''ფრანგული კოლექცია''
კინოფესტივალი მედიაში
2016-11-26

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოგიდგენთ ტრადიციულ სექციას ‘’ფრანგული კოლექცია’’, რომელიც ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება

სექცია წელს აერთიანებს 2016 წლის 5 ფრანგულ ფილმს, გარდა იმისა, რომ თითოეული მათგანი გამორჩეული და საინტერესო ნამუშევარია, ამასთანავე მათ საერთაშორისო აღიარება და არაერთი კინოფესტივალის ჯილდო მოიპოვეს.

რეჟისორი საშა ვოლფი, რომელმაც კანის კინოფესტივალზე დიდი ყურადღება მიიქცია, თავად წარადგენს საკუთარ დებიუტს დაქირავებული მებრძოლი“  - ფილმი ემიგრანტის ისტორიას გვიყვება, რომელიც ყველაფერს უკან მოიტოვებს და საფრანგეთისათვის რაგბის მოთამაშეობას რისკავს. ახლა ის ოფიციალურად ფრანგია, თუმცა აღიარებული წოდების მიღმა თვითდამკვიდრებისათვის ბრძოლა უწევს.

საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში კანის ერთ-ერთი პრიზის მფლობელის, ფრანგი კინოხელოვანის ოლივიე ასაიასის დრამა „პირადი მყიდველი“ ის ფილმია, რომლის გარშემოც ალბათ ყველაზე დიდი მოლოდინია. ფილმი ამერიკელი მსახიობის კრისტენ სტიუარტის მონაწილეობით, მოდის ინდუსტრიის იატაკქვეშეთში მოულოდნელად განვითარებულ ზებუნებრივ მოვლენებზე გვიყვება.

სექციის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ვერცხლის დათვის მფლობელი ფილმი „მომავალი“ - სადაც კინოვარსკვლავი იზაბელ იუპერი შუა ხნის ფილოსოფიის პედაგოგის როლს ასრულებს. სამსახურიდან გაძევების შემდეგ, ნატალის დედის უეცარ სიკვდილთან გამკლავება უწევს,   ამასთან ერთად ის უცბად აღმოაჩენს, რომ მეუღლე ღალატობს.

„აპნოე“ - ანუ „სუნთქვის უკმარისობა“, ჟან-კრისტოფ მორისის სადებიუტო ნამუშევარია, რომელსაც კანის კრიტიკის კვირეულზე დადებითი გამოხმაურებები მოჰყვა. სიურეალისტური ქვიარ კომედია სელინზე, ტომასსა და მაქსენზე, რომლებსაც უნდათ დაქორწინება, ლამაზი შვილები, ყოველდღე ხამანწკების მირთმევა და კეთილდღეობა. საფრანგეთის დაზარალებულ ეკონომიკასთან და პოლიტიკურ სისტემასთან ცუდად ადაპტირებულნი, ისინი მოტოციკლებეით საფრანგეთის გარშემო მოგზაურობენ, ეფემერული მომენტებისა და თავისუფალი ცხოვრების ძიებაში. 

კატალონიელი ექსპერიმენტატორი ალბერტ სერა პროვოკაციული ისტორიული მოვლენებისა და ლიტერატურული შედევრების ეკრანიზაციებითაა ცნობილი. მისი უახლესი ნამუშევარი „ლუი მეთოთხმეტის სიკვდილი“ ოთხი საერთაშორისო ფესტივალის პრიზიორია, სადაც ფრანგული ახალი ტალღის კინოვარსკვლავი ჟან-პიერ ლეო მომაკვდავ მეფეს განასახიერებს. 

მნახველთა რაოდენობა: 4306