თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს გაიხსნა
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს გაიხსნა
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-03

დღეს კინოთეატრ "ამირანში" მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. გახნის საღამოს უძღვებოდნენ ჩვენი ფესტივალის პროგრამერები: გურამ ღონღაძე და ანა ჭყონია. ცერემონიაზე კი სიტყვით გამოვიდნენ კინოფესტივალის გენერალური დირექტორი გაგა ჩხეიძე და იტალიის ელჩი საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლი.

მოგეხსენებათ, წლევანდელი ფესტივალის ფოკუს ქვეყანა იტალიაა. ამ სექციაში ბოლო პერიოდის იმ ახალ და საინტერესო იტალიურ ფილმებს ნახავთ, რომელთაც უკვე შეძლეს აღიარების მოპოვება სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე. მათ შორისაა ალიჩე რორვახერის "ბედნიერი ლაზარე", რომლის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი ლუკა ჩიქოვანი ჩვენს ფესტივალს ეწვია.

გაგა ჩხეიძემ მე-19 კინოფესტივალზე წარმოდგენილი სექციების შესახებ ისაუბრა და დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას, მოწვეულ სტუმრებსა და პრესის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეახსენა იმ მნიშვნელოვანი ჩვენებებისა თუ საინტერესო შეხვედრების შესახებ, რომელიც ამ ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება.

ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა ცნობილი ბრიტანელი რეჟისორი პიტერ გრინევეი, რომელიც 7 დეკემბერს მასტარკლასს გამართავს თიბისი ბანკის სათაო ოფისში, მარჯანიშვილის 7-ში.

წლევანდელ ფესტივალზე ნაჩვენები იქნება ბალტიისპირეთის ქვეყნების (ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი) ფილმები სპეციალურ სექციაში "ბალტიისპირეთი - 100".

ამას გარდა, ფესტივალი პატივს მიაგებს დიდი შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ხსოვნას და მაყურებელს მისი ფილმების რეტროსპექტივას სთავაზობს.

ლიტერატურა და კინო - ეს წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემაა. ამ პროგრამაში მაყურებელი სხვადასხვა ეკრანიზაციასა და ბიოგრაფიულ ფილმს ნახავს. სწორედ ამიტომ, "ამირანის" ფოიეში ფესტივალის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება სანტა-ესპერანსას სტენდი, სადაც უამრავი საინტერესო წიგნის ყიდვას შეძლებთ. სპეციალურად ჩვენი წლევანდელი თემის გამო, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა პრიზს აწესებს, საუკეთესო ქართული სრულმეტრაჟიანი, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმისათვის.

წლევანდელი ფესტივალის საპატიო პრომეთე გადაეცემა უკრაინელ რეჟისორს სერგეი ლოზნიცას, რომლის ფილმებიც პროგრამაში "რეჟისორი ფოკუსში" იქნება ნაჩვენები. კიდევ ერთი საპატიო პრიზის მფლობელი, წელს ქართველი კინორეჟისორი გიორგი შენგელაია გახდება და მაყურებელი მის "ალავერდობას" იხილავს დიდ ეკრანზე.

კინოფესტივალის ინდუსტრიული დღეების ფარგლებში წარმოგიდგენთ ღონისძიებების სერიას - კულტურული ცხოვრება საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ღონისძიებები პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. სწორედ ამიტომ, კინოთეატრ "ამირანის" ჰოლში მთელი ფესტივალის განმავლობაში გამოფენილი იქნება ამ პერიოდის ქართული კინოს ამსახველი ფოტომასალა, ამასთან ერთად, კინოთეატრის ჰოლის ეკრანებზე იტრიალებს პირველი ქართული მხატვრული ფილმი "ქრისტინე".

მე-19 კინოფესტივალი გაიხსნა ქართული ფილმით, ნინო ჟვანიას სადებიუტო ნამუშევრით "აღლუმი", სადაც მონაწილეობენ: გუგა კოტეტიშვილი, არჩილ ქიქოძე, გოგა პიპინაშვილი, თინა ლაღიძე, ქეთი ჩაჩუა და ეკა ჩავლეიშვილი.

ნინო ჟვანიას ფილმში სამი ბავშვობის მეგობარი შემთხვევით ხვდება ერთმანეთს. ციხიდან ახლად გამოსული უიღბლო კრიმინალი, ქუჩის მხატვარი და ავანტიურისტი მექალთანე მსახიობი... რა აქვთ მათ საერთო? მხოლოდ წარსულის მოგონება და ის, რომ ვერცერთი მათგანის ცხოვრება ვერ მოეწყო. უიღბლოები და სიმპათიურები, კარზე მომდგარი სიბერის წინაშე მარტოდმარტო დარჩენილები, ბავშვური გატაცებით გადაეშვებიან თავიანთ უკანასკნელ თავგადასავალში, ადგებიან გზას, რომელიც მრავალ მოულოდნელ შეხვედრას, ტკივილს და სიხარულს უმზადებს მათ.

შეგახსენებთ, რომ "აღლუმის" ნახვა ხვალ, კინოთეატრ "ამირანში" შეგიძლიათ.

ფილმის ჩვენების შემდეგ კინოთეატრ "ამირანის" ფოიეში შეკრებილ სტუმრებს უმასპინძლა ფესტივალის  დიდი ხნის პარტნიორმა კომპანიამ "თბილღვინომ". მოწვეულ სტუმრებს და კინემატოგრაფისტებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები.  

თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია 8 დეკემბერს გაიმართება.

 

ფოტო: ნინო კანკავა

 

 

მნახველთა რაოდენობა: 602