სიჩუმის მოსმენისას
კინოფესტივალი მედიაში
2017-07-07

29 ივნისს კლუბ „ფრონტლაინ ჯორჯიაში" მარიამ ჭაჭიას დოკუმენტური ფილმის „მოუსმინე სიჩუმეს" ჩვენება გაიმართა. ფილმი 2016 წელს ლაიფციგის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა სექციაში „მომავლის ოსტატები". ქართველმა მაყურებელმა კი იგი იმავე წელს, ჩვენს კინოფესტივალზე ნახა.

„შეიძლება ერთი წუთით?.. ეს მეოთხეკლასელი ლუკა ფოცხვერაშვილია, ძალიან ენერგიული და მოძრავი ბავშვია. ეხერხება აი, ეს ტრიალები ცეკვის და... თუ შეიძლება, რომ ნახოთ და თქვენთან იაროს წრეზე... ძალიან უნდა ცეკვა", - ამბობს შუახნის მასწავლებელი და სკამზე შემოსკუპებულ ლუკას თავზე უსვამს ხელს. ეს კადრი მარიამ ჭაჭიამ შემთხვევით გადაიღო, როდესაც სმენადაქვეითებულ და ყრუ ბავშვთა 203-ე სკოლაში გადაღებების დასაწყებად მივიდა. თავდაპირველად, მისი ფილმის გმირები სულ სხვა ბავშვები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ იქ მისულმა ციბრუტივით ბზრიალა პატარა ბიჭი აღმოაჩინა და 9 წლის ლუკა დოკუმენტური ფილმის „მოუსმინე სიჩუმეს" მთავარი გმირი გახდა.

ფილმის შექმნის იდეა სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც სრულიად შემთხვევით სმენადაქვეითებული გოგონების სილამაზის კონკურსზე აღმოჩნდა. გაოგნდა, ვერ გაიგო, როგორ შეიძლება, ადამიანმა, რომელსაც მუსიკა არ ესმის, იცეკვოს. მიხვდა, რომ ამ სოციუმზე საერთოდ არაფერი იცოდა და ზუსტად მაშინ გადაწყვიტა ამ თემაზე მუშაობის დაწყება. დასაწყისში, ალბათ 6 თვე ვერ მიდიოდა სკოლაში, ეგონა, რომ მისი იქ ყოფნით ბავშვებს დისკომფორტს შეუქმნიდა. თუმცა, როდესაც მივიდა, მიხვდა - ისინი ღია არიან ურთიერთობისთვის, ეს ჩვენ გვაქვს მათთან კომუნიკაციის პრობლემა.

„მოუსმინე სიჩუმეს" თავებადაა დაყოფილი. ამბის თხრობა რამდენჯერმე წყდება - როდესაც კადრში გრძელ დაფაზე, ცარცით დაწერილი ეპიზოდების სათაურები ჩნდება.

80 წუთის განმავლობაში შენთვის სრულიად უცხო და ახალი სამყაროს მოწმე ხდები. უყურებ 9 წლის ბიჭისა და მისი მეგობრების ყოველდღიურობას და მათთვის ამ ლამის ჯადოსნურ სივრცეს, სადაც სკოლის სხვადასხვა ასაკის ბავშვები თითებზე დათვლილი რიტმით სწავლობენ ცეკვას. მთელი წლის განმავლობაში მუშაობენ, ვარჯიშობენ, რომ ბოლოს, დამამთავრებელ საღამოზე სკოლის პატარა სცენაზე გამოვიდნენ და იცეკვონ.

ამ სკოლა-ინტერნატში ბავშვები საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოჰყავთ. ეს ხომ სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის ერთადერთი ადგილია, სადაც მათ გარე სამყაროსთან კომუნიკაციას - ჟესტების ენას ასწავლიან. ბავშვების უკეთ გასაცნობად და ჟესტების ენის სასწავლად მარიამი გადაღებების დაწყებამდე, დაახლოებით ერთი წელი ყოველდღე დადიოდა სკოლაში.

ფილმის მთავარი გმირი ლუკაა, რომელიც ხან მეგობრებს დასდევს ეზოში, ხან ჭიდაობს, ხანაც სხვებს უშლის ცეკვაში ხელს. ხან კი თავისთვის, ჩუმად ერთობა - უზარმაზარ ბოქლომს ანარცხებს ფანჯრის რაფაზე, მონოტონურად, მრავალჯერ... თითქოს ხმის გაგებას ცდილობს. ზოგჯერ კი თავადაც ცეკვავს. ლუკას ხომ ძალიან უყვარს ცეკვა და მისი ოცნება წლის ბოლოს, სკოლის საღამოზე გამოსვლაა. ჰიპერაქტიურს, მასწავლებელი დარბაზიდანაც კი აგდებს, „აღარ გაცეკვებო", მაგრამ ლუკა საკუთარი ოცნების ასრულებას მაინც ჯიუტად ცდილობს. უყურებ ამ მხიარულ, ცელქ ბიჭს და მხოლოდ ერთხელ გიპყრობს შიში, როდესაც საცეკვაო დარბაზში, სავარჯიშო კედლის წვერზე დამდგარს ხედავ. ერთი გამოძრავება და შეიძლება ჩამოვარდეს კიდეც. ხმა არ ისმის. ქვემოთ ვიღაცები დარბიან და მისკენ იშვერენ ხელებს. ის კი ისევ დგას, უმოძრაო, გამეხებული. უყურებ ამ სიჩუმეს და უზარმაზარ უფსკრულს გრძნობ. ეს მოუსვენარი და მუდამ მცქმუტავი ბავშვი შენგან სრულიად გაუცხოებული, დისტანცირებული ხდება.

მართალია, გარკვეულ დღეებში ისინი მშობლებთან, ოჯახებში ბრუნდებიან, მაგრამ არა ლუკა. ის თითქმის სულ აქაა და მშობლებს იშვიათად ნახულობს. ცოტა ხნით მოსულ დედას მისთვის ისრაელიდან ჩამოტანილი შოკოლადი მოაქვს - „ნახე, ასეთი არ გექნება ნაჭამი, პირში ტკაცუნებს, ნახე, - ეუბნება შვილს, - მე ახლა წავალ და მერე მოვალ", - ამატებს ბოლოს. თან ცდილობს, ეს ყველაფერი შვილს ხელებით აუხსნას, რადგან ჟესტების ენა არ იცის. ლუკა სახეს მანჭავს და შოკოლადის ფილას სწრაფი მოძრაობით იტენის პირში. დედის გასვლა და ფარდის გადაწევა ერთია; იყურება, ალბათ აცილებს.

ფილმის ბოლოს კონცერტია. ლუკა ფაფახით გამოდის აუდიტორიის წინაშე, სადაც მისი მშობლებიც არიან და ცეკვას იწყებს. ბოლოს დარბაზს თავს უკრავს და კულისებში გადის. ახლა? საინტერესოა, რა იქნება ახლა? - ფიქრობ ამ ყველაფრის შემყურე.
„ცეკვა მათთვის საშუალებაა, რომ სცენაზე ავიდნენ და ცოტა ხნით მაინც, თავი ჩვეულებრივ ბავშვებად იგრძნონ, - ამბობს ფილმის რეჟისორი მარიამ ჭაჭია, - ეს ფილმი ჩვენთვისაა, პირველ რიგში - ჩვენთვის".

სალომე კიკალეიშვილი

 

 

მნახველთა რაოდენობა: 680