ჰორიზონტები
კინოფესტივალი მედიაში
2016-11-24

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი ტრადიციული სექციაა „ჰორიზონტები“, რომელიც აერთიანებს ბოლო ორი წლის საუკეთესო ფილმებს აზიიდან, აფრიკიდან, ავსტრალიიდან და ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკიდან. 2016 წლის “ჰორიზონტები” წარმოგიდგენთ 8 ფილმს: ისრაელიდან, ფილიპინებიდან, ეგვიპტიდან, ჩილედან, არგენტინიდან, აშშ-დან, ბრაზილიიდან და ირანიდან.

ამერიკის დამოუკიდებელი კინოს ახალი და გამორჩეული ნამუშევარი, ცხრა საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი და მაყურებლის ფავორიტი არტ-ჰაუს ფილმი, „ჯეიმს უაითი“ - ცნობილმა ჟურნალებმა “Rolling Stones”, “NY times”-მა და “Variety” -მ ბოლო დროის ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკულ ფილმად დაასახელეს. HBO-ს ცნობილი ტელეშოუების მსახიობები კრისტოფერ ებოტი და სინტია ნიქსონი კი სულ სხვა სახით წარსდგნენ კინომოყვარულების წინაშე. ნაწარმოები ექსპერიმენტულ რეჟიმშია შექმნილი და ინსპირირებულია ცნობილი რეპერისა და მუსიკოსის Kid Cudi-ს შემოქმედების მიერ.

ირანული ახალი ტალღის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, რეჟისორი რეზა დორმიშიანი თავის ახალ ფილმს წარადგენს, სახელწოდებით „ლანტური“ და სეანსის შემდეგ კითხვა პასუხის სესიას გაუძღვება.

არგენტინული დრამა „ფრანცისკო სანკტისის გრძელი ღამე“ კანის ორგზის ნომინანტი და ბუენოს აირესის დამოუკიდებელი კინოს ფესტივალის ოთხგზის გამარჯვებულია. ფრანცისკო მარკესისა და ანდრეა ტიესტას ნამუშევარი 1977 წლის ბუენოს აირესში მილიტარული დიქტატურის ქვეშ მცხოვრებ მშვიდობიან და შეუმჩნეველ ადამიანზე, ფრანცისკო სანქტიზე გვიყვება - ის შემთხვევით იგებს რამდენიმე ადამიანის „გაქრობის“ გეგმის შესახებ და დილემის წინაშე დგება: დაეხმაროს თუ არა თავის თანამოქალაქეებს?.

ბრაზილიური ფილმი „მერწყული“ 2016 წლის კანის კინოფესტივალის ლათინო -ამერიკული ფავორიტია. 65 წლის კლარა, პენსიაზე გასული მუსიკის კრიტიკოსი, არისტოკრატების შთამომავალია. ისტორიული შენობის ერთ-ერთი ბოლო მაცხოვრებელი, ებრძვის ბიზნეს კომპანიას, რომელმაც თითქმის მთელი შენობა დაისაკუთრა.

არგენტინული დრამა  „შენ არასდროს იქნები მარტო“ ალექს ანვანდტერის სადებიუტო ნამუშევარია, რომელიც ნამდვილ ამბავს ეფუძნება. ფილმმა უკვე მოასწრო ბერლინისა და სიეტლის საერთაშორისო ფესტივალებზე გამარჯვება. როდესაც მანეკენების ქარხნის მენეჯერის კროს-დრესერი თინეიჯერი შვილი სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი ხდება, ის სასოწარკვეთილი ითხოვს დახმარებას, თუმცა გამოსავალს ვერსად პოულობს და ამიტომ საკუთარი შესაძლებლობების იმედად რჩება.

სექციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი, “ნელი კინოს“ მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელისა და თანამედროვე დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, ფილიპინელი რეჟისორის ლავ დიასის სურათი „ქალი, რომელიც წავიდა“ ვენეციის ოქროს ლომის მფლობელია. ფილმი ლევ ტოლსტოის მოთხრობის მოტივებზეა შექმნილი, „ღმერთი ხედავს, მაგრამ იცდის.“ ისტორია ქალზე, რომელსაც მაღალი წლის ძალაუფლებრივმა და პრივილეგირებულმა წრეებმა სიცოცხლე წაართვა.

წელს ბერლინალეზე საუკეთესო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის პრიზი ეგვიპტურმა ნამუშევარმა ,,ქალაქის უკანასკნელი დღეები’’ აიღო. ქაიროს საქმიანი ნაწილის მიმქრალი დიდებულების ფონზე, 35 წლის კინორეჟისორი, ხალიდი, ცდილობს გადაიღოს ფილმი, რომელშიც მისი ქალაქის ვიბრაცია აისახება. ამ დროს, ქალაქში, მის ირგვლივ ყველაფერი - ოცნებებიც და შენობებიც დანგრეულია. ხალიდი ახერხებს, გაუმკლავდეს იმ ქალაქის ცხოვრების სიმძიმეს და სილამაზეს, რომელიც უკანასკნელ დღეებს ითვლის. 

მნახველთა რაოდენობა: 1287