გიორგი შენგელაიას საპატიო პრომეთე გადაეცა
მედია / პროფესიონალები → სიახლეები → გიორგი შენგელაიას საპატიო პრომეთე გადაეცა
კინოფესტივალი მედიაში
2018-12-07

წელს თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი კინოში შეტანილი წვლილისთვის „საპატიო პრომეთეს" რეჟისორ გიორგი შენგელაიას გადაეცა და მაყურებელმა მისი პირველი ფილმი „ალავერდობა" ნახა.

გიორგი შენგელაია 60-იანი წლების ქართული კინოს გამორჩეული ფიგურაა. თუ მის შემოქმედებას გადავავლებთ თვალს, ჟანრობრივმა მრავალფეროვნებამ მაყურებელი შეიძლება დააბნიოს კიდეც, რადგან შენგელაია ყოველთვის ცდილობდა თავი ახალ ჟანრში მოესინჯა და ქართულ კინოში არსებული პოპულარული ჟანრების არეალი გაეფართოებინა.

1959 წელს ქალაქ მოსკოვში დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, ალექსანდრ დოვჟენკოს სახელოსნო და მალევე დაიწყო მუშაობა კინოსტუდია „ქართულ ფილმში". თავისი პირველი ფილმი ინსტიტუტის დამთავრებიდან 4 წელიწადში გადაიღო და მისი ფილმოგრაფია 12 მხატვრულ ნამუშევარს ითვლის.

მისი პირველი ნამუშევარია მხატვრულ-დოკუმენტურ სტილში გადაღებული „ალავერდობა" (1962წ). გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით შექმნილი ფილმი-ამბოხი, რომლის ახალგაზრდა გმირი დამახინჯებულ ტრადიციებს უპირისპირდება. ამას მოჰყვა ხალხურ მოტივებზე გადაღებული „მაცი ხვიტია", რომელსაც თამამად შეგვიძლია პირველი ქართული ვესტერნი ვუწოდოთ.

 

ფოტო: ნინო კანკავა

 

მნახველთა რაოდენობა: 378