თბილისის მე-19 კინოფესტივალის პრესკონფერენცია
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → თბილისის მე-19 კინოფესტივალის პრესკონფერენცია
კინოფესტივალი მედიაში
2018-11-26

დღეს ლოლიტაში (ჭოველიძის 7) გაიმართა თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის პრესკონფერენცია. ფესტივალის პროგრამისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს ფესტივალის დირექტორებმა გაგა ჩხეიძემ და ნინო ანჯაფარიძემ. ასევე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ზურა მაღალაშვილი და თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია. ფესტივალის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლება, ელჩებმა, პრესკონფერენციაზე ისაუბრეს იმ ფილმებზე, რომელთა ნახვასაც საელჩოების დიდი თანადგომის შედეგად, ჩვენს ფესტივალზე შეძლებთ.

შეგახსენებთ, რომ წლევანდელი ფესტივალის ფოკუს ქვეყანაა - იტალია, ხოლო პროგრამაში „ბალტიისპირეთი - 100" უახლესი ლიეტუვური, ლატვიური და ესტონური ფილმები იქნება ნაჩვენები.

სექციაში „რეჟისორი ფოკუსში" თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უკრაინელ რეჟისორს, სერგეი ლოზნიცას უმასპინძლებს. კინოფესტივალის ფარგლებში ლოზნიცას ახალი ფილმები „დონბასი", "პროცესი" და "გამარჯვების დღე" იქნება ნაჩვენები. სერგეი ლოზნიცას საპატიო პრომეთეს ჯილდო გადაეცემა.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის წლევანდელი თემა ლიტერატურაა. „ლიტერატურისა და კინოს" სექციაში კინომოყვარულები მწერლებზე გადაღებული ბიოგრაფიული ნამუშევრებისა და ნაწარმოებთა ეკრანიზაციების ნახვას შეძლებენ.

სექციის „დამზადებულია გერმანიაში" ფარგლებში უახლეს ფილმებზე დასწრებას შეძლებთ. ის საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ინიციატივით იქმნება.

შვედეთის საელჩოსა და შვედეთის კინოს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ლეგენდარული შვედი კინორეჟისორის, ინგმარ ბერგმანის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენებ ფილმთა შორის იქნება „პერსონა", „შემდგომის სონატა", „მარწყვის მდელო".

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი, პიტერ გრინევეი ეწვევა. მისი ფილმებია: „მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და ცოლის საყვარელი", „რვანახევარი ქალი", „პროსპეროს წიგნები". ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში „ბაფტას" მფლობელი რეჟისორი მასტერკლასს ჩაატარებს.

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს ნინო ჟვანიას ფილმით „აღლუმი" გაიხსნება. 8 დეკემბერს კი, ფესტივალის დახურვის ცერემონიალის შემდეგ ნაჩვენები იქნება რუპერტ ევერეტის „ბედნიერი უფლისწული". ნამუშევარი ოსკარ უაილდის ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე მოგვითხრობს.

დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდებიან ოქროსა და ვერცხლის პრომეთეს მფლობელები. ფესტივალის მთავარი ჯილდოს მოპოვებას საერთაშორისო კონკურსში მონაწილე ევროპელი კინორეჟისორები შეეცდებიან, თავიანთი სადებიუტო ნამუშევრებით. კონკურსში მონაწილე 10 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმიდან ერთი ქართულია - გიგიშა აბაშიძის „მეზობლები".

საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ლიეტუველი რეჟისორი, რაიმუნდას ბანიონისია. წევრები არიან: ნიმა ჯავიდი, არჩილ ქიქოძე, კანაკო ჰაიაში, სელინ ნუსი.

ეროვნული კონკურსის „ქართული პანორამის" ფარგლებში დაჯილდოვდება საუკეთესო ფილმები სამ კატეგორიაში: სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი.

ქართულ პანორამას, ტრადიციულად, გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეოინსტიტუტ „არსენალის" და ბერლინის კინოფესტივალის „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის" დამფუძნებლები, ერიკა და ულრიხ გრეგორები შეაფასებენ ესპანელ კინოკრიტიკოს ევა პიედროსთან ერთად.

კინოფესტივალის ოფიციალური ჯილდოების გარდა, მეორე წელია პრიზს ევროკავშირი აწესებს. EU4GEORGIA-ს ინიციატივით დაკომპლექტებული ჟიური რჩეულს იმ 7 ფილმს შორის გამოავლენს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის თემატიკას ეხმიანებიან.

„პირველი არხის" გადაცემის „ილუზიონის"ავტორები, კინომცოდნეები ბაჩო ოდიშარია და გური სულთანიშვილი საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთა შორის ტელეპროექტის რჩეულს გამოავლენენ.

ამას გარდა, კიდევ ერთი პრიზი აქვს დაწესებული "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას". სპეციალური ჟიური, რომელიც საუკეთესო მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ფილმს შეარჩევს სექციიდან "ქართული პანორამა", გამარჯვებულებს 300 ლარის ოდენობის ვაუჩერს გადასცემს.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დასკვნით დღეს, 9 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში" იორგოს ლანთიმოსის ფილმის, „ფავორიტის" პრემიერა შედგება. ფილმში მთავარ როლებს ემა სტოუნი, რეიჩელ ვაიზი და ოლივია კოლმანი ასრულებენ.

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო „პრომეთე" სახელგანთქმულ ქართველ რეჟისორს, გიორგი შენგელაიას გადაეცემა. შენგელაიას 1962 წელს გამოსული ფილმის, „ალავერდობის" განახლებული, დიგიტალური ვერსიის ჩვენება გაიმართება.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 270