11 ფილმი ჰორიზონტებში
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → 11 ფილმი ჰორიზონტებში
კინოფესტივალი მედიაში
2018-11-20

როგორია ტაილანდის ცხოვრება ბოლო 10 წლის განმავლობაში, ცნობილი რეჟისორის აპიჩატპონგ ვირასეთაკულის აზრით, ანდა რა შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც ადგილობრივი ბანდიტი - ბინი შეგიყვარდება, სად ქრებიან ადამიანები ლი ჩან-დონის „ალმოდებულში" და რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ახალგაზრდა წყვილი თეირანიდან, სასწავლებლად ავსტრალიაში წასვლას გადაწყვეტს.

სექციაში „ჰორიზონტები" თქვენ ნახავთ:

"10 წელი ტაილანში" (10 Years Thailand, ჰონგ კონგი, ტაილანდი, 2018)

„10 წელი ტაილანდში" ფილმების ნაკრებია, სადაც ოთხი ტაილანდელი რეჟისორი თავიანთი ქვეყნის 10 წლის ისტორიას გვიყვება. თითოეული მათგანი საკუთარ ეპიზოდს გვთავაზობს, რომლებიც ერთად ტაილანდში არსებული პოლიტიკური ვითარების სურათს გვიხატავს. 2014 წლიდან ქვეყანას სამხედრო დიქტატურა მართავს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ახშობდა განსხვავებულ აზრს, ხალხის თვითგამოხატვას და პლურალიზმს.

რეჟისორები: ადიტია ასარატი, ვისიტ სასანატიენგი, ჩულაიარნონ სირიფოლი, აპიჩატპონგ ვირასეთაკული.

აპიჩატპონგ ვირასეთაკული რეჟისორი და არტისტია, რომელიც ჩიანგმაიში (ტაილანდი) ცხოვრობს. მისი ნამუშევრები, ხშირად არასწორხაზოვანი სახით მოგვითხრობენ ამბავს, სადაც პერსონალური პოლიტიკური შეხედულებები და სოციალური პრობლემები ფაქიზად უკავშირდება ერთმანეთს. მისმა ფილმებმა საერთაშორისო აღიარება და არაერთი პრიზი დაიმსახურა, მათ შორის კანის „ოქროს პალმის რტო".

„წარმოსახვითი მიწა" (A Land Imagined, სინგაპური, საფრანგეთი, ნიდერლანდები, 2018)

ფილმის მოქმედება ინდუსტრიულ სინგაპურში ვითარდება. გამომძიებელმა ლოკმა უნდა იპოვნოს დაკარგული ემიგრანტი მუშა, სახელად უონგი. უონგს სამუშაო ადგილზე უსიამოვნება შეემთხვევა და მას თავისი რეპუტაცია აღელვებს. ის დაძინებას ვერ ახერხებს და შუაღამის მოჩვენებასავით კიბერკაფეში დადის ხოლმე. ის ვირტუალურად უმეგობრდება იდუმალებით მოცულ გეიმერს და მათი მეგობრობა ავისმომასწავებლად შემობრუნდება. როდესაც უონგი მოულოდნელად ქრება, ლოკი მის ნაკვალევს ახლადწარმოქმნილ სამყარომდე მიყავს, სადაც მან სიმართლეს უნდა ახადოს ფარდა.

იეო სიევ ჰუა ეროვნულ უნივერსიტეტში ფილოსოფიას სწავლობდა. ის კინოკოლექტივ 13 Little Pictures-ის წევრი იყო. გადაღებული აქვს ექსპერიმენტული ფილმი: „ჩალის სახლში" (2009). მონაწილეობა მიიღო ტოკიოს ტალანტების 2015 წლის გამოშვებაში და ნამუშევარი საშემოდგომო შეკრებაზე წარმოადგინა, სადაც მან მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის, „წარმოსახვითი მიწა" (2018) გრან-პრი მოიპოვა. 2017 წელს ფილმი აზია-წყნარი ოკეანის კინოპრემიისთვისაც იყო წარდგენილი. მას მიღებული აქვს ჰუბერტ ბალსის სახელობის და მსოფლიო კინოს დახმარების დაფინანსება.

"ქათქათა ფერფლი" (Ash is Purest White, ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, 2018)

ციაოს უყვარს ადგილობრივი ბანდის წევრი - ბინი. მტრულ ბანდასთან ჩხუბის დროს, ციაო ბინის დასაცავად გაისვრის. ამ ერთგულების გამო, გოგონას ხუთი წლით აპატიმრებენ. ციხიდან გამოსვლისას, ბინის ძებნას იწყებს, რომ დაწყებული ურთიერთობა გააგრძელონ.

ცია ჯან-კე დაიბადა ფენიანში (შანხაი), 1970 წელს. დაამთავრა პეკინის კინოაკადემია. მისმა პირველმა სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმა „ჯიბის ქურდი" ბერლინის, ვანკუვერის და სხვა კინოფესტივალების პრიზები დაიმსახურა. მას შემდეგ, რეჟისორის ფილმების პრემიერები ხშირად იყო წარმოდგენილი ევროპის უმნიშვნელოვანეს კინოფესტივალებზე. ფილმმა „ნატიურმორტი" 2006 წელს ვენეციის კინოფესტივალზე „ოქროს ლომი" დაიმსახურა, ხოლო ნამუშევარი „ცოდვის შეხება" საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოვეს 2013 წლის კანის კინოფესტივალზე.


„ალმოდებული" (Burning, სამხრეთ კორეა, 2018)

ერთი სამსახურიდან მეორეში გადასვლის დროს, ჯონგ-სუ შეხვდება ბავშვობის მეგობარ ჰე-მის, რომელიც მის მშობლიურ ქალაქში ცხოვრობდა. ეს ორი ადამიანი ერთმანეთის მიეჯაჭვება. ჯონგ-სუ ფიქრობს, რომ იქნებ მან იპოვა კიდეც ისეთი ადამიანი, რომელიც შეუყვარდება. ჰე-მის აფრიკაში გამგზავრება უწევს და ამიტომაც, ჯონგ-სუს თხოვს, რომ მის კატას ცოტა ხნით მიხედოს. როდესაც ჯონგ-სუ მას აეროპორტში წამოსაყვანად თავისი ძველი მანქანით მიაკითხავს, ჰე-მი სხვა კაცთან ერთად ხვდება. ეს ლირიკული, პოეტური და მისტიკური ფილმი ეფუძნება იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის რომანს „ცეცხლმოდებული საქათმე".

ლი ჩან-დონი დაიბადა 1954 წელს, დეგუში. ლი ყოფილი საშუალო სკოლის მასწავლებელი და ცნობილი რომანისტია. 40 წელს გადაცილებულმა კინოში მოღვაწეობა დაიწყო. მის სადებიუტო ფილმს „მწვანე თევზი" (1997) წარმატება და კრიტიკოსების აღიარება მოჰყვა. ფილმით „ოაზისი" (2002) ლიმ უამრავი ჯილდო მიიღო, მათ შორის ვენეციის კინოფესტივალის რეჟისორების სპეციალური პრიზი.


„ფოქსტროტი" (Foxtrot, ისრაელი, შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი, 2017)

მიხაელსა და დაფნასთან სახლში ჯარისკაცები მათი ვაჟის, ჯონათანის დაღუპვის საზარელი ამბით მიდიან. მიხაელს ნათესავებისა და სამხედრო ჩინოვნიკების გადაჭარბებული გლოვა აღიზიანებს. წამლებისგან გაბრუებული დაფნა ისვენებს, მიხაელი კი ბრაზისა და რისხვის მორევში ეშვება, რომელიც თავისი გაუსაძლისი ტკივილით მისი ვაჟის თავბრუდამხვევ სამხედრო გამოცდილებას დაემგვანება.

სამუელ მაოში - 13 წლის იყო როდესაც 8 მილიმეტრიანი კამერა აჩუქეს. გადაწყვიტა ვესტერნში ნანახი ბრძოლის სცენა გადაეღო და კამერა მიმავალი მატარებლის ლიანდაგზე დადო, რომელიც ცოტა ხანში ნაწილებად დაიშალა. მიუხედავად ამისა, 18 წლის სამუელ მაოშს ათამდე ფილმი ჰქონდა უკვე გადაღებული. ამ დროს ჯარშიც გაიწვიეს, სადაც მან ტანკისტად იმსახურა. 1987 წელს დაამთავრა კინოსკოლა, მაგრამ პირველი მხატვრული ფილმი 20 წლის შემდეგ გადაიღო. როგორც ამბობს, შარვალ-კოსტუმი ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ ეცვა: ნათლობისას და ვენეციის კინოფესტივალზე, სადაც „ოქროს ლომი" მოიგო. რვა წლის შემდეგ მეორე მხატვრული ფილმის სცენარი დაწერა და "ფოქსტროტი" გადაიღო.


„მელბურნი" (Melbourne, ირანი 2014)

ამირი და სარა ახალგაზრდა წყვილია თეირანიდან, რომლებიც ავსტრალიაში, მელბურნში სასწავლებლად გამგზავრებას აპირებენ. მაგრამ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, ისინი მოულოდნელად დრამატულ ვითარებაში აღმოჩნდებიან. ამირის და სარას რეალური მოგზაურობა აეროპორტიდან შორს, საკუთარ სახლში იწყება.

ნიმა ჯავიდი ირანელი სცენარისტი და რეჟისორია, რომელიც 1980 წელს დაიბადა. ფილმებზე მუშაობა 18 წლის ასაკში, მოკლემეტრაჟიანი ფილმის „მარათონის ჩემპიონი" (2000) გადაღებით დაიწყო. მისმა პირველმა სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმა „მელბურნი" (2014), რომელმაც ვენეციის კინოფესტივალის კრიტიკოსების კვირეული 2014 წელს გახსნა, 60-ზე მეტი ფესტივალი მოიარა მსოფლიოს მასშტაბით. ამჟამად ნიმა ჯავიდი მუშაობას ასრულებს თავის მეორე სრულმეტრაჟიან ფილმზე „ზედამხედველი" (2018).

„ბალახი" (Grass, სამხრეთ კორეა, 2018)

სეულის ტრადიციულ უბანში არსებული კაფეს მეპატრონე არასდროს ჩნდება. მაგრამ ვიგებთ, რომ მას კლასიკური მუსიკა უყვარს. ახალგაზრდა ქალი ახალგაზრდა მამაკაცს თავისი მეგობრის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს. მოგვიანებით, ეს ქალი მამაკაცს კომპლიმენტს ეუბნება, რომელიციატაკს დაბნეული აშტერდება. საუბრის დროს, ვხედავთ გვერდით მაგიდას, რომელთანაც ქალი ზის ლეპტოპით. ის უნებურად ისმენს მათ დიალოგს და წარმოსახვით განავრცობს მას.

ჰონ სანსუ დაიბადა სეულში (სამხრეთ კორეა), 1960 წელს. სწავლობდა ჩუნანის უნივერსიტეტში, კალიფორნიის ხელოვნების და ოსტატობის კოლეჯში, ჩიკაგოს ხელოვნებისა და ხელობის კოლეჯში და ჩიკაგოს დაოსტატებისა და ხელოვნების ინსტიტუტში. 1996 წლიდან დღემდე მან 21 ფილმი გადაიღო და სცენარი დაწერა მათთვის.

„ჩვენი დრო" (Our Time, მექსიკა, საფრანგეთი, გერმანია, დანია, შვედეთი, 2018)

ოჯახი მექსიკაში, ქალაქისპირა სოფელში ცხოვრობს. ესთერი რანჩოზე ზრუნავს, ხოლო მისი ქმარი, მსოფლიოში ცნობილი პოეტი, სახელად ხუანი, ცხოველებს ზრდის. როდესაც ესთერს სიგიჟემდე შეუყვარდება ცხენების მწვრთნელი ფილი, წყვილი ცდილობს, როგორმე თავი დააღწიოს ემოციურ კრიზისს.

კარლოს რეიგადასი დაიბადა მეხიკოში. მისმა სრულმეტრაჟიანმა დებიუტმა „იაპონია" (2002) კანის კინოფესტივალზე სპეციალური ჯილდო - „ოქროს კამერა" მოიპოვა. 2007 წელს ფილმისთვის „მშვიდი სინათლე" კანის კინოფესტივალზევე მიიღო ჟიურის პრიზი. მის სხვა ნამუშევართაგან საგულისხმოა „ბრძოლა სამოთხეში" (2005) და „სიბნელის შემდეგ სინათლე" (2012).


„აპოლო ღაზიდან" (The Apollo of Gaza, შვეიცარია, კანადა, 2018)
დოკუმენტური

2013 წელს, ხელოვნების, მშვენიერების და წინასწარმეტყველების ღმერთის, აპოლონის ქანდაკება აღმოაჩინეს ღაზას სექტორში, რომელიც მოგვიანებით უცნაურ ვითარებაში გაუჩინარდა. ცოტა ხანში ამ განძის შესახებ ჭორი გავრცელდა. ფილმი, რომელიც იძიებს ამ ამბავს და იმავდროულად, ისტორიაზეც მსჯელობს, წარმოგვიდგენს ნაკლებად ცნობილ რეალობას იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ომით მიყენებული ჭრილობები და ულმობელი ბლოკადის შედეგები ატყვია. აქ ისევ ღირსებით და დაუმორჩილებლობით ცხოვრობენ.

ნიკოლა ვადიმოვი დაიბადა 1964 წელს, ჟენევაში. ის არის დოკუმენტური და მხატვრული ფილმების რეჟისორი, რომელთაგანაც საგულისხმოა მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმი „საიდუმლოებანი" (1997). მისი ბოლო ნამუშევრები: „ჟან ციგლერი - ნებისყოფის ოპტიმიზმი" (2016), „სპარტანელები" (2014), „ოპერაცია თავისუფლება" (2012) და „Aisheen" ისეთ პრესტიჟულ კინოფესტივალებზე აჩვენეს, როგორებიცაა ბერლინალე, ლოკარნოს კინოფესტივალი და კანის რეჟისორების ორკვირეული.


„გვიანია, რომ მოკვდე ახალგაზრდა" (Too Late to Die Young, ჩილე, ბრაზილია, არგენტინა, ნიდერლანდები, ყატარი, 2018)

ჩილეში 1990 წლის ზაფხულია. ოჯახების მცირე ჯგუფი ანდების კალთებთან, განცალკევებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს და ქალაქის ექსცესებისგან შორს, ახალ სამყაროს აშენებენ დიქტატურის შემდგომ მოსული თავისუფლების შეგრძნებით. ცვლილებებისა და ანგარიშსწორების ამ ხანაში, ამ უნაყოფო მიწაზე მეზობლად მცხოვრები 16 წლის სოფია, ლუკასი და 10 წლის კლარა ებრძვიან მშობლებს, პირველ სიყვარულს, შიშს და ახალი წლის ზეიმისთვის ემზადებიან. შეიძლება ისინი ქალაქის საფრთხისგან შორს ცხოვრობენ, მაგრამ ბუნებაც არანაკლებ სახიფათოა.

დომინგა სოტომაიორი სწავლობდა აუდიოვიზუალურ ხელოვნებას ჩილეს კათოლიკურ უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხი რეჟისურაში მიიღო ბარსელონაში, კატალონიის კინო და აუდიოვიზუალური ხელოვნების სკოლაში. 2015 წელს მისი საშუალომეტრაჟიანი ფილმის „მარის" პრემიერა შედგა ბერლინალეს ფორუმზე. 2009 წელს მან სხვებთან ერთად დააფუძნა მოწინავე საპროდიუსერო კომპანია „სინესტასიონი" სანტიაგოში, სადაც ის ლათინურ ამერიკაში საავტორო კინოს პროდიუსირებას ეწევა.

„ზამა" (Zama, არგენტინა, ბრაზილია, ესპანეთი, საფრანგეთი, მექსიკა, ნიდერლანდები, პორტუგალია, აშშ, ლიბანი, 2017)

ფილმი ეფუძნება ანტონიო დი ბენედეტოს 1956 წლის რომანს, რომელიც მოგვითხრობს მე-17 საუკუნის ესპანელ ოფიცერ დონ დიეგო დე ზამაზე. ის დაბანაკებული იყო ასუნსიონში და ბუენოს აირესში გადაყვანას ელოდა.

ლუკრესია მარტელი დაიბადა 1966 წელს, სალტაში, არგენტინის ჩრდილოეთით. საცხოვრებლად გადავიდა ბუენოს აირესში, სადაც ეროვნული კინოსკოლა დაამთავრა. მან თავდაპირველად რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, მათ შორის „მკვდარი მეფე" (1995), რომელმაც არაერთი ჯილდო დაიმსახურა საერთაშორისო კინოფესტივალებზე. 2001 წლიდან სამი სრულმეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული: „ჭაობი" (2001), „წმინდა გოგონა" (2004) და „უთავო ქალი" (2008).

 

 

მნახველთა რაოდენობა: 550