სერგეი ლოზნიცას საპატიო პრომეთე გადაეცა
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → სერგეი ლოზნიცას საპატიო პრომეთე გადაეცა
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-06

თბილისის მე-19 კინოფესტივალს ეწვია უკრაინელი რეჟისორი სერგეი ლოზნიცა, რომლის 2018 წელს გადაღებული ფილმები: მხატვრული „დონბასი" და დოკუმენტურები: „პროცესი" და „გამარჯვების დღე" ნაჩვენები იქნება სექციაში „რეჟისორი ფოკუსში". გუშინ, კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა მისი ფილმის ჩვენება - "დონბასი" და კინოში შეტანილი წვლილისათვის, სერგეი ლოზნიცას საპატიო პრომეთე გადაეცა. 

სერგეი ლოზნიცა 1964 წლის 5 სექტემბერს ბელორუსიაში, ქალაქ ბარანოვიჩში დაიბადა. სწავლობდა კიევის საჯარო სკოლაში. 1981 წელს კი კიევის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა მათემატიკა-ფიზიკის ფაკულტეტზე და 1987 წელს, ინჟინერ-მათემატიკოსის დიპლომი აიღო.

უმაღლესის დამთავრების შემდეგ, რამდენიმე წელი კიბერნეტიკის ინსტიტუტში, ხელოვნური ინტელექტის საექსპერიმენტო სისტემების შექმნაზე მუშაობდა. პარალელურად იაპონური ენის თარჯიმანი იყო. 1991 წელს ჩააბარა რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე და ნანა ჯორჯაძის სახელოსნო დაამთავრა. 2001 წელს ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. მას შემდეგ, სერგეი ლოზნიცამ უამრავი დოკუმენტური და რამდენიმე მხატვრული ფილმი გადაიღო. მოკლედ, ალბათ ასეც შეიძლება დავიწყოთ საუბარი რეჟისორზე, რომელსაც მსოფლიო პრესა „რადიკალური კინოს" რეჟისორად მოიხსენიებს. მისი ფილმები უიმედობისა და ინდეფერენტული საზოგადოების სამყაროზეა, სადაც აბსურდი და შავი იუმორი ერთმანეთს ენაცვლება.

"დონბასი" ეს არის 2018 წელს გადაღებული ფილმი, რომლის პრემიერაც კანში, სექციაში „განსაკუთრებული ხედვა" გაიმართა. „დონბასის" სამყარო, ეს არის ადგილი, სადაც რეკეტი და კორუფცია, სიყალბის ინდუსტრია და „ძველბიჭობის" მორალი ზეიმობს. რამდენიმე ნოველისგან შემდგარ ფილმში, ადამიანური ისტორიები და მედიაში, ძირითადად ინტერნეტში გავრცელებული მასალა ერთანეთშია გადაჯაჭვული. ერთი ისტორია ნელ-ნელა გადადის მეორე ამბის თხრობაში, ამას მესამე მოჰყვება და ისტორიები უსასრულოდ ცვლის ერთმანეთს. ეს ფილმი საზოგადოებაზეა, რომელსაც არ აქვს მომავალი, ხოლო დონბასი - ტერიტორიაა, რომელიც გაიყინა, მოკვდა და ხელახლა გაცოცხლებას ითხოვს.

 

ფოტო: ნინო კანკავა

 

მნახველთა რაოდენობა: 293