ქვეყანა ფოკუსში: პოლონეთი
კინოფესტივალი მედიაში
2016-11-23

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის, სექცია ქვეყანა ფოკუსში ეძღვნება პოლონურ კინოს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის კინოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. პოლონეთის კინოინსტიტუტსა (PISF) და ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტთან თანამშრომლობის შედეგად, კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება პოლონური კინოს ბოლო ხუთი წლის ნამუშევრები. სექცია აერთიანებს; როგორც მხატვრულ ისე დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს, რომლის არჩევაშიც მონაწილეობა მიიღო კრაკოვის კინოფონდმა (KFF). გარდა ამისა, კინოფესტივალი წარმოგიდგენთ ანტონი კრაუზეს ფილმის, „სმოლენსკის“ სპეციალურ ჩვენებას. ეს უკანასკნელი დაფუძნებულია 2010 წლის სმოლენსკის ავიაკატასტროფაზე. ჩვენების მხარდამჭერია პოლონეთის საელჩო საქართველოში. პოლონური ფოკუსი ასევე მოიცავს დისკუსიას „ფერფლიდან ალმასამდე“, რომელიც შეეხება პოლონურ კინოინდუსტრიას 1989 წლიდან დღემდე. დისკუსიას გაუძღვება პოლონური კინოს ექსპერტი - იაკუბ მაიმურეკი.

პოლონეთი თანამედროვე კინოსამყაროში განსაკუთრებული ამბიციურობითა და შემოქმედებითობით გამოირჩევა, რომელიც კინოს აღიქვამს, როგორც სოციალური კომუნიკაციის ინსტრუმენტს. აღსანიშნავია, რომ 2016 წელი ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია პოლონური კინოს ისტორიაში, რასაც საერთაშორისო აღიარებაც მოწმობს.

ეს არის ჩამონათვალი გამორჩეული ფილმებისა, რომელთაც აღნიშნულ სექციაში იხილავთ:

,,უკანასკნელი ოჯახი'' - იან მატუშინსკის სარეჟისორო დებიუტი, დაფუძნებულია ისტორიულ ფაქტებზე და ასახავს 1989 წლამდე არსებული პოლიტიკური მოძრაობების ბოლო წლებს. კადრები შემზარავად რეალისტურია და ზუსტად ასახავს პროცესებს, რომლებიც 1980-90-იან წლებში რკინის ფარდის მიღმა მიმდინარეობდა. ფილმში დაწვრილებითაა ასახული ყველა დეტალი და წარმოდგენილი სიუჟეტი გვაძლევს საშუალებას მძაფრად აღვიქვათ ბეკსინსკების ოჯახის ისტორია. რეჟისორი წაროგვიდგენს უნიკალურ ვიზუალურ სანახაობას და რასაც ასევე ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ ფილმის თითოეული სცენა უწყვეტ კადრადაა გადაღებული.

ტომაშ ვასილევსკის ,,სიყვარულის შეერთებული შტატები'' თავისი სტილით ცალსახად განირჩევა პოლონური კინოს სხვა წარმომადგენლებისგან. ფილმი ოთხი განსხვავებული ქალის დრამატული ცხოვრების ისტორიას გვიამბობს. მოქმედება 1990-იანი წლების პოლონეთში ხდება, როდესაც ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა სხვა საფეხურზე გადადის და ახალი გამოწვევების წინაშე დგება. ტომაშ ვასილევსკის ადრეული ნამუშევარი ,,მცურავი ცათამბჯენები’’ (2013) ნაჩვენები იყო თბილისის მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალის ევროპული ფორუმის სექციაში. (ფილმი 2013 წლის კარლოვი ვარის საკონკურსო სექციის ,,დასავლეთის აღმოსავლეთი’’ გამარჯვებულია)

ნუ დავივიწყებთ პოლონური კინოს შედარებით მსუბუქ მხარესაც, მაგალითად,  ხასიათების კომედია, რომელიც დღევანდელ დღეს განისჯება საავტორო კინოს სტანდარტების შესაბამისად განისჯება. გრჟეგორჟ იაროშუკის შავი კომედია ,,ქაბაბი და ჰოროსკოპი'', რომელიც ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება იაროშუკის მოკლემეტრაჟიან ფილმ ,,გაყინულ ამბებთან'' ერთად, სწორედ მსგავსი სიუჟეტის ქვეტექსტებზეა აგებული.

იან იაკუბ კოლსკის ფილმში ,,ტყე დილის 4 საათზე'' სუნთქვის შემკვრელი ბუნების პეიზაჟები ქმნიან ისეთ ატმოსფეროს, რომელიც სრულიად გარდაქმნის  გულგატეხილ პერსონაჟებს. ფილმის განსაკუთრებული სტილი ერთობლიობაში ხორცს ასხამს გარემოს, რომელშიც პერსონაჟები, ბუნება, ცხოველები და უამრავი სხვა მნიშვნელოვანი ასპექტი მოიაზრება. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ იაკუბ კოლსკის ეს ფილმი გამორჩეულად მგრძნობიარე ისტორიაა.

ფესტივალის კიდევ ერთი სტუმარია მიხალ მარჩაკი, რომლის გამოჩენაც  კინოსამყაროში უკავშირდება მის ცნობილ ფილმს ‘’Fuck for Forest’’ (ჯილდოს მფლობელი საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში 2012 წლის ვარშავის კინოფესტივალზე).თბილისის მე-17 კინოფესტივალზე ნაჩვენები იქნება მისი ბოლო ნამუშევარი ,,თეთრად გათენებული ღამეები''. ორი ხელოვანი სტუდენტის, კრჟიშტოფისა და მიჰაუს, ცხოვრებაში ახალი ეპოქა დგება. ისინი თანამედროვე ახალგაზრდების სახეს წარმოადგენენ, სასიყვარულო პრობლემებითა და რომანტიკული თავგადასავლებით. დოკუმენტურისა და მხატვრულის ამ ,,გემრიელმა ჰიბრიდმა’’, სანდენსის კინოფესტივალზე  საუკეთესო რეჟისურის პრიზი მიიღო. კინოფესტივალს ესტუმრება ფილმის ავტორი, რომელიც სეანსის შემდეგ აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხებს.

,,ახალი სამყარო'' (ელჟბიეტა ბენკოვსკა, მიხალ ვავჟეცკი, ლუკაშ ოსტალსკი) უბრალოდ რომანტიული კომედია არ გეგონოთ, ამ ფილმში სიყვარული უფრო ღრმა და ადამიანურ დონეზეა გააზრებული. ფილმს ვერც დრამის ჟანრში განვიხილავთ, მასში არავინ წუწუნებს თავის ბედისწერაზე. ეს გახლავთ სურათი სამი ახალგაზრდა ემიგრანტის შესახებ, რომელიც თავის ადგილს ეძებს თანამედროვე პოლონეთში. ავღანელი, რომელსაც ომის ჭრილობები არ მოუშუშებია, უკრაინელი - თავის სხეულის ფორმებს რომ ვერ ეგუება და ბელორუსი, რომელიც მტკივნეულ სიყვარულს გაურბის. ჩვენ რა საერთო გვაქვს მათთან? ყველაფერი! და რა განგვასხვავებს? ყველაფერი!

პოლონური კინოსთვის დამახასიათებელი პოლიტიკური სიღრმე ნათლად ჩანს დარიუშ გაიევსკის ,,უცხო სამოთხეში''. პოლონელი ემიგრანტების დაუსრულებელი ბრძოლა დაუნდობელი შვედი ხალხის წნეხის წინააღმდეგ, რომელიც ბოლოს მარტივ ზღაპრად გადაიქცევა, სადაც თეთრი - სიკეთის, ხოლო შავი კი ბოროტების ფერია. ფესტივალს ეწვევა ფილმის პროდიუსერი კუბა კოზმა, რომელთანაც ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება კითხვა-პასუხის სერია.

როგორც უკვე აღინიშნა, პოლონური ფოკუსი მაყურებლის წინაშე სენსაციური სელექციით წარსდგება, რისი ნათელი მაგალითიცაა მარჩილ კოშალკას ,,წითელი ობობა''. ფილმი დაუნდობელი სერიული მკვლელის ისტორიას მოგვითხრობს. თუმცა, გაუთავებელი ძალადობის სცენები მაყურებელს იძულებულს ხდის თავი სოციოპათის ადგილას წარმოიდგინოს. არაჩვეულებრივი რეჟისურის წყალობით, ფილმში არაერთ თამამსა თუ ელეგანტურ სცენას იხილავთ, რომელიც ნამდვილი საავტორო კინოს ტრადიციებში აცოცხლებს ზნეობრივ ამბავს, და ამისთვის ზედმეტი დიალოგისა თუ ხმოვანი სიგნალის გამოყენება არ სჭირდება...

სექციაში წარმოდგენილი ფილმები,სხვადასხვა ნიჭიერი რეჟისორის პერსპექტივიდან აღწერენ, იკვლევენ და განიხილავენ თანამედროვე პოლონეთსა და მის კულტურას. გირჩევთ, არ გამოტოვოთ არც ერთი ფილმი ამ საყოველთაოდ აღიარებულ ფილმთაგან და სრულად დატკბეთ წლევანდელი ფესტივალით.

„პოლონურ კინოს ძალას ყოველთვის მატებდა ის ფაქტი, რომ თითოეული ეპოქა შობდა ახალ ტალანტებს. სადებიუტო ნამუშევრის შექმნა პოლონეთში შედარებით მარტივი ამოცანა იყო, რის გამოც ჩვენს ქვეყანას მუდამ ჰყავდა ახალი რეჟისორები. მათი დამსახურებით პოლონურ კინოს ყოველთვის შეეძლო გარდაქმნილიყო. ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც მიღწევადია კინოხელოვნების განვითარება...“

ანჯეი ვაიდა

 

 

ავტორი: ანა ჭყონია, პროგრამის კოორდინატორი                                                                                                                           


 

 

მნახველთა რაოდენობა: 1736