დასრულდა სტამბოლის 32-ე საერთაშორისო კინოფესტივალი
კინოფესტივალი მედიაში
2013-04-23

სტამბოლის 32-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გასულ კვირას დაიხურა და ჟიურის თავმჯდომარემ, ავსტრალიელმა რეჟისორმა პიტერ ვეარმა ოქროს ტიტა გადასცა ირლანდიელ ლეონარდ (ლენი) აბრაჰამსონს ფილმისთვის „რა ჩაიდინა რიჩარდმა". ჟიურის სპეციალური პრიზი ბრიუნო დიუმონს ერგო „კამილ კლოდელი 1915"-თვის. თავად ჟიურის თავმჯდომარის ღვაწლი, რომელიც ადრე ექვსჯერ იყო წარდგენილი ოსკარზე, ფესტივალმა საპატიო პრიზით აღნიშნა. ეროვნულ კონკურსში ჟიურიმ უპირატესობა მიანიჭა ონურ უნლუს ფილმს სახელწოდებით „მნათობს ედრები" („ვარსკვლავზე მეტად ანათებ ღამეს"). 

დახურვის ცერემონიალის დაწყებამდე შეკრებილმა საზოგადოებამ საპროტესტო წერილს მოაწერა ხელი. საქმე იმაში გახლავთ, რომ წლევანდელი კინოფესტივალი სკანდალით დაიწყო. თურქმა კინემატოგრაფისტებმა და კინომოყვარულებმა 7 აპრილს საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს ისტორიული კინოთეატრის - „ემეკის" გადასარჩენად. დარბაზი, რომელშიც კინოფესტივალი 2009 წლამდე თავის ძირითად სეანსებს ატარებდა, 1880 წელს აშენდა და 1924 წლიდან ფუნქციონირებდა, როგორც კინოდარბაზი. ამჟამად შენობა გაყიდულია და კინოთეატრს დახურვა ემუქრება. პროტესტანტების წინააღმდეგ, რომლებმაც კინოსთან მიახლოება სცადეს, პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, მათ აგრეთვე დააპატიმრეს კინოკრიტიკოსი ბერკე გოლი. 
სტამბოლის კინოფესტივალი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს და ყველა თაობისა თუ კატეგორიის კინემატოგრაფისტს უყრის თავს. ის ყოველთვის გამოირჩევა პროგრამის მრავალფეროვნებითა და ე.წ. ინდუსტრიული ღონისძიებების სიმრავლით. უაღრესად საინტერესო მასტერ-კლასები ჩაატარეს კოსტა-გავრასმა, კარლოს რეიგადასმა და პიტერ ვეარმა. ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის ასევე სასარგებლო იყო დასწრება პანელ-დისკუსიებზე, რომლებიც ფილმის დაფინანსების, პოსტ-პროდუქციისა თუ ლიტერატურული მასალის ადაპტაციის პრობლემებს ეძღვნებოდა. თურქი კინემატოგრაფისტებისთვის ჩატარდა სამუშაო ვერქშოპი თავისი პიჩინგით, რომელზეც მათ საკუთარი კინოპროექტები წარადგინეს. ასევე ე.წ. „ვორქს-ინ-პროგრეს", რომლის მიზანი დასრულების სტადიაზე მყოფი ფილმებისთვის დისტრიბუტორებისა და ექსიბიტორების მოზიდვაა.
სტამბოლის კინოფესტივალმა ამჯერედაც დიდი ყურადღება დაუთმო თურქეთისა და უცხო ქვეყნების ერთობლივი წარმოების შესაძლებლობებს. ერთ-ერთ შეხვედრაზე განხილული იყო თურქულ-სომხური კინო-პლატფორმის ექვსწლიანი გამოცდილება. თურქეთთან კო-პროდუქციის პერსპექტივებზე ისაუბრეს ასევე პოლონეთის, გერმანიისა და საქართველოს კინოფონდებისა და კინოცენტრების წარმომადგენლებმა. ინდუსტრიულ ღონისძიებების მთელს ამ სერიას სახელწოდებით „შეხვედრები ხიდზე" ძირითადად ფრანგული კულტურის ცენტრი მასპინძლობდა. „ხიდში", რაღა თქმა უნდა, ბოსფორის სრუტეზე გადებული ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი იგულისხმება, თუმცა ასეთი ორია, და სტუმრებს თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ, ამ სათაურში რომელი მოიაზრება. ამ ხიდ(ებ)ის ახლოდან ნახვის შესაძლებლობა კინოფესტივალის სტუმრებს ბოსფორზე გემით გასეირნების დროს ეძლევათ. გემზე ფესტივალის გენერალური სპონსორი „აკ-ბანკი" უხვად უმასპინძლდება ფესტივალზე აკრედიტებულთ საჭმელ-სასმელით. გემბანი საუცხოო ადგილია ღვინის ან რაქის ჭიქით ხელში ფილმებზე და პროექტებზე სასაუბროდ თუ ერთმანეთის გასაცნობად.
უნდა ითქვას, რომ სტამბოლის კინოფესტივალი არ გამოირჩევა არც ფილმების განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით, არც კინოდარბაზებისა თუ სტუმრების სიმრავლით, მაგრამ სამაგიეროდ გამოირჩევა განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით, თბილი და სასიამოვნო ატმოსფეროთი, და, რაც მთავარია, უაღრესად კეთილგანწყობილი და დაინტერესებული მაყურებლით. და ბოლოს, არ შემიძლია, არ აღვნიშნო ერთი საოცარი გარემოება: ხალხით გადაჭედილ დარბაზებში ფილმის მსვლელობის დროს ვერასოდეს გაიგონებთ მობილური ტელეფონის წკრიალს.

გაგა ჩხეიძე

       

მნახველთა რაოდენობა: 4200