დამზადებულია გერმანიაში
კინოფესტივალი მედიაში
2016-11-27

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი წარმოგიდგენთ სექციას ,,დამზადებულია გერმანიაში’’. ფესტივალის ტრადიციული სექცია 2005 წლიდან ხორციელდება ,,გოეთეს ინსტიტუტის’’ მხარდაჭერით.

სექციაში სულ წარმოდგენილია 7 გერმანული ნამუშევარი.

რეჟისორის ანე ზოჰრა ბერაჰედის 2016 წლის ნამუშევარი ‘’24 კვირა’’ მოგვითხრობს იმ დილემის შესახებ, რომლის წინაშეც ექვსი თვის ფეხმძიმე ქალი აღმოჩნდება. ის შეიტყობს, რომ მისი ჯერ კიდევ უშობელი შვილი დაუნის სინდრომითაა დაავადებული და გულის სერიოზული დეფექტი აქვს. აირჩევს თუ არა ის დაგვიანებულ აბორტს? საიდან უნდა იცოდნენ მან და მისმა მეუღლემ წინასწარ, მათ შვილს ნორმალური ცხოვრება ექნება თუ მხოლოდ დაიტანჯება? ბოლოს, მშობიარე დედა მიხვდება, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ თვითონ უნდა მიიღოს.

ფაიტ ჰელმერის ,,კოატის ბანდა’’, ფილმში მოქმედება ერთ პატარა, ევროპულ ქალაქში ხდება. აქაურობა იმდენად სტანდარტულია, რომ საბაზრო საკითხების კვლევისთვის მკვლევარები აქაურ მონაცემებს ეფუძნებიან. ამას შედეგად მოყვება ის, რომ მოხუცები მოხუცთა სახლში გადაყავთ და ამ გზით, მოსახლეობის საშუალო ასაკობრივი ზღვარის დაწევას ცდილობენ. მაგრამ ბავშვებს არ უნდათ, რომ ისინი ექსპერიმენტის ობიექტები გახდნენ და ამიტომაც ზომების მიღებას გადაწყვეტენ..

გორდიან მაუგი 2016 წლის ნამუშევარით ,,ფრიც ლანგი'', გერმანელ-ავსტრიელი რეჟისორის ფრიც ლანგის ცხოვრების შესახებ გვიყვება. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე სისასტიკე და სიყვარული მისი ფილმების მთავარ თემებად იქცა.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ორი საკონკურსო სექციის გამარჯვებული ფილმი ,,მოკითხვა ფუკუსიმიდან’’ დორის დიორის რეჟისორობით არის ახალგაზრდა გერმანელისა და მოხუცი იაპონელი ქალის მეგობრობის ამბავი, ისინი ერთმანეთს 2011 წლის მიწისძვრის შემდეგ, იაპონიაში, ფუკუსიმას რაიონში მოგზაურობისას, ხვდებიან.

,,ლუ ანდრეას-სალომე’’ კორდულა კაბლიც პოსტის ავტორობით, ლეგენდარული მწერალისა და ფსიქოანალიტიკოსის ლუ ანდრეას-სალომეს მოღვაწეობის შესახებ გვიამბობს მას ნაცისტური რეჟიმი დევნის. როდესაც გერმანელი ფილოლოგი, ერნსტ პფაიფერი მის ცხოვრებაში გაჩნდება, ის მასთან ერთად, მემუარების წერას იწყებს. 1861 წელს სანქტ-პეტერბურგში დაბადებული ლუ, პირობას დებს, რომ არასოდეს შეუყვარდება ვინმე და ცხოვრებას ინტელექტუალურ სრულყოფას მიუძღვნის. ის ხვდება პაულ რეეს და ფრიდრიჰ ნიცშეს და იმ დროინდელი კონვენციების საპირისპიროდ, ის და რეე ერთად ცხოვრობენ და სწავლობენ ბერლინში. ლუ ცხოვრობს, როგორც ინტელექტუალი და თავისუფლად მოაზროვნე, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა და ჯერ კიდევ უცნობ მწერალს, რაინერ მარია რილკეს ხვდება, უყვარდება ის. დაშორების შემდეგ, ლუს რამდენიმე სასიყვარულო ურთიერთობა აქვს. ის ზიგმუნდ ფროიდის ლექციებზე სიარულს იწყებს და აღიარებული ფსიქოანალიტიკოსი ხდება. ბოლოს თავისი ახალგაზრდობისდროინდელი ტრავმის მიზეზებს ხვდება.

ასევე ბიოგრაფიული ხასიათისაა მარია შრადერის ფილმი ,,შტეფან ცვაიგი: მშვიდობით ევროპა’’. ფილმი მოგვითხრობს სახელგანთქმული გერმანულენოვანი მწერლის, შტეფან ცვაიგის გადასახლების, მეორე მსოფლიო ომის ხანის გერმანიაში „სწორი დამოკიდებულებისთვის“ მისი შინაგანი ბრძოლის და ახალ მსოფლიოში საკუთარი ადგილის ძიების შესახებ.

მაყურებელი ამავე სექციაში იხილავს გერმანელი რეჟისორის მარედ ადეს ფილმს ,,ტონი ერდმანი’’, რომელიც, წლის ერთ-ერთ გახმაურებული და წარმატებული ნამუშევარია. ნომინირებული იყო ბრიუსელი, კანის, სან-სებასტიანის, ნორვეგიის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, სადაც არაერთი ჯილდო მოიპოვა.

მნახველთა რაოდენობა: 1281