თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის პრესკონფერენცია
კინოფესტივალი მედიაში
2016-11-22

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართება სასტუმრო ''Rooms''-ის დარბაზში - Master Room, 24 ნოემბერს, 13:00 საათზე!

28 ნოემბერს 19:00 საათზე კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი ცნობილი გერმანელი რეჟისორის მარგარეტე ფონ ტროტას ფილმის „როზა ლუქსემბურგის“ ჩვენებით გაიხსნება. ფილმი ევროპაში მოღვაწე პოლიტიკური აქტივისტის, ფილოსოფოსისა და თეორეტიკოსის როზა ლუქსემბურგის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ფილმი ეკრანებზე 1986 წელს გამოვიდა და მალევე მოიპოვა მსოფლიო აღიარება, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელმა, ბარბარა სუკოვამ კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ჯილდო მიიღო.

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს პოლიტიკას ეძღვნება. პოლიტიკური კინოსადმი მიძღვნილი სექცია “Bios Politikos” (პოლიტიკური ცხოვრება) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეულ 10 დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმს აერთიანებს. თითოეული მათგანი არსებულ გლობალურ და ლოკალურ დაძაბულობებს, პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიურობას, პოლიტიკის მომიჯნავე სფეროებთან ურთიერთობის სირთულეებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხს ეხმიანება.

 თბილისის კინოფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც მონაწილეობს ევროპელი კინორეჟისორების 10 სრულმეტრაჟიანი სადებიუტო ან მეორე მხატვრული ფილმი. ტრადიციულად საუკეთესო ფილმი ოქროს, ხოლო საუკეთესო რეჟისურა  ვერცხლის პრომეთეებით დაჯილდოვდებიან.

საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს. ჟიურის თავმჯდომარე საფრანგეთში მცხოვრები კადანელი მსახიობი და ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ალექსანდრა სტიუარტია. ჟიურის წევრები იქნებიან ასევე გერმანელი პროდიუსერი პეტერ რომელი, იტალიელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მწერალი დავიდე ფერარიო, შვედი კინოკრიტიკოსი ევა აფ გეიერსტამი და ქართველი კინოპროდიუსერი გია ბაზღაძე.

წელს მეოთხედ გაიმართება ეროვნულ კონკურსი, რომელიც ქართული პანორამის ფარგლებში ტარდება, და მასში წინა წლებისგან განსხვავებით სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები მიიღებენ მონაწილეობს. შესაბამისად,  გამარჯვებულები 3 ნომინაციაში გამოვლინდებიან: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ჟიურის წევრები კი გერმანელი კინომცოდნე და კრიტიკოსი ულრიხ და ერიკა გრეგორები და საფრანგეთში მცხოვრები ამერიკელი კინოკრიტიკოსები ლისა ნესელსონი და გლენ მირენი იქნებიან.

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალს 3 დეკემბერს 19:00 საათზე ირანელი რეჟისორის აბას კიაროსტამის ბოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „წამიყვანე სახლში“ დახურავს

ფესტივალის მხარდამჭერები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი. ფესტივალის გენერალური სპონსორიაჭარანეტი. ქართულ პანორამას წარმოადგენს „პაშა ბანკი“. პოლიტიკის სექციის მხარდამჭერია ფონდი ღია საზოგადოება საქართველო. ფესტივალის ოფიციალური მასპინძლია  სასტუმრო „რუმს თბილისი“.  

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე: მ. კოსტავას ქუჩა, #14

მნახველთა რაოდენობა: 2087