ახალი ქართული ფილმი აგვისტოს ომზე
კინოფესტივალი მედიაში
2017-05-25

„2008 წელი. საქართველო.

ფილმის მთავარი გმირი 45 წლის ქართველი გლეხი მეტსახელად ახმეტაა, ის მძიმე სენით დაავადებულ ცოლთან - ხატიასთან ერთად საომარი მოქმედებების მახლობლად ქართულ სოფელ შინდისში ცხოვრობს. აგვისტოს ომში სოფელ შინდისში დატრიალებული მოვლენები რიგითი ქართველი გლეხის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. სწორედ სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურში მძიმე ტექნიკით შეიარაღებული რუსული სამხედრო ნაწილი ქართველებისთვის მიცემულ მშვიდობიანი დერეფნის პირობას არღვევს და ჩასაფრებაში შეტყუებულ ქართველ მეომრებს გამანადგურებელ ცეცხლს უხსნის.“ - ეს ახალი ქართული მხატვრული ფილმის - „შინდისის“ მოკლე სინოფსისია, ფილმისა, რომლის გადაღებებიც სულ მალე დაიწყება.

სცენარს საფუძვლად უდევს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში მომხდარი რეალური ამბავი. პროექტის ავტორი და ფილმის პროდიუსერია ედმონდ მინაშვილი, სცენარისტი - ირაკლი სოლომანაშვილი, კომპოზიტორი - გია ყანჩელი, ოპერატორი - კონსტანტინე-მინდია ესაძე, ხოლო რეჟისორი - დიტო ცინცაძე.

„ჩემთვის როგორც რეჟისორისთვის ეს ფილმი განსაკუთრებულია,“ აღნიშნა დიტო ცინცაძემ, „პირველ რიგში იმიტომ, რომ საშუალებას მომცემს, გავაკეთო ეპიკური ქართული ფილმი, როგორც იდეით, ისე მასშტაბურობითა და ტექნიკური შესაძლებლობებით... ეს არის ისტორია ადამიანისა, რომელმაც არც კი იცოდა, თუ რა ძალები იმალებოდა მასში, და როგორ გახდა გმირი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

ეს ფილმი ჩემი სამშობლოს გმირებზეა, მათზე, ვინც თავი გაწირა ჩვენი კეთილდღეობისთვის და სიმშვიდისთვის!“.

ფილმს საინტერესო სამსახიობო დასი ჰყავს: მერაბ ნინიძე, ია სუხიტაშვილი, დათო ბახტაძე, მიშა გომიაშვილი. როგორც პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა პროდიუსერმა ედმონდ მინაშვილმა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჯონ მალკოვიჩთან.

ფილმის გადაღებები ზაფხულშია დაგეგმილი. სულ ახლახანს შემოქმედებითმა ჯგუფმა დანარჩენ როლებზე კასტინგი ოფიციალურად გამოაცხადა.

მნახველთა რაოდენობა: 1526