თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იწყებს „ქართული პანორამისთვის“ განაცხადების მიღებას!
კინოფესტივალი მედიაში
2017-06-12

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი დიდ ყურადღებას უთმობს ქართულ კინოს და სწორედ ამიტომ, ყოველწლიურად ქართველ და უცხოელ მაყურებელს სექცია „ქართულ პანორამას" სთავაზობს.

სექცია 2012 წლიდან არსებობს და ამ პერიოდის განმავლობაში უამრავ ქართულ ფილმს გაუხსნა გზა მსოფლიო ასპარეზისკენ. „ქართული პანორამა" უახლეს ქართულ მხატვრულ, დოკუმენტურ, ანიმაციურ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს აერთიანებს.

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი დღეს, 12 ივნისს დაიწყებს განაცხადების მიღებას „ქართულ პანორამაში" მონაწილეობისათვის. ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა პროფესიონალ კინემატოგრაფისტს (გარდა სტუდენტებისა), რომელთა ნამუშევრები შექმნილია 2016 ან 2017 წელს.

სექციაში გაიცემა სამი პრიზი - პრომეთე საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის.

მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ფესტივალის ვებ-გვერდზე განთავსებული განაცხადის შევსება და მასალის გამოგზავნა ფესტივალიი ოფისში. გამოსაგზავნი მასალისა და სხვა მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის დეტალურად გაცნობა ფესტივალის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამას „ქართული პანორამა" შეაფასებს პროფესიონალებისგან შემდგარი ჟიური. მათ შორის კინოკრიტიკოსები ულრიხ და ერიკა გრეგორები, რომლებიც უკვე 4 წელია „ქართული პანორამის" ჟიურის უცვლელი წევრები არიან. ჟიურის მესამე წევრი კი ყოველ წელს იცვლება.

გრეგორები კინოსამყაროში ცნობილები არიან, როგორც კინო და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტის, „არსენალი"-სა და ბერლინის კინოფესტივალის დამოუკიდებელი პროგრამის, „ფორუმის" დამაარსებლები. 2010 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალმა მათ გადასცა პრიზი „ბერლინალეს კამერა", კინოში შეტანილი წვლილისათვის. ისინი არიან ასევე ევროპული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელები. გერმანელი კინოკრიტიკოსები თბილისის კინოფესტივალის და ზოგადად ქართული კინოს დიდი გულშემატკივრები და პრომოუტერები არიან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 10 სექტემბერი.

თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი 4-10 დეკემბერს გაიმართება.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 312