კინოფესტივალის პრეს-რელიზი 2016.11.30
კინოფესტივალი მედიაში
2016-11-30

დღეს, 30 ნოემბერს, 21:00 საათზე კინოთეატრ „ამირანის“ პირველ დარბაზში გაიმართება ოსკაროსანი რეჟისორის ჰიუ ჰადსონის 2016 წელს გადაღებული ფილმის „ალტრამირა“ თბილისური პრემიერა. 1 დეკემბერს 14:00 საათზე კი ჰიუ ჰადსონი ქართველ რეჟსორთან დიტო ცინცაძესთან ერთად მასტერ-კლასს ჩაატარებს, სადაც კინომოყვარულებს თავისი შემოქმედების შესახებ გაესაუბრება.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ტრადიციული და პოპულარული არასაკონკურსო სექცია, „ევროპული ფორუმი" წლის ყველაზე გამორჩეულ, მრავალფეროვან და საინტერესო 20 ევროპულ ნამუშევრებს აერთიანებს. სწორედ „ევროპული ფორუმის“ ფარგლებში იხილავს მაყურებელი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი რეჟისორის ჰიუ ჰადსონის ნამუშევარს „ალტამირა“.

ოსკაროსანი რეჟისორის 2016 წლის ნამუშევარი ანტონიო ბანდერასის მონაწილეობით  მე-19 საუკუნეში გვაბრუნებს და იმ მამაკაცის შესახებ გვიყვება, რომელმაც ალტამირას გამოქვაბულები აღმოაჩინა. ცხრა წლის მარია საუტუოლა და მამამისი, მარსელინო, გამოქვაბულში ბიზონის სრულყოფილ ნახატს აღმოაჩენენ, მაგრამ მარიას ღვთისმოშიში დედა ვერ ეგუება იმ აზრს, რომ წინარეისტორიულ ხანაში „ველურებმა“ ასეთი საოცარი ხელოვნების ნიმუშები შექმნეს. კათოლიკური ეკლესია ამას ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე შეტევად აღიქვამს. წინარეისტორიული ხანის მოწინავე მკვლევარი, კარტალიაკი, მარსელინოს და მის აღმოჩენას ყალბს უწოდებს. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ოჯახი იძულებულია გამოქვაბულები დაკეტოს.

დღესვე 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანის“ მე-2 დარბაზში საფრანგეთში მოღვაწე კანადელი მსახიობი და ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი ალექსანდრა სტიუარტი ქართველ რეჟსორთან ნუცა ალექსი-მესხიშვილთან ერთად ფრანსუა ტრიუფოს წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლებს. წიგნის პრეზენტაციის შემდეგ 21:00 საათზე კი სტიუარტი მაყურებელს წარუდგენს ფრანსუა ტრიუფოს ფილმს „ამერიკული ღამეები“, სადაც თავადაც მონაწილეობს.

ალექსანდრა სტიუარტი, რომელსაც ქართველი და უცხოელი კინომოყვარულები ტრიუფოს ფილმებიდანაც იცნობენ წლევანდელი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეა.

ღონისძებები იმართება თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფეტსივალის ფარგლებში, რომელიც 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით კინომოყვარულებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.


 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1102