ქართული ფილმები ინსბრუკის კინოფესტივალზე
კინოფესტივალი მედიაში
2017-05-19


23-28 მაისს ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში საერთაშორისო კინოფესტივალი ტარდება. კინოფორუმი 1999 წლიდან იმართება და ძირითად ფოკუსს ლათინოამერიკულ, აფრიკულ, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის კინოპროდუქციაზე აკეთებს.

ფესტივალს 1992 წელს ჩაეყარა საფუძველი, მაშინ როდესაც ოტო პრემინგერის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ინსბრუკში კინოფესტივალის დაარსება გადაწყვიტეს. დასაწყისში მას "ამერიკული კინოფესტივალი" ერქვა, 96-ში სახელი გადაერქვა და "სინევიჟიონ"-ად მოიხსენიებოდა. "ინსბრუკის საერთაშორისო კინოფესტივალის" სახელით ის პირველად მხოლოდ 1999 წელს ჩატარდა.

ფესტივალს რამოდენიმე საკონკურსო პროგრამა აქვს და გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში აჯილდოებს: საუკეთესო მხატვრული ფილმი, საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, პრიზი "სამხრეთის ქარი" (რომელსაც სტუდენტებისგან შემდგარი ჟიური ხელმძღვანელობს), მაყურებლის პრიზი, ინსბრუკის უნივერსიტეტის პრიზი და ფესტივალის საპატიო ჯილდო.

წლევანდელ ფესტივალზე პატივს მიაგებენ ირანელ რეჟისორს აბას კიაროსტამის, რომელიც ერთი წლის წინ გარდაიცვალა და მაყურებელს მის რამოდენიმე ფილმს შესთავაზებენ.

საპატიო ადგილი უკავია ჩეხ რეჟისორს ირჟი მენცელსაც, რომლის რეტროსპექტივა ფესტივალის ფარგლებში იგეგმება. სხვათაშორის, ფესტივალი 23 მაისს რობერტ კოლინსკის დოკუმენტური ფილმით "ირჟი მენცელი - კომედიის გადაღება არაა სახალისო საქმე" გაიხსნება, რომელიც ჩეხ რეჟისორზე გვიყვება.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას იღებს ქართველი რეჟისორი ხათუნა ხუნდაძე, რომელიც დოკუმენტური ფილმების ჟიურიშია მიწვეული. ამავდროულად, ფესტივალზე მისი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის "სეროზული კაცი" ჩვენება გაიმართება. 16 წუთიან ფილმში, რომელიც 1 წლის წინ ჩვენს ფესტივალზე იქნა ნაჩვენები, აღწერილია 40 წლამდე თანამდებობის პირი მამაკაცის ცხოვრება, რომელიც მშობლებთან ერთად ცხოვრობს და ვერ ან არ ცდილობს გამოვიდეს მათი მეთვალყურეობიდან.

ხათუნა ხუნდაძემ თბილისში სამედიცინო განათლება მიიღო. მოგვიანებით გერმანიაში, შტუტგარტის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა. რამდენიმე წელში მან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. დღეს ხათუნა ხუნდაძე კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორთა საბჭოს წევრია.

ამას გარდა ფესტივალზე, სექციაში "სამხრეთის ქარი" კიდევ ერთი ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები - გიორგი ოვაშვილის არაერთი პრიზის მფლობელი "გაღმა ნაპირი".

ინსბრუკის საერთაშორისო კინოფესტივალი პარტნიორობას უწევს ჩვენ ფესტივალს. შარშან, მისი დირექტორი ჰელმუტ გროშუპი სტუმრად იმყოფებოდა თბილისის კინოფესტივალზე.

 

მნახველთა რაოდენობა: 392