„სოვდაგარი“ და „პატაგონია ავტოსტოპით“ - დოკუმენტური ჩანახატები ფრონტლაინში
კინოფესტივალი მედიაში
2017-06-20

16 ივნისს კლუბ „ფრონტლაინ ჯორჯიაში" ორი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა: ბესო გვენეტაძის „პატაგონია ავტოსტოპით" (2016) და თამთა გაბრიჩიძის „სოვდაგარი" (2016). ბესო არაპროფესიონალია და მისი „სამოყვარულო" ფილმი ერთი მოგზაურობის შედეგად შეიქმნა. თამთა პროფესიით რეჟისორია და მას რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული.

„აი, მე მძღოლი ვარ, ხო? ხოდა, ეხლა გეტყვი, რას ნიშნავს იყო მძღოლი არგენტინაში და რას - ევროპაში", - ისმის კადრში. 14 წუთის განმავლობაში, სატვირთო მანქანის ფანჯრიდან უყურებ პატაგონიის ლამაზ ბუნებას, თვალწარმტაც ლანდშაფტებს... და ფონად გესმის უსასრულო საუბრები, დიალოგები ღმერთზე, გლობალურ დათბობაზე, სანტა კრუზში არსებულ უმუშევრობაზე, დედაზე... ბესო გვენეტაძის მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში (ვიდეოში - როგორც თავად ეძახის) არ არსებობს ერთი კონკრეტული გმირი. ის მოგზაურობს და თავისი თავგადასავლის მონაწილე ადამიანებს მხოლოდ ფრაგმენტულად, ამოგლეჯილი დიალოგებით გაცნობს; აუდიოფილმია.

ბესო პროფესიით იურისტია. პირველად ავტოსტოპით საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში იმოგზაურა. ზუსტად მაშინ გადაწყვიტა, ოცნება აეხდინა და არგენტინაში ავტოსტოპით ემოგზაურა. გზად კი, ვიდეო გადაეღო. ისე, ვიმეოზე ან იუთუბზე ასატვირთად. კამერის საყიდლად 2 წელი აგროვებდა ფულს და ესპანურსაც ინტენსიურად და მიზანმიმართულად სწავლობდა. 2016 წლის ნოემბერში ბესო არგენტინასა და ჩილეში, პატაგონიის რეგიონში წავიდა ზურგზე მოკიდებული დიდი ჩანთით, კარვით, ვიდეოკამერითა და ხმის ჩამწერი აპარატით. 3000 კილომეტრი ავტოსტოპით გაიარა და გზად, სატვირთო მანქანების მძღოლების მონოლოგები ჩაწერა. „პატაგონია ავტოსტოპით" საინტერესო ფორმით მოყოლილი ჩანახატია, რომელიც გიტოვებს განცდას, რომ რაღაც დაგაკლდა... მეტს დაათვალიერებდი, კიდევ უფრო მეტს მოისმენდი.

აპრილის ბოლოს ტორონტოში, კანადის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი Hot Docs ჩატარდა. Hot Docs „ოსკარის" საკვალიფიკაციო ფესტივალია და მასში გამარჯვებულ ფილმებს „ოსკარის" ნომინაციებში მოხვედრის დიდი შანსი აქვთ. თამთა გაბრიჩიძის ფილმი „სოვდაგარი" Hot Docs-ის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

თავდაპირველად, „სოვდაგარი" სრულმეტრაჟიან ფილმად იყო ჩაფიქრებული. მართალია, 2016 წელს, ისევ Hot Docs-ზე ჯერ კიდევ პროექტად წარდგენილმა, დიდი მოწონება და დაინტერესება გამოიწვია, მაგრამ კონკურსანტის მშობლიური ქვეყნიდან დაფინანსების არარსებობის გამო (რასაც დიდი ყურადღება ექცევა ხოლმე ფესტივალებზე), კოპროდუქცია ვერ შედგა. „კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში უარს, დოკუმენტური ფილმების სტუდიიდანაც უარი მოჰყვა. ზუსტად მაგ დროს გამოჩნდა საზოგადოებრივის გადაცემის, „ტელებლოგის" მიერ გამოცხადებული კონკურსი. მივედი და ვცადე", - მიყვება თამთა.

სრულმეტრაჟიანი პროექტი, სატელევიზიო გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, მოკლემეტრაჟიან ფილმად იქცა და შეიქმნა ერთი ვაჭრის, სოვდაგარ გელას დაუჯერებელი ისტორია. გელა ახალგაზრდა კაცია, რომელიც დატვირთავს ხოლმე თავის მანქანას ათასი ხარახურით: საპნის ბუშტებით, ნათურებით, ქალის ბრჭყვიალა ჩანთებით, ტანსაცმლის საწმენდი ჯაგრისებით (ტანსაცმლის „პილესოსით", როგორც ფილმში ეძახიან), ჩექმებით, წინდებით, ნამცხვრის საცხობი ფორმებით და მთელი ეს ავლადიდება სამცხე-ჯავახეთის სოფლებში მიაქვს. - რა ღირს ეს ჩექმა? - კითხულობს ქალი; - 25 კგ კარტოფილი, პასუხობს გელა მანქანიდან; - და ეს შარფი? - ქალი ვარდისფერ ყელსახვევს იხვევს და გვერდზე მდგომებს აჩვენებს; - ეეს? ეს 5 კგ კარტოფილი, ისმის ისევ. აქ ფულით არავინ ვაჭრობს, ყველაფერი კარტოფილებით იზომება. კარგი ვაჭრობის შემდეგ გელა ქალაქში ბრუნდება, სადაც ნავაჭრ კარტოფილს ყიდის.

4 დღეში გადაღებული ფილმი დინამიკურად ვითარდება. აკვირდები კარტოფილით ვაჭრობის სცენებს, გელას მანქანასთან შეკრებილ სოფლის მაცხოვრებლებს, მათ ყოველდღიურობას და შრომას. გამახსოვრდება მანქანის საბარგულში გამოფენილი ხარახურის დანახვაზე ბავშვების ბედნიერებისგან აკიაფებული თვალები. - ვინ უნდა გამოხვიდე? - ისმის უცბად კადრს მიღმა. 7-8 წლის ბიჭი გაბადრული იყურება კამერაში და არ პასუხობს. - მაგას ჟურნალისტობა უნდა, - მის მაგივრად პასუხობს დედა. ბიჭი წამით გახედავს უკან მყოფ დედას და მისი პასუხით კმაყოფილი ისევ კამერას აშტერდება.

სალომე კიკალეიშვილი

 

 

მნახველთა რაოდენობა: 454