კინოთეატრ აპოლოს გადასარჩენად
კინოთეატრ აპოლოს გადასარჩენად
კინოფესტივალი მედიაში
2013-05-03

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კინოთეატრ აპოლოს შენობასთან დაკავშირებით ტფილისის ჰამქრის ლიდერი თამარ ამაშუკელი და კინოხელოვნების ცენტრ „პრომეთეს" თავმჯდომარე, გაგა ჩხეიძე საქართველოს კულტურისა და ძეგლთადაცვის მინისტრს, გურამ ოდიშარიას ღია წერილით მიმართავენ:

ბატონო გურამ,
გვსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ კულტურის ერთ კერაზე, რომელსაც საფრთხე ემუქრება. საქმე ეხება მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს კინოთეატრს, რომელიც თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს და რომელმაც, უკვე ოცი წელია, თავისი ფუნქცია დაკარგა და მოუვლელობის გამო განადგურების პირასაა.
კინოთეატრი „აპოლო" ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია როგორც არქიტექტურის, ასევე ქართული კინემატოგრაფის ისტორიისთვის. რუსი არქიტექტორის, კოლჩინის მიერ „მოდერნის" სტილში აგებული შენობა 1909 წლის 30 მარტს გაიხსნა, როგორც პირველი კინოთეატრი საქართველოში. თავისი პირველადი დანიშნულებისთვის ამ შენობას არასდროს უღალატია. ოთხმოცი წლის მანძილზე ის ერთგულად ემსახურებოდა კინოხელოვნებას. ასეთი ძველი კინოთეატრი, რომელსაც თავისი ფუნქცია დღემდე არ შეუცვლია, მსოფლიოში სულ რამდენიმეა, მაგალითად „ბიოგრაფ თეატრი" დანიის ქალაქ კორსორში (1908) და „ჰელიოსი" პოლონეთის შცეცინში (1909), იმდროინდელ გერმანიაში.

2002 წელს კინოთეატრი „აპოლო" სს „ქართული ფილმის" მაშინდელმა ხელმძღვანელობამ კულტურის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის თანხმობით 500 000 ლარად მიჰყიდა კერძო პირს იმ პირობით, რომ კინოთეატრს ათი წლით პროფილი შეუნარჩუნდებოდა და ახალი მეპატრონე მილიონნახევარი ლარის ინვესტიციებს განახორციელებდა. ახალმა მეპატრონემ კი ზუსტად ერთი თვის შემდეგ შენობა გაასხვისა იმავე ფასად. კინოთეატრის მფლობელი მას შემდეგ შპს „თეატრები აპოლო"-ა. ახალმა მეპატრონემ კინოთეატრი ვერ აამუშავა. ამასობაში ათი წელიც გავიდა და შენობა შესაძლოა გაიყიდოს.

რა თქმა უნდა, დასაშვებია, რომ დღევანდელმა მფლობელებმა „მოდერნისა" და ნეოკლასიციზმის ეს იმპოზანტური ნიმუში აღადგინონ და ძველებური სილამაზეც დაუბრუნონ, მაგრამ თუ შენობამ თავდაპირველი დანიშნულება დაკარგა და სავაჭრო ცენტრად იქცა, ის გაქრება, როგორც კულტურის კერა და ეროვნული კინემატოგრაფიის ისტორიული მეხსიერება. ჩვენ კი ეს არ უნდა დავუშვათ.

დღევანდელი ქართული კინოსაზოგადოება მოწადინებულია, შეინარჩუნოს აღმაშენებლის გამზირზე არსებული უნიკალური ძეგლები, რომლებსაც ქართული, და თუ გნებავთ, მსოფლიო კინოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვთ და ერთიან კომპლექსად განიხილება. ეს გახლავთ 20-იან წლებში აშენებული პავილიონი ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე, კინომუზეუმი კარგარეთელის ქუჩაზე და კინოთეატრი „აპოლო".

ბატონო გურამ, გთხოვთ, ყველაფერი იღონოთ ძეგლის გადასარჩენად და კულტურის მნიშვნელოვანი კერის შესანარჩუნებლად. სახელმწიფომ უნდა განიხილოს შენობის გამოსყიდვის შესაძლებლობა, დაუყოვნებლივ უნდა შედგეს შეხვედრა კინოთეატრის მფლობელებთან, რათა მიღებულ იქნას ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება.

 

მნახველთა რაოდენობა: 7496