიმ ლანგი
9. „ტრანზიტი" (Transit, გერმანია/საფრანგეთი, 2018) რეჟისორი: კრისტიან პეტცოლდი

რეჟისორი ფოკუსში: სერგეი ლოზნიცა
10. „დონბასი" (Donbass, გერმანია/საფრანგეთი/უკრაინა/ნიდერლანდები/რუმინეთი, 2018)
11. „გამარჯვების დღე" (Victory Day, გერმანია, 2018)

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 309