ადეკვატური, მაგრამ ირაციონალური პიტერ გრინევეი
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → ადეკვატური, მაგრამ ირაციონალური პიტერ გრინევეი
კინოფესტივალი მედიაში
2018-11-26

 

თბილისის მე-19 კინოფესტივალს ესტუმრება ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი პიტერ გრინევეი, რომელიც დაინტერესებული აუდიტორიისთვის მასტერკლასს გამართავს. ფესტივალზე ასევე ნაჩვენები იქნება 1989 წელს გადაღებული მისი ფილმი „მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და ცოლის საყვარელი" (The Cook, the Thief, His Wife & Her Lover).

„მარტო იმიტომ, რომ გაქვს თვალები, არ ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია დანახვა" - პიტერ გრინევეი.

მიწაზეა განთხმული. მისი სახე ახლო ხედით ჩანს. ცა ლურჯია, ბალახი - მწვანე, გრძნობ რომ გარეთ თბილა და ძირს გდება, ძალიანაც სიამოვნებს. უკან ველოსიპედია აყუდებული და სახესთან ახლოს, პეპელა ფარფატებს. პეპელა, მწერი, რომელიც მის ფილმებში ასე ხშირად გჭრის ხოლმე თვალს.

როგორც წესრიგის მოყვარულ მანიაკს, აქაც, თავის პირად ვებ-გვერდზე ყველაფერი ზუსტად და სიმეტრიულად ჩამოწერილ/გადანაწილებული აქვს: ფილმები, რიცხვები, მწერები, კატალოგები, სხვადასხვა ქვეყანაში გამართული გამოფენები, ინსტალაციები...

პიტერ გრინევეი 1942 წლის 5 აპრილს ინგლისში დაიბადა. რეჟისორი, მწერალი, მხატვარი და კურატორია. დამთავრებული აქვს უოლთემსტოუს ხელოვნების კოლეჯი. 1964 წლიდან მოყოლებული, მთელი 11 წლის მანძილზე დოკუმენტური ფილმების მემონტაჟედ მუშაობდა. 1966 წელს დაიწყო ექსპერიმენტული მოკლემეტრაჟიანების და დოკუმენტური ფილმების გადაღება. ის 18 მხატვრული ფილმის, 15 დოკუმენტურის, 7 სატელევიზიო ფილმის, 37 ინსტალაციისა და გამოფენის, 46 წიგნის ავტორი და თანაავტორია.

სიუჟეტის ტრადიციულ თხრობაზე უარს ამბობს, იმდენად დიდ ყურადღებას უთმობს ფერწერას და მის სიმბოლიკას. სწორედ ამიტომ, პიტერ გრინევეის ფილმები ერთგვარი ეკრანული ტილოებია, სადაც უამრავი საიდუმლო საოცარი სიმეტრიის ქვეშ იმალება. თუ ზოგიერთი მისი ფილმი, მუზეუმში გამოფენილ გადაპრანჭულ ტილოს მოგაგონებთ, ზოგიერთი - ექსპერიმენტულ თეატრალურ დადგმას გაგახსენებთ, -„ზოგადად, მე ფილმის თხრობის ტრადიციული მეთოდის წინააღმდეგი ვარ", ამბობს ის ერთ-ერთ ინტერვიუში, - თუმცა ფაქტია, ამ მასალას ორგანიზება და დახარისხება სჭირდება. სწორი თხრობის გარდა, უამრავი სხვა გზა არსებობს. ამიტომ მე ბევრ ექსპერიმენტს ვატარებ."

მისი აზრით სამყაროში მხოლოდ ორი თემა არსებობს, რომელიც ასევთქვათ ხელოვნებას იმსახურებს - სიყვარული და სიკვდილი. რეჟისორის აზრით ეს ორი თემა განაგებს და აცოცხლებს სამყაროს, და ამავდროულად მართავს ადამიანს. სიყვარულის გამოხატულება მასთან სექსის, შიშველი სხეულების, მსხვილი ხედით გადაღებული გენიტალიების ჩვენებით ხდება. როგორც ჭეშმარიტი პოსტმოდერნისტი ის ვნებისა და სიკვდილის მარადიული, უწყვეტი წრის შესახებ კითხვებს კი არ სვამს, არამედ ფაქტების კონსტატაციითა და პროცესის ტკბობით კმაყოფილდება.

ხშირად იმეორებს რომ „კინო მოკვდა" და თარიღსაც კი ასახელებს - 1983 წლის 31 ოქტომბერი, დღე, როდესაც ინფრაწითელი შუქით აღჭურვილი ტელევიზორის გადასართველი პულტი გაჩნდა. თვლის, რომ ამით რეჟისორს მონტაჟის უფლება წაერთვა, რადგან იმ დღიდან, მაყურებელმა თავად შეძლო დისტანციურად ეკრანული შემოქმედების მართვა. ის თავად გახდა რეჟისორი. „ნუ ღელავთ კინოზე, ეს ეფემერული ქმნილებაა, რომელიც მალე შეწყვეტს არსებობას. არსებობს ხელოვნების ექვსი დარგი, რომელიც მუდმივად იყო: არქიტექტურა, თეატრი, მუსიკა, ქანდაკება, ლიტერატურა და მხატვრობა. მაგრამ დრო და დრო გამოჩნდებიან ხოლმე ხელოვნების ეფემერული დარგები, რომლებიც სხვა ხელოვნების დარგების ელემენტებს იყენებენ. და ისინი დროთა განმავლობაში ქრებიან, რაც სავარაუდოდ კინოსაც დაემართება. კინოს ხომ არაფერი გამოუგონია".

მისი შემოქმედება ასოცირდება ბაროკოს კინემატოგრაფიულ მიმართულებასთან, რომელიც დიდ ბრიტანეთში 70-80-იანი წლებიდან (კენ რასელი, დერეკ ჯარმენი, რიდლი სკოტი) იწყება. ამ მოძრაობის დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც ყველაზე მკაფიოდ გრინევეისთან გამოჩნდა - ვიზუალური სიმდიდრე და ბრწყინვალებაა. მისი ბაროკალური ფილმები ფერების ნამდვილი ბუნტია, დახვეწილი კოსტიუმებით, ცოტა უცნაური დეკორაციებითა და პროვოკაციური სახეებით. ანტირეალიზმია. ეკრანზე ხელოვნურ და პირობით სამყაროს ქმნის, რადგან უნდა რომ მაყურებელს ფილმის ყურებისას არ დაავიწყდეს - ის კინოს უყურებს, ფილმს, და არა ნამდვილ ცხოვრებას.

რემბრანტისა და ვერმეერის მხატვრობის მოყვარული, ხშირად „აღადგენს" ტილოებს ეკრანზე. მისთვის სიმეტრიულ წყობას და გრძელ, უსასრულო კადრებს დიდი მნიშვნელობა აქვს. და როგორც წესი, მისი გმირები ხელოვანები არიან: მხატვრები, არქიტექტორები, კომპოზიტორები, რეჟისორები, მწერლები.

დრამა "მხატვრის კონტრაქტი" (The Draughtsman's Contract, 1982) გრინევეის პირველი მხატვრული ფილმია, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა რეჟისორს. ფილმში კამერა თითქმის არ მოძრაობს და მუდმივ სტატიკურ მდგომარეობაშია. „არა, ამ ფილმში კამერა მოძრაობს, მაგრამ შეიძლება სულ ერთხელ, აი სადილის სცენის დროს... ისიც იმიტომ, რომ გასაგები იყოს - დიახ, მას მოძრაობა შეუძლია."... „ჩემს ფილმებში კამერა არ იყურება ძირს, იმისათვის რომ უცბად „ამოხტეს" მსახიობის ცხვირთან, ის არ მიყვება გმირს ტუალეტში, როგორც ეს თანამედროვე კინოში ხდება. თუ კამერა მოძრაობს, მაშინ ამისათვის სერიოზული მიზეზი უნდა არსებობდეს," - ამბობს გრინევეი.

„მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და ცოლის საყვარელი" (The Cook, the Thief, His Wife & Her Lover, 1989) - ფართო აუდიტორიისთვის მისი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ნამუშევარია. "როლინგ სთოუნის" გამოცემამ მოკლედ ასე აღწერა ფილმი: „აქ სრული მენიუა: გინებით, ჟიმაობით, ქურდობით, საჭმლის მომზადებით, ჭამით, დალევით, ბოყინით, დახრჩობით, ღებინებით, დეფეკაციით, ჩარტყმებით, წიხლების რტყმით და მკვლელობით. აჰ, ჰო, იქ ერთი ტიპია რომელსაც კითხვა უყვარს, მაგრამ ის ცუდად ამთავრებს ბოლოს".

90-იან წლებში კინოგადაღების ახალი ხერხების გამოყენება დაიწყო, უფრო სწორად, ის თითქოს გადაღებული ვიდეომასალას ორგანიზებას უკეთებდა.

გრინევეის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია „ტულს ლუპერის ჩემოდანი" რომელსაც რეჟისორი „მომავლის კინოს სოციალურ და პოლიტიკურ მანიფესტს" ეძახდის. ჩაფიქრებული იყო, რომ პროექტი გააერთიანებდა ოთხ სრულმეტრაჟიან ფილმს, ტელესერიალს, რამოდენიმე ვებ-საიტს, წიგნებსა და 92 DVD-დისკს. ამბის მთავარი გმირია ტულს ლუპერი, რომელიც დამნაშავეა ჯაშუშობაში, მკვლელობასა და ფულის გაფლანგვაში. გრინევეი ამბობს, რომ მან ეს პროექტი ახალი გამომსახველობითი ენის საპასუხოდ შექმნა, რომელიც გამოხატვისა თუ ამბის გადმოცემის ხუთ საშუალებას: კინოს, ტელევიზიას, DVD-დისკებს, ინტერნეტსა და წიგნებს აერთიანებს. ეს არის ძველისა და ახლის სინთეზი, რომელიც დაამტკიცებს მის თეზის - „კინო მოკვდა, გაუმარჯოს კინოს". „ჩემი ფილმები XX საუკუნის ბოლო 60 წლის შესახებ გამოგონილი ისტორიაა. მეოცე საუკუნის ისტორია ბევრ რამეში ასოცირდება ატომური ბომბის ისტორიასთან. თავისთავად, ატომური ბომბი - ეს პირველ რიგში ქიმიური ელემენტი ურანია, რომელიც 92 ნომერია მენდელეევის ცხრილში. ზუსტად აქ, მე ვიწყებ სიმბოლურ თამაშს - მთელი ჩემი ფილმი რიცხვი 92-ის გარშემო ტრიალებს. მასში 92 ჩემოდანთან 92 მსახიობია, ხოლო სიუჟეტი - 92 ამბის ჯაჭვია." ციფრების და ამბების მწყობრში მოყვანა თუ კატალოგიზაცია, გრინევეის ყველაფრის შეუძლია - ამბების, ისტორიების, ადამიანების.

„დიახ, მე ვაპირებ გადავიღო ფილმი რემბრანტზე. ის ერთი თვალით თითქმის ვერ ხედავდა. მე ვფიქრობ, რომ მხატვარი ჯობია ერთი თვალით ხედავდეს, რადგან ორი თვალი გამოსახულებას მოცულობაში აღიქვამს, ეს კი ეწინააღმდეგება ეკრანსა და სურათს, რომელიც ორგანზომილებიანია". ფილმი „ღამის გუშაგის საიდუმლოებები" (Nightwatching, 2007) თავისი დეკორაციებით, კადრების კომპოზიციური ჰარმონიულობითა და შუქ-ჩრდილების თამაშით, რემბრანტის 1642 წელს შექმნილი ამავე სახელწოდების ნამუშევარს ეკრანზე აცოცხლებს. „დარწმუნებული ვარ, რემბრანტს ჩვენს დროში რომ ეცხოვრა, ის შუქის მაგივრად ჰოლოგრამებს გამოიყენებდა. და შესაძლოა „პოსტ-პოსტ-ჯეიმს კამერონი" გამხდარიყო", აღნიშნა მან ერთგან.

„ერთი ღამით, ლეონარდოს „საიდუმლო სერობა" ნამდვილი მულტიმედია ვარსკვლავი გახდა", წერს „ნიუ-იორკ თაიმსი" გრინევეის ინსტალაციაზე, რომელიც 2008 წელს მილანში სანტა-მარია-დელე-გრაციეს ეკლესიაში გაიმართა. მუსიკის, განათების, კომპიუტერული ეფექტებისა და ჰოლოგრამების გამოყენებით, გრინევეიმ შექმნა იესოს და მოციქულების საიდუმლო სერობის შთამბეჭდავი შოუ. „გარდიანისთვის" მიცემულ ინტერვიუში გრინევეიმ აღნიშნა - „საიდუმლო სერობა" გადამწყვეტი, ბოლო მომენტია, როდესაც ქრისტე, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ბანქოს ხსნის და თავის მოციქულებს ეუბნება, რომ ერთ-ერთი მათგანი მას უღალატებს. ეს არის ზუსტად ის მომენტი, რომელიც ლეონარდომ ამ ნახატში გადმოგვცა. ასე ვთქვათ ისტორიის გაყინული წამია. ჩვენთან (იგულისხმება მედია არტი) განათების სამი წყაროა. ერთი პირდაპირ სურათს ეცემა, რადგან ჩვენ არ ვიცით ის ადგილი, არქიტექტურული დეტალები იმ სახლისა, სადაც მოქმედება ვითარდება. მაგრამ ჩვენ ვარაუდობთ, რომ შუქი სურათის მარცხენა ფანჯრიდან შემოდის. და აღვწერეთ მზის შუქის მოძრაობა, რომელიც ნელ-ნელა გადაადგილდება". უყურებ იუთუბზე ატვირთული ინსტალაციას და ეკრანიდან წამოსული მძლავრი შუქი ისე გჭრის თვალს, რომ წამით შეიძლება დაბრმავდე კიდეც, თვალების დახუჭვას გაიძულებს.


„და საერთოდ, მე არ ვგრძნობ თავს რეჟისორად, უფრო ჰიბრიდი ვარ. მაინტერესებს იდეების გადმოცემა სურათებით, ვიზუალური საშუალებებით. მე image-maker-ი ვარ" - პიტერ გრინევეი.

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 423