„ხიბულა“ და „დედე“ კარლოვი ვარის კინოფესტივალზე
კინოფესტივალი მედიაში
2017-06-01

„გიორგი ოვაშვილი 3 წლის შემდეგ კარლოვი ვარიში ბრუნდება" - წერს კარლოვი ვარის საკონკურსო ფილმების შესახებ ონლაინ გამოცემა „სინეუროპა" (Cineuropa).

კარლოვი ვარის კინოფესტივალი 1948 წელს დაარსდა და დღესდღეობით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვან კინოფესტივალად ითვლება. რიგით 52-ე ფესტივალი წელს ჩეხეთში 30 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

წლევანდელი ფესტივალი ორ ქართულ ფილმს მასპინძლობს: გიორგი ოვაშვილის „ხიბულა" (მთავარი საერთაშორისო კონკურსი) და მარიამ ხაჭვანის „დედე" (საკონკურსო პროგრამა „დასავლეთის აღმოსავლეთი" - East of the West).

ოვაშვილის ფილმში „ხიბულა" აღწერილია 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები. ფილმის პროტაგონისტია ახლად არჩეული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელიც აჯანყების გამო იძულებულია, მთებში გაიხიზნოს.

„შთამბეჭდავი კავკასიის ფონზე ვხედავთ კაცს, რომელიც ძალაუფლებისთვის იბრძვის მაშინ, როდესაც თავად მასში შიდა ბრძოლა მიმდინარეობს. ზუსტად ამ დროს ის საკუთარ ბედისწერასთან შესახვედრად მიდის.

ოვაშვილი არ ცდილობს ბიოგრაფიული ფილმის შექმნას და მის პოლიტიკურ სამსჯავროზე გამოტანას. პირიქით, ის ცდილობს ისტორიული მოვლენები ჩარჩოდ გამოიყენოს და ისტორია მსუბუქი მელანქოლიითა და უშეცდომო ვიზუალური პოეტიკით აღწეროს", - წერია ფილმის შესახებ კარლოვი ვარის ვებ-გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ოვაშვილის წინა ფილმმა „სიმინდის კუნძული" 2014 წელს კარლოვი ვარის გრან-პრი აიღო.

 

მარიამ ხაჭვანის „დედე"-ს ამბავი სვანეთში ვითარდება. ახალგაზრდა გოგონა დინა იძულებულია დაემორჩილოს მისი კუთხის წესებს, ტრადიციებს. მაგრამ, იქნებ შესაძლებელია, წინ აღუდგე ამ ყველაფერს? იქნებ შესაძლებელია სიყვარულისთვის იბრძოლო და ყველას დაუპირისპირდე?

„დედე" მარიამის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 816