საერთაშორისო საკონკურსო სექცია
კინოფესტივალი მედიაში
2016-11-22

როგორც ცნობილია, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი სექცია საერთაშორისო კონკურსია. ყოველწლიურად სექცია მაყურებელს 10  სადებიუტო ევროპულ ნამუშევარს სთავაზობს, რომელთაგან სპეციალურად შერჩეული საერთაშორისო ჟიური (ჟიურის შემადგენლობა იხ.ლინკზე:www.tbilisifilmfestival.ge) გამარჯვებულს ორ კატეგორიაში გამოავლენს. საუკეთესო ფილმის ავტორს ოქროს პრომეთე გადაეცემა, ხოლო საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარს - ვერცხლის.

კონკურსში მონაწილე სერბი რეჟისორის მირჟანა კარანოვიჩის  დრამა ,,კარგი ცოლი’’ (2016, 90’), 50 წლის ქალის, მილენას ისტორიას გვიამბობს, იგი  მზრუნველი დედა და მოსიყვარულე მეუღლეა. ეს გახლავთ ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ცვლის ყველაფერს წლების განმავლობაში დაფარული საიდუმლოს გამოაშკარავება. ფილმმა მალევე დაიმსახურა კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები. ასევე  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფილმის მთავარ პერსონაჟს თავად მირჟანა კარანოვიჩი განასახიერებს. ფესტივალს ესტუმრება ფილმის სცენარისტი, რომელთანაც ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ახალგაზრდა ფრანგი რეჟისორის, მორგან სიმონის ფილმში ,,მელნის გემო“ (2016, 79’) თავგზააბნეული ვინსენტი, დედის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრების თავიდან დაწყებასა და საკუთარი თავის შეცნობას ცდილობს. ჩვენების შემდეგ გაიმართება Q&A რეჟისორთან.

რუმინელი ბოგდან მირიკას ,,ძაღლები’’ (2016, 103’) რომანის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბუქარესტიდან შორს, სოფელში მიემგზავრება, რადგან უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე, ბაბუისგან მემკვიდრეობით მიღებული მიწის გაყიდვა სურს. ადგილობრივი პოლიციელი რომანს გააფრთხილებს, რომ ბაბუამისი ადგილობრივი კრიმინალი იყო და სოფლად გულზე არავის ეხატებოდა, თუმცა რომანი დანებებას არ აპირებს...

იანივ ბერმანის ფილმში ,,პატარა ადამიანების მიწა’’ (2016, 83’) ხაზგასმულია მუდმივად ომში მყოფი ქვეყნის (ისრაელი) სოციალური პრობლემები. რეჟისორი ოთხი მოზარდის საშუალებით გვიჩვენებს, როგორ იზრდებიან და ყალიბდებიან ბავშვები, ვისთვისაც ომი ყოველდღიურობის ნაწილია. უწყინარი თამაში კი სასტიკ ბრძოლაში გადაიზრდება. მაყურებელს საშუალება ექნება შეხვდეს და გაესაუბროს ფილმის რეჟისორს.

მატერიალურ და სოციალურ პრობლემებს ეხმაურება თურქი რეჟისორის, კივან სეზერის ფილმი — ,,მამაჩემის ფრთები’’ (2016, 101’). ეს გახლავთ ამბავი, იბრაჰიმისა და მისი ძმიშვილის იუსუფის ცხოვრების შესახებ, რომლებიც სტამბულში მშენებლებად მუშაობენ. მოულოდნელად იბრაჰიმი საკუთარი ავადმყოფობის შესახებ შეიტყობს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მის რთულ ცხოვრებას. ღირს კი სიცოცხლის გაგრძელება? აი, ამ კითხვაზე პასუხს ეძებს იბრაჰიმი. ფესტივალის სტუმარი იქნება ფილმის პროდიუსერი, რომელთანაც გაიმართება Q&A.

ფილმი ,,თავი დამანებეთ’’ (2016, 105’) ხორვატიელი რეჟისორის ჰანა იუშიჩისრეჟისორობით, მოგვითხრობს მარიანას შესახებ, რომლის ცხოვრებაც მისი ოჯახის გარშემო ტრიალებს. ფილმში ხაზგასმულია ოჯახური თანაცხოვრების სირთულეები, თავისუფლების ძიებისა და შეცნობის გზები, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ შეკითხვებს ბადებს. პოლონელი რეჟისორის გრეგორ ზარიჩნის ფილმი „ტალღები“ (2016, 77’) გარკვეულწილად აგრძელებს ზემოთხსენებული ფილმის ფაბულას. ანია და კასია თმის სტილისტები არიან, რეჟისორი ამ შემთხვევაშიც ცხოვრებისეულ კრიზისში მყოფი ახალგაზრდების შესახებ მოგვითხრობს. ოჯახში არსებული კომპლექსები მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა  და განვითარებაზე აისახება. არასასურველი რეალობისგან გაქცევის ერთადერთი გზა ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. ორივე სეანსის (თავი დამანებეთ; ტალღები) შემდეგ გაიმართება შეხვედრა ფილმის ავტორებთან.

ელიზა პეტკოვას სადებიუტო ნამუშევარი „ჟალეიკა“ (2016, 96’) შესანიშნავად ასახავს განსხვავებულ კულტურაში მცხოვრები ქალის როლს, რომელიც რელიგიური და სოციალური ჩარჩოებიდან გამომდინარე ყალიბდება. ფესტივალს ესტუმრება ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ანა მანოლოვა.

საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ასევე ორი ქართული ნამუშევარი ‘’ანას ცხოვრება’’(2016, 108’) და ‘’სხვისი სახლი’’ (2016, 103’). ორივე ფილმის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქართული პანორამის განხილვაში

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1277