კულტურული ცხოვრება საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → კულტურული ცხოვრება საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-03

თბილისის მე-19 კინოფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში წარმოგიდგენთ ღონისძიებების სერიას - კულტურული ცხოვრება საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ღონისძიებები პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

4 დეკემბერს 14:00-ზე კინოთეატრი "ამირანის" მეორე დარბაზში პირველი ქართული რესპუბლიკის მკვლევარი, სალომე ჭანტურიძე გაუძღვება დისკუსიას, რომელიც ამ პერიოდის კულტურულ ცხოვრებას შეეხება. დისკუსიის შემდეგ, დარბაზში გაიმართება ალექსანდრე წუწუნავას პირველი ქართული მხატვრული ფილმის "ქრისტინეს" და ანდრო ჭიაურელის ამ პერიოდის შესახებ გადაღებული ფილმის "საქართველოს დამოუკიდებლობის ქრონიკები" ჩვენება.

კინოთეატრ "ამირანის" ჰოლში გამოფენილი იქნება ამ პერიოდის ქართული კინოს ამსახველი ფოტომასალა, ამასთან ერთად, კინოთეატრის ჰოლის ეკრანებზე ფესტივალის განმავლობაში იტრიალებს ფილმი "ქრისტინე".

"ქრისტინე" პირველი ქართული მხატვრული ფილმია, რომელიც 1916-1918 წლებში ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით გადაიღო თეატრის რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ. ფილმი სოფელში მცხოვრები ქალის, ქრისტინეს, ცხოვრებაზეა, რომელიც იძულებული ხდება, დატოვოს სოფელი და ქალაქში გადმოვიდეს საცხოვრებლად, რადგან შერცხვენილს, იქ აღარ დაედგომება. თუმცა ახალგაზრდა ქალს არც აქ გაუმართლებს, ის საროსკიპოში ხვდება და ბოლოს, სიცოცხლეს საავადმყოფოში ამთავრებს.

ფილმის პროდიუსერი და ქრისტინეს ქალაქში გადაღებული ნაწილის რეჟისორი იყო გერმანე გოგიტიძე, მხატვარი - დიმიტრი შევარდნაძე, ოპერატორი - ალექსანდრე შუგერმანი და შემდეგ ალექსანდრე დიღმელოვი. მთვარ როლს პირველ ქართულ მხატვრულ ფილმში ანტონინა აბელიშვილი ასრულებდა.

 

მნახველთა რაოდენობა: 138