ვირტუალური რეალობა ვენეციაში
კინოფესტივალი მედიაში
2017-09-01

30 აგვისტოს, კუნძულ ლიდოზე ვენეციის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა. მსოფლიოს ყველაზე ბებერი კინოფორუმი წელსაც უამრავ ვარსკვლავს სტუმრობს და სანამ „პალაცო დე სინემას" წითელ ხალიჩასთან ჩასაფრებული პაპარაცები მათი აღბეჭდვით იქნებიან დაკავებულები, მაყურებელს აღიარებული რეჟისორების ბოლო ნამუშევრები და ახალი სახელების აღმოჩენა ელოდება.

წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულად საინტერესო საკონკურსო სექციებს და პროგრამას გვთავაზობს - „ვენეციის დღეები", „კრიტიკოსთა კვირეული", „სპეციალური ჩვენებები", „მთავარი საკონკურსო პროგრამა", „ჰორიზონტები", სადებიუტო ნამუშევრებისთვის „ლუიჯი დე ლაურენტისის სახელობის პრიზი", „ვენეციის კლასიკა" (რომლის სტუდენტური ჟიური აღდგენილ ფილმს და კინოზე გადაღებულ საუკეთესო დოკუმენტურ ფილმს დაასახელებს) და რაც მთავარია, სიახლე - Biennale College Cinema - Virtual Reality. ამ ახალ საკონკურსო სექციაში 360 გრადუსით შექმნილი ფილმები, ინსტალაციები და პერფორმანსებია წარმოდგენილი. მართალია, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფესტივალებს ჰქონდათ მცდელობა გაეერთიანებინათ ვირტუალურ რეალობა და კინო, მაგრამ როგორც საკონკურსო პროგრამას სპეციალურად მოწვეული ჟიურით პირველად სწორედ ვენეციის კინოფესტივალი გვთავაზობს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ექსპერიმენტული და ნოვატორული სვლა, ჯერ არც ერთ კინოფესტივალს გაუკეთებია.

ყველაფერი რამოდენიმე თვის წინ დაიწყო, როდესაც ვენეციის ბიენალემ ამ სექციაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსი გამოაცხადა. განაცხადის შეტანა ნებისმიერი გამოცდილების მქონე ადამიანს შეეძლო. შერჩეული აპლიკანტები პროფესიონალებთან ერთად რამოდენიმე თვის განმავლობაში ეუფლებოდნენ და სწავლობდნენ თუ როგორ უნდა მოყვე ამბავს 360 გრადუსით.

„მე მინდოდა მათთვის (ხალხი) მეჩვენებინა, რომ ვირტუალური რეალობა ხელოვნების ახალი ფორმაა. ის არ არის კინოს მომავალი, ის რაღაც სხვა იქნება, სრულიად სხვა", - თქვა „ვარიეტესთვის" მიცემულ ინტერვიუში ფესტივალის დირექტორმა ალბერტო ბარბერამ. ამ ექსპერიმენტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ის ფაქტი, რომ ეს სექცია ლიდოსგან არც ისე შორს, ერთ-ერთ პატარა, მიტოვებულ კუნძულზე გაიმართება. საკონკურსო ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ის ინსტალაციებიც, რომელიც ამ პროექტზე მუშაობისას შეიქმნა.

22 ნამუშევარს შორისაა მუსიკოსი ლორი ანდერსონის ექსპერიმენტული ვირტუალური რეალობა "La Camera Insabbiata". მაყურებელი ამ ინსტალაციის უშუალო მონაწილეა, ის უშველებელ სივრცეში ხვდება, რომლის კედლები უსასრულო ტექსტებით აჭრელებული დაფისგანაა გაკეთებული. ამ ყველაფრის ნახვა/წაკითხვა კი, მხოლოდ ფრენით შეიძლება. „წარმოუდგენელი ნამუშევრებია, - ამბობს ბარბერა, - მართალია, თუ ამ ყველაფერს დიდ ხანს უყურებ არსებობს თავბრუსხვევისა თუ თავის ატკიების პატარა შანსი, რადგან ტექნიკურად ის ჯერ არ არის იდეალური, მაგრამ გარწმუნებთ, ეს ფილმები ამად ღირს!".

წლევანდელ ფესტივალზე საპატიო ჯილდოებს გადასცემენ ჯეინ ფონდას და რობერტ რედფორდს. ასევე, თანამედროვე კინოში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება ბრიტანელი რეჟისორი სტივენ ფრირზი, რომლის ნამუშევარი „ვიქტორია და აბდული" („Victoria and Abdul") ჯუდი დენჩით მთავარ როლში, ფესტივალის არასაკონკურსო სექციაში იქნება წარმოდგენილი.

ინდუსტრიული ნაწილი წელს უკვე მეორედ უმასპინძლებს პროგრამას „ვენეციის საწარმოო ხიდი", რომელიც ფილმების წარმოების ზრდაზეა ორიენტირებული. ფესტივალის ეს ნაწილი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სატელევიზიო ფილმებს, ვებ-სერიებსა და ისევ და ისევ - ვირტუალურ რეალობას.

კინოფესტივალი, რომელიც ალექსანდრ პეინას ფილმით „შემცირება" („Downsizing") გაიხსნა (მთავარ როლს მეთ დეიმონი ასრულებს), საინტერესო საკონკურსო პროგრამას გვთავაზობს. გილერმო დელ ტორო, რომელიც პირველად მონაწილეობს ვენეციის საკონკურსო პროგრამაში წარმოადგენს ფილმს „წყლის ფორმა" („The shape of water"). ეს არის ფილმი-ზღაპარი, რომელსაც ალბერტო ბარბერამ დელ ტოროს ათწლეულის საუკეთესო ნამუშევარი უწოდა.

ჯორჯ ქლუნის კრიმინალური მისტიკა „სუბურბიკონი" („Suburbicon") ჯულიანა მურით და მეთ დეიმონით მთავარ როლებში ასევე დიდი ყურადღების ქვეშაა. ამ ფილმის სცენარისტები ხომ ძმები კოენები არიან.

დარენ არანოვსკის „დედა!" ("Mother!") საშინელებათა ჟანრს განეკუთვნება, რომლის გმირების ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც მათთან სახლში დაუპატიჟებელი სტუმარი მოდის. ფილმში მთავარ როლებს ჯენიფერ ლოურენსი, ედ ჰარისი, მიშელ პფაიფერი და ხავიერ ბარდემი ასრულებენ.

ბარდემი ვენეციის კინოფესტივალში მონაწილე კიდევ ერთ ფილმში თამაშობს. ესაა არასაკონკურსო სექციაში წარმოდგენილი „პაბლოს სიყვარულით" („Loving Pablo"), რომელიც პაბლო ესკობარის შესახებ გვიყვება. ფილმში მას პარტნიორობას მეუღლე, მსახიობი პენელოპე კრუსი უწევს.

უდაოდ დიდი ინტერესით ელოდება მაყურებელი კიდევ ერთ საკონკურსო ფილმს, ტუნისელი რეჟისორის აბდელატიფ კეშიშის „Mektoub, My Love: Canto Uno". შეგახსენებთ, რომ კეშიშის ბოლო ფილმმა „ყველაზე თბილი ლურჯი ფერია" 4 წლის წინ, დიდ აჟიოტაჟთან ერთად კანში „ოქროს პალმის რტო" დაიმსახურა.

საკონკურსოში პროგრამაშია ჩინელი ხელოვანის და პოლიტიკური აქტივისტის, აი ვეივეის დოკუმენტური ფილმი „ადამიანების ნაკადი" („Human Flow"). ეს არის მიგრაციის კრიზისზე შექმნილი ნამუშევარი, რომელიც ხელოვანმა 1 წელიწადის განმავლობაში, 23 ქვეყანაში მოგზაურობისას გადაიღო. აი ვეივეი გამოჩენილი ხელოვანია, რომლის ნამუშევრები მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებშია წარმოდგენილი. ხოლო 2011 წელს, როდესაც ის ჩინეთის მთავრობამ გაურკვეველი მიზეზით დააკავა, მის დასაცავად მთელ მსოფლიოში მასშტაბური ღონისძიებები დაიწყო ანიშ კაპურის, დემიენ ჰერსტის, სალმან რუშდის და სხვა ცნობილი ხელოვანების თაოსნობით.

გათავისუფლების შემდეგ აი ვეივეიმ დატოვა ჩინეთი და იგი დღეს ევროპაში ცხოვრობს. სხვათაშორის, 11 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმი თანამედროვე ჩინელი არტისტების გამოფენას „თანავარსკვლავედს" გვთავაზობს, სადაც აი ვეივეის 2015 წელს შექმნილი ნამუშევარი „ქათმის ფინჯანია" წარმოდგენილი.

74-ე კინოფესტივალის ჟიურის თავჯდომარეა ანეტ ბენინგი.

ვენეციის კინოფესტივალი 9 სექტემბერს ტაკეში კიტანოს ფილმით "განუკითხაობა: ფინალური თავი" („Outrage Coda") დაიხურება.

 

მნახველთა რაოდენობა: 223