ინტერვიუ ჯოვანი სპანიოლეტისთან
კინოფესტივალი მედიაში
2016-12-01

იტალიური რეტროსპექტივა - „აპოლო - კინოს მეხსიერება“

თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის სექციაში „აპოლო-კინოს მეხსიერება’’ კინომცოდნე ჯოვანი სპანიოლეტიმ წარადგინა 3 იტალიური ფილმი: ჯილო პონტეკორვოს „ბრძოლა ალჟირისთვის“, ფრანჩესკო როზის „სალვატორე ჯულიანო“ და ელიო პეტრის “ეჭვმიუტანელი მოქალაქის გამოძიება“.

ჩვენების დაწყებამდე მან ისაუბრა აღნიშნულ ფილმებზე და იმ მიზეზებზე რის გამოც  შეარჩია ეს ნამუშევრები.

მისი თქმით, ეს ფილმები არის განაცხადი, რეალობის ჩვენება.  ფილმით „სალვატორე ჯულიანო“  მოხდა მაფიის გაშიშვლება; „ბრძოლა ალჟირისთვის“ არის პოლიტიკური განაცხადი - ხალხის ბრძოლა თავისუფლებისთვის; „ეჭვმიუტანელი მოქალაქის გამოძიებაში“ კი ნაჩვენებია  პოლიციის  რეპრესიები და ის ზეწოლა, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები მათი მხრიდან განიცდიან.

„რა თქმა უნდა, მე შემეძლო სხვა ფილმებიც შემერჩია, მაგრამ 60-იანი წლების ფილმები, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო პერიოდია  კინემატოგრაფიაში. ამ პერიოდში იტალიური კინო ყველაზე ახლოს მივიდა პოლიტიკურ ცხოვრებასთან. ნეორეალიზმის შემდეგ ეს იყო მეორე ეტაპი, როდესაც კინომ ასე მკაფიოდ წარმოაჩინა პოლიტიკური რეალობა.  კინემატოგრაფი შეეცადა იტალია ჩამოყალიბებულიყო ნამდვილ დემოკრატიულ სახელმწიფოდ“ - ამბობს სპანიოლეტი და აღნიშნავს, რომ 60-იანი წლების რეჟისორებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო რეალური ცხოვრების სწორად ასახვა.

მისი თქმით, მოგვიანებით, იტალიურმა კინომ შეცვალა თხრობის სტილი: უკვე იწყება პოლიტიკის ჩვენება  იმ ადამიანების მეშვეობით, რომელთაც გადახდებოდათ პოლიტიკური დრამა. ხალხის კინემატოგრაფი  გადაიქცა ინდივიდალური ადამიანების კინემატოგრაფად, რომელთაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ესა თუ ის მოვლენა. თავის დროზე კინო იყო ძლიერი, მებრძოლი, რომელსაც სურდა ნამდვილი ისტორიების გადმოცემა. სწორედ ეს იყო ამომავალი წერტილი და სწორედ ამის გამო აირჩია იტალიელმა კინომცოდნემ ეს ფილმები - ფილმები, რომლებიც იყო და დარჩება საოცარ ნამუშევრებად.

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 2705