პოლიტიკური კინოს სექცია ''Bios Politikos''
კინოფესტივალი მედიაში
2016-11-19

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური სექცია “Bios Politikos” პოლიტიკურ კინოს შეეხება. სექციის სახელი ძველ ბერძენ ფილოსოფოს არისტოტელესთან გვაბრუნებს, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ადამიანის არსებულთან ურთიერთობის ისეთნაირ ფორმას მოიაზრებდა, რომელშიც პოლიტიკური მოქმედება თავისუფალი და საჯარო ხდებოდა.

სექცია 10 ფილმს აერთიანებს, რომელთაგან თითოეული პოლიტიკის ცალკეულ პრობლემას ეხმიანება. აქვე საგულისხმოა ის, რომ ამ ცალკეულობაში ყოველი ფილმი ამავდროულად ყველა სხვა ფილმთან კავშირშიცაა. ფილმების შერჩევის ამოსავალ პრინციპსაც თანამედროვე პოლიტიკური კინოს ირგვლივ ერთგვარი შინაარსობრივი მთელის შექმნა წარმოადგენდა, რომელშიც პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე არსებითი საკითხები თანაბარზომიერად იქნებოდა წარმოდგენილი.

პოლიტიკურის მიმდინარე რეჟიმის გათვალისწინებით სექციის თემატური ჩარჩო განსხვავებულ საკითხებზე კონცენტრირდება. მაგალითად, ნიკოლა ვადიმოვის დოკუმენტური ნამუშევარი ჟან ციგლერი - ნებისყოფის ოპტიმიზმი პოლიტიკური სუბიექტის როლისა და პასუხისმგებლობის პრობლემატიზაციას ეხმიანება. ფილმი გამოცდილებით სავსე პოლიტიკოსისა და მეცნიერის ცხოვრებაში გვახედებს. ეკრანზე ვხედავთ ათწლეულების განმავლობაში პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილ მოხუც ჟან ციგლერს, დაფიქრებულს საკუთარ განვლილ გზასა და ღირებულებებზე, რომელიც საკუთარივე ბიოგრაფიის მაგალითზე მნიშვნელოვანსა და ყურადსაღებს გვეუბნება პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის იდეის ქონის აუცილებლობასა და ამ იდეის ერთგულების სირთულეებზე. სწორედ იდეისა და პოლიტიკურის ურთიერთმიმართების სირთულეებს ეხმიანება ფრანჩესკო მუნცის ფილმი “სამოთხის აღება, მთლიანად საარქივო მასალის საფუძველზე შექმნილი ისტორიულ-პოლიტიკური კინოდოკუმენტი, რომელიც 1967-77 წლებში იტალიელი ახალგაზრდების მიერ ორგანიზებული პოლიტიკური ბრძოლების რევოლუციურ დინამიკასა და ატმოსფეროს გვაზიარებს.რა მექანიზმებით მოქმედებს ძალაუფლების რეპრესიული აპარატები და რა სახის წინაღობებს აწყდება პოლიტიკის ქვემოდან წამოსული სტრატეგიები? ამ და სხვა კითხვების ექსპლიკაციით ფილმი არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ისტორიულ ფაქტზე აქცენტირდება, არამედ იგი ერთგვარ განზოგადებულ ფორმასაც ქმნის იმის შესახებ, რასაც პირობითად პოლიტიკურის იდეასთან ურთიერთობის ლოგიკა შეიძლება დავარქვათ.   

რევოლუციური მნიშვნელობებისგან განსხვავებით თანოს ანასტოპულოსისა და დავიდე დელ დეგანის ფილმის, უკანასკნელი კურორტი შინაარსი პოლიტიკურისგან დაცლილ ყოველდღიურობას მიუყვება. მთელი ფილმის განმავლობაში ქალაქ ტრიესტის კედლით გაყოფილ პლაჟზე ძირითადად მოხუცი დამსვენებლების უბრალო და ყოფით საუბრებს ვისმენთ. ისინი იხსენებენ წარსულის ამბებს, ყვებიან ანეკდოტებს, კამათობენ და თანხმდებიან ერთმანეთთან. ერთი სიტყვით, ფილმში ცალკე აღებულ ნაწილად არც არაფერი ფორმდება პოლიტიკურად, თუმცა ფილმისავე მთავარი ღირსებაც ისაა, რომ იგი მხოლოდ მთლიანობაში ახერხებს მოხუცების თვალით ამ განმეორებად ყოველდღიურობაში დაგვანახოს პოლიტიკურის შენელებული, დაუძლურებული, გნებავთ გამოფიტული შინაარსები, რჩება შთაბეჭდილება, თითქოს საკუთრივ სიბერე იქცევა ფილმის ცენტრალურ პოლიტიკურ ფაქტად.

პოლიტიკურთან ურთიერთობის რიტმისა და ინტენსივობის თვალსაზრისით რაკო გრლიჩის კონსტიტუცია კიდევ უფრო განავრცობს “უკანასკნელი კურორტის” მიერ მონიშნულ კონტექსტებს. ფილმი ქალაქ ზაგრებში მაცხოვრებელი 4 მეზობლის ამბავს გვიყვება, რომელთაც სოციო-კულტურული გაუცხოების მაწარმოებელი მექანიზმებიდან გამომდინარე, ბევრი არც არაფერი უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან საერთო. ფილმის ოდნავ ნაივურად გაგებული პოლიტიკურობაც ამ მექანიზმების სიმყიფისა თუ მოჩვენებითობის ხაზგასმაზე კონცენტრირდება, რომელთა მიღმაც ზოგად-ჰუმანური უნივერსალიების მოძიება ხდება შესაძლებელი. 

ინდივიდის სოციალურ ცხოვრებაში სრულფასოვნად ინტეგრირების სირთულეებზე მოგვითხრობს მარკო მარტინსის სურათი წმინდა გიორგი.  ფილმი ახალგაზრდა მოკრივის მაგალითზე პორტუგალიაში ე.წ. ტროიკს (ევროპის ცენტრალური ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის) მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად წარმოქმნილ სოციო-ეკონომიკურ ასიმეტრიებს აღწერს. ვალების ზრდისა და ხელფასების საყოველთაო შემცირების პირობებში საარსებო შემოსავლის გარეშე დარჩენილი ფილმის მთავარი გმირი იძულებულია, მუშაობა ვალების ამომღებ კომპანიაში დაიწყოს. ფილმის პოლიტიკური შინაარსიც ამ გადაწყვეტილების თანმდევი ეთიკური დილემის კვალდაკვალ ვითარდება. ინსტიტუციური თუ სისტემური ტრანსფორმაციების ნეგატიური გავლენების თემას ეხმიანება გიორგი ბალაბანოვის ფილმი წვეულება კი გრძელდება…. სურათი პოსტკომუნისტური ბულგარეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გარდაქმნების სოციალურ შედეგებს გვაცნობს. განსხვავებული სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებთან ჩაწერილი ინტერვიუების სერია ახლოდან გვახედებს არა მხოლოდ ბულგარეთში არსებულ სინამდვილეზე, არამედ ზოგადად პოსტკომუნისტური ტრანზიციის სირთულეებსა და პარადოქსებზე.     

ელიან კაფეს ფილმში ,,სასტუმრო კემბრიჯის ბინადარნი’’ სიღარიბისა და სოციალური ყოფის ურთიერთმიმართების ფსიქო-პოლიტიკური კონტექსტები თამაშდება. ფილმი სან პაულოს ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში შესახლებული დევნილებისა და უსახლკაროების ყოველდღიურ ცხოვრებასა და მათ პირად ისტორიებზე მოგვითხრობს.

სიზმრების მობილიზაცია“ მარტინ რაინჰარტის, ტომას ტოდესა და მანუ ლუკშის ერთობლივი ნამუშევარია. 200-მდე იშვიათი კინომასალის მონტაჟის საფუძველზე ჩვენ წინ ტექნიკის ისტორიული პანორამა იშლება. მდიდარი ვიზუალური მასალის თეორიულად დახვეწილ ნარატიულ ხაზთან სინთეზით ფილმი საუკუნით უკან, ელექტრონული მედიუმის დაბადების ხანაში გვაბრუნებს. დროში, რომელშიც ტექნიკური აპარატი სამომავლო დომინაციისთვის პირველ ნაბიჯებს დგამდა. ფილმის შინაარსიც ადამიანის ტექნიკისადმი განწყობის თანამედროვე და საუკუნის წინანადელი გამოცდილებების ანალოგიებს მიუყვება, რომლის პოლიტიკურობაც საკუთრივ ტექნიკის მიერ არსებულის სულ უფრო მზარდ ტრანსფორმაციაში გამოიხატება.     

საგულისხმოა, რომ ფილმების ჩვენების გარდა, სექციის ფარგლებში მოეწყობა ლექციები და პანელ-დისკუსიები, რაც მოწვეულ სტუმრებსა და აუდიტორიას შორის საკომუნიკაციო სივრცის შექმნას შეუწყობს ხელს.

ფილმის ,,სასტუმრო კემბრიჯის ბინადარნი’’ შემდეგ ვისაუბრებთ საცხოვრისით უზრუნველყოფის პოლიტიკურ ასპექტებზე, რომელშიც პროექტის “საცხოვრისით უზრუნველყოფის პოლიტიკა; გამოწვევები და პერსპექტივები” მკვლევარები მიიღებენ მონაწილეობას. სექციის ფარგლებში ფესტივალს ესტუმრება გერმანელ რეჟისორ, მარტინ რაინჰარტი, რომელიც ლექციას წაიკითხავს ტექნიკისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების შესახებ. ასევე ჩვენი სტუმარი იქნება შვეიცარიელი რეჟისორი ნიკოლა ვადიმოვი, რომელთანაც მისი ბოლო ფილმის, ჟან ციგლერი - ნებისყოფის ოპტიმიზმის ირგვლივ ვისაუბრებთ. დისკუსიებში აქტიურად ჩაერთვებიან ადგილობრივი მეცნიერები და აქტივისტები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მოქალაქეებს შორის აზრის საჯაროდ გამოთქმის პრაქტიკების დახვეწასა და განვითარებას. სექციის ყველაზე არსებითი მიზანიც ეს არის - ერთი კვირის განმავლობაში შექმნას დისკუსიის, მსჯელობის, რაციონალური არგუმენტაციის სივრცე, რომლის კარიც ყველა დაინტერესებული პირისთვის ღია იქნება.

#ფონდიღიასაზოგადოებასაქართველო

 

მნახველთა რაოდენობა: 1483