გერმანელი კრიტიკოსი კრისტიან ლიუფი დიტო ცინცაძის „შემოჭრას“ განიხილავს
კინოფესტივალი მედიაში
2013-04-29

ქართველი რეჟისორი დიტო ცინცაძე უკვე მრავალი წელია გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს. მის ფილმებს ქართველი მაყურებელი ტრადიციულად თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეცნობა. ჯერ კიდევ 2000 წელს ის საუკეთესო რეჟისურისათვის ვერცხლის პრომეთეს მფლობელი გახდა ფილმით „დაკარგული მკვლელები", 2003 წელს კი მის ფილმს „გასროლის შიში", რომელიც უკვე სან-სებასტიანის ფესტივალის მთავარი პრიზიორი იყო - ოქროს პრომეთე გადაეცა. რეჟისორი 2005 წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრად მოგვევლინა, 2006-ში კი კინოფესტივალი მისი ახალი ფილმით „კაცი საელჩოდან" დაიხურა. ტრადიცია 2012 წელსაც გაგრძელდა და თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალმა დიტო ცინცაძის ახალი ფილმი „შემოჭრა" აჩვენა. ფილმი გერმანულ-ავსტრიული კოპროდუქციაა და მან მონრეალის მსოფლიო კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური გრანპრი მოიპოვა, შემდგომში კი ის სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მიიწვიეს, სადაც მთავარი როლის შემსრულებელი მერაბ ნინიძე ოქროს ანგელოზით დაჯილდოვდა. „შემოჭრა" 2013 წლის იანვრიდან ევროპის კინოეკრანებზეც გამოვიდა, სულ ახლახანს კი ის ბერლინელმა მაყურებელმა იხილა. გერმანელმა კრიტიკოსტმა კრისტიან ლიუფმა, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის ექსპერტია კინოს დარგში, ფილმის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, გთავაზობთ ამ ტექსტის ფრაგმენტებს:

„შემოჭრა": იოზეფი და თავდამსხმელები


კრისტიან ლიუფე (გოეთეს ინსტიტუტის ექსპერტი კინოს დარგში)
30 მარტი, 2013
უკანასკნელ თვეებში გერმანულმა კინომ ერთგვარი იმედგაცრუება მოგვიტანა. დიტო ცინცაძის „შემოჭრას" ეს ნამდვილად არ ეხება. აგრესიული ფსიქოდრამა შიშისმომგვრელია, მაგრამ დამაჯერებელი.
მართალია, წარმომავლობით ქართველი და ბერლინში მცხოვრები რეჟისორი დიტო ცინცაძე უკვე მრავალი საერთაშორისო პრიზის მფლობელია, მათ შორის, სან-სებასტიანის „ოქროს ნიჟარისა" გერმანიაში შექმნილი ფილმისთვის „გასროლის შიში", აქ, გერმანიაში, მას მხოლოდ კინოს თავგამოდებული მოყვარულები იცნობენ.
ცინცაძის ახალ ფილმშიც ავტორის ცოცხალი, დამოუკიდებელი ხელწერა ჩანს, რომელიც „შემოჭრას" 2012/13 წლების გერმანული, სამწუხაროდ, არც თუ ისე დამაჯერებელი კინოპროდუქციიდან გამოარჩევს.
ზოგიერთი კრიტიკოსის შეფასება, თითქოს ფილმი აღმოსავლური იმიგრაციის წინააღმდეგ წვრილბურჟუაზიული გერმანული ქსენოფობიის „სატირულ პარაბოლას" წარმოადგენს, მცდარი უნდა იყოს. ფილმის ძირითადი ტონალობა მეტისმეტად საშიშია ამისთვის. პერსონაჟებს შორის საკუთარი პოზიციებისა და ბატონობისთვის ბრუტალური ბრძოლა მეტისმეტად რეალურია. ამ ძირითად ტონალობას ხაზს უსვამს არა მარტო ბრწყინვალე მუსიკა, არამედ ხშირად ხელის კამერით გადაღებული შემოდგომის რუხი ლანდშაფტის კადრებიც. შთამბეჭდავია მსახიობების ნამუშევარიც, განსაკუთრებით, ბურგჰარტ კლაუსნერის და მერაბ ნინიძისა, ამ ორი ანტაგონისტის, რომელთა თითქოს-და თავაზიანობის უკან ცივი აგრესიულობა იგრძნობა.

იხილეთ სრული ტექსტი გერმანულ ენაზე აქ.

 

მნახველთა რაოდენობა: 5833