დღეს, თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნაა
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → დღეს, თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნაა
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-03

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს 20:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში" ნინო ჟვანიას ფილმით „აღლუმი"გაიხსნება.

კინოფესტივალის გახსნას დაესწრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი. გახნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვლენ, კინოფესტივალის დირექტორი, გაგა ჩხეიძე და იტალიის ელჩი საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლი.

საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ლიეტუველი რეჟისორი, რაიმუნდას ბანიონისია. ჟიურის დანარჩენი წევრები არიან: ნიმა ჯავიდი, არჩილ ქიქოძე, კანაკო ჰაიაში და სელინ ნუსი.

ეროვნული კონკურსის „ქართული პანორამის" ფარგლებში დაჯილდოვდება საუკეთესო ფილმები სამ კატეგორიაში: სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი.

ქართულ პანორამას, ტრადიციულად, გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეოინსტიტუტ „არსენალის" და ბერლინის კინოფესტივალის „ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის" დამფუძნებლები, ერიკა და ულრიხ გრეგორები შეაფასებენ ესპანელ კინოკრიტიკოს ევა პიედროსთან ერთად.

კინოფესტივალის ოფიციალური ჯილდოების გარდა, მეორე წელია პრიზს ევროკავშირი აწესებს. EU4GEORGIA-ს ინიციატივით დაკომპლექტებული ჟიური რჩეულს იმ 7 ფილმს შორის გამოავლენს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის თემატიკას ეხმიანებიან.

ფესტივალის განმავლობაში, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წარმომადგენლები ქართულ პანორამაში შემავალ ფილმებს შეაფასებენ და თითოეულ ქვეკატეგორიაში (სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმი) საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენენ.

„პირველი არხის" გადაცემის „ილუზიონის"ავტორები, კინომცოდნეები ბაჩო ოდიშარია და გური სულთანიშვილი საერთაშორისო კონკურსის მონაწილეთა შორის ტელეპროექტის რჩეულს გამოავლენენ.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი, პიტერ გრინევეი ეწვევა. მის ანგარიშზე ისეთ ფილმებია, როგორებიცაა „მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და ცოლის საყვარელი", „რვანახევარი ქალი", „პროსპეროს წიგნები". ფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში „ბაფტას" მფლობელი რეჟისორი მასტერკლასს 7 დეკემბერს თიბისი არტ გალერეაში ჩაატარებს.
ფესტივალის გამარჯვებულები 8 დეკემბერს გამოვლინდებიან. კონკურსში მონაწილე 10 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმიდან ერთი ქართულია - გიგიშა აბაშიძის „მეზობლები".

8 დეკემბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიალის შემდეგ ნაჩვენები იქნება რუპერტ ევერეტის „ბედნიერი უფლისწული". ნამუშევარი ოსკარ ვაილდის ცხოვრების უკანასკნელ დღეებზე მოგვითხრობს.

მნახველთა რაოდენობა: 443