ქართველი სტუდენტები ფაჯრის ტალენტ კამპუსის შორთლისტში მოხვდნენ
კინოფესტივალი მედიაში
2017-05-16

 

21-28 აპრილს თეირანში 35-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდა. ფესტივალი, რომელიც 1982 წელს დაარსდა, დღესდღეობით ირანის ყველაზე მასშტაბურ კინოღონისძიებად ითვლება. მან დიდი როლი შეასრულა ირანული კინოს პოპულარიზაციის საქმეში.

წლევანდელ ფესტივალზე ტალენტ კამპუსის ფარგლებში სცენარისტებისთვის ჩატარდა ვორქშოფები, რომელიც 4 ძირითად თემას ეხებოდა - მიგრაცია, გარემოს დაცვა, მშვიდობა და სიყვარული. ფესტივალის დასასრულს ბოლო ეტაპზე გადასასვლელად საუკეთესო სტუდენტები გამოვლინდნენ - მათ შორის თამარ თვარაძე და აკაკი ჭირაქაძე, რომლებიც პროექტს შექმნიან თემაზე „სიყვარული".

ირანელი ალი ჰოსეინზადე მშვიდობის, ინდოელი მარია საიედი მიგრაციის, ხოლო მოსტაფა შამსი გარემოს დაცვის სექციების გამარჯვებულებად აღიარეს.

შორთლისტში გასულ სტუდენტებს სცენარის საბოლოო ვერსიის ჩასაბარებლად ერთი თვე აქვთ. გამარჯვებული კონკურსანტი ტალენტ კამპუსის ჯილდოს მფლობელი გახდება და მოკლემეტრიაჟიანი ფილმის გადასაღებად საჭირო ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს.

ტალენტ კამპუსი ახალგაზრდა და ნიჭიერი სტუდენტების აღმოსაჩენად დაარსდა. წლევანდელ ვორქშოფს 110 სტუდენტი ესწრებოდა 33 ქვეყნიდან.

 

მნახველთა რაოდენობა: 198