BIAFF - ბათუმის საავტორო კინოფესტივალის შესახებ
კინოფესტივალი მედიაში
2017-09-06

 

გუშინ, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის საკონფერენციო დარბაზში ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე ფესტივალის ორგანიზატორებმა ზვიად ელიზიანმა და გიორგი გოგიბერიძემ, კინოცენტრის დირექტორთან ზურაბ მაღალაშვილთან ერთად ძირითადი სექციების, საკონკურსო ფილმებისა და სიახლეების შესახებ ისაუბრეს.

ბათუმის საავტორო კინოფესტივალი 17 სექტემბერს გიორგი ოვაშვილის ფილმით „ხიბულა" გაიხსნება. ამავე საღამოს, კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის ჯილდოები გადაეცემათ კომპოზიტორ გია ყანჩელს და მსახიობ ვახტანგ კიკაბიძეს.ორგანიზატორთა განცხადებით, ფესტივალის დასასრულს 24 სექტემბერს სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება ირანელი კინორეჟისორი მოჰსენ მაჰმალბაფიც, რომელიც ამავდროულად, მხატვრული ფილმების ჟიურის უხელმძღვანელებს.

მაჰმალბაფის თაოსნობით, ხუთი წევრისგან შემდგარ ჟიურის უნგრული, ირანული, თურქული, პოლონური და ქართული ფილმების ნახვა მოუწევს. შერჩეულ 10 მხატვრულ ფილმს შორისაა მარიამ ხაჭვანის „დედე" (კარლოვი ვარის ჟიურის გრან-პრის მფლობელი), კორნელი მუნდრუცუს „იუპიტერის მთვარე" (ფილმი ნომინირებული იყო „ოქროს პალმის რტოზე" და მასში მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს) და სერგეი ლოზნიცას „ნაზი არსება" (ასევე ნომინირებული „ოქროს პალმის რტოზე").

რაც შეეხება დოკუმენტურ სექციას, აქ წარმოდგენილ გერმანულ, უკრაინულ, ნორვეგიულ, თურქულ და ბელგიურ ფილმებთან ერთად, ნაჩვენები იქნება ქართული კოპროდუქციაც - რატი ონელის არაერთ ფესტივალზე პრიზირებული „მზის ქალაქი". დოკუმენტურ ჟიურის ცნობილი ქართველი რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი უხელმძღვანელებს.


ასევე ტრადიციულად გაიმართება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექცია, რომელიც მაყურებელს 25 ფილმს სთავაზობს. სამი წევრისგან შემდგარ ჟიურის ტაჯიკელი კინოკრიტიკოსი საფარ ჰაქდადოვი უხელმძღვანელებს.

„უკვე სამი წელია, რაც ბათუმის საავტორო კინოფესტივალმა თავის თავზე საგანმანათლებლო ფუნქციაც აიღო, - განაცხადა პრესკონფერენციაზე კინოცენტრის დირექტორმა ზურაბ მაღალაშვილმა, - „ალტერნატიული ტალღა" ამის ნათელი მაგალითია. ეს პლატფორმა ახალი, სადებიუტო ფილმების შექმნას უწყობს ხელს". ინდუსტრიულ პლატფორმაზე წარმოდგენილ 8 პროექტს შორისაა: კოტე თაყაიშვილის „ნინა", სოსო ბლიაძის „ოთარის სიკვდილი", არჩილ ქავთარაძის „პანთეონი", სანდრო და ელენე ნავერიანების „მკვლელები" და სხვა. „ალტერნატიული ტალღის" მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ბრიტანეთის საბჭო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ინდუსტრიულ ნაწილში მონაწილე კინემატოგრაფისტებისთვის მასტერკლასებს გამართავენ: ნიკოს პანაიატოპოლოსი (MFI-ს ექსპერტი) და კლერ დოუნსი (EAVE-ს ექსპერტი).

თანამედროვე კინოს საინტერესო ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი „დიდოსტატთა კოლექციაში": ანდრეი ზვიაგინცევის „უსიყვარულობა" („Loveless"), აკი კაურისმიაკის „იმედის მეორე მხარეს" („On the Other Side of Hope"), კიმ კი დუკის „ქსელი" („The Net"), ანჟეი ვაიდას „ფოტოგამოსახულება" („Afterimage") და ფოლკერ შლონდორფის „მონტეკში დაბრუნება" („Return to Montauk").

„ქართულ პანორამაში" კი მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს რეზო ესაძის "თვე, როგორც ერთი დღე", ელდარ შენგელაიას „სკამი" და დაესწროს ალექსანდრე რეხვიაშვილის ფილმის პრემიერას „რუსული პალესტინა". ფილმში ასახულია 1910-1930-იან წლებში მეფის რუსეთში ებრაელ ხალხთა შევიწროვება.

ბათუმის ფესტივალს ესტუმრება ირანელი ხელოვანი სეიფოლა სამადიანი, რომელიც სექციაში „სპეციალური ჩვენება" აბას კიაროსტამის შესახებ დოკუმენტურ ფილმს „76 წუთი და 16 წამი აბას კიაროსტამთან" და ფოტოგამოფენას წარადგენს. ამასთან ერთად, ამავე სექციაში ნაჩვენები იქნება აბას კიაროსტამის, მოჰსენ და ჰანა მაჰმალბაფების ფილმებიც.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საავტორო კინოფესტივალი 2006 წლიდან იმართება. მისი ორგანიზატორია ბათუმის ხელოვანთა სახლი "არგანი", ხოლო ოფიციალური პარტნიორი ქალაქ ბათუმის მერია. ფესტივალის სპონსორები არიან: საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სასტუმრო „WYNDHAM BATUMI".

ფესტივალში მონაწილე ფილმების ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ „აპოლოში", სასტუმრო „WYNDHAM BATUMI"-ის საკონფერენციო დარბაზში და ღია ცის ქვეშ, ერას მოედანზე.

 

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 219