„საშინელი არტისტი“ სან-სებასტიანის გამარჯვებულია
კინოფესტივალი მედიაში
2017-10-03

„სან-სებასტიანის კინოფესტივალი A კლასის ფესტივალია, რომელიც არ ჰგავს არცერთ სხვას" - ასე დაახასიათა ერთხელ კინოფესტივალი „ტელეგრაფის" ჟურნალისტმა. „ბილბაოსა და საფრანგეთის საზღვარს შორის მოქცეული, ნამდვილ კინომოყვარულებს ყოველ წელს გეპატიჟებათ იქ, სადაც არც აქეთ-იქით სირბილში ამოგხდებათ სული და არც მუდმივად გულდაწყვეტილი იქნებით, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გამოტოვეთ. ბასკებზე უფრო მეგობრული ხალხი ხომ არ არსებობს, და თუკი არსებობს, ესე იგი მე ჯერ ყველა არ გამიცნია", - წერდა ფესტივალით აღტაცებული ჟურნალისტი.

 

სან-სებასტიანის 65-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 22 სექტემბერს ვიმ ვენდერსის საკონკურსო ფილმით „ჩაძირვა" („Submergence") გაიხსნა. ფესტივალის განმავლობაში 200-მდე ფილმის ჩვენება, მათ შორის 40-მდე პრემიერა გაიმართა. სექციებში ნაჩვენები იყო: სადებიუტო, ლათინოამერიკული და აღმოსავლური ფილმები; სხვადასხვა ფესტივალზე ნაჩვენები წლის საუკეთესო ნამუშევრები. მთავარი საკონკურსო პროგრამის ჟიურის ხელმძღვანელად ამერიკელი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი იყო მიწვეული.

ჯეიმს ფრანკოს ფილმი „საშინელი არტისტი" („The Disaster Artist") ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული. მასში აღწერილია ფილმის „ოთახი" ("The Room") გადაღებების პროცესი. ეს უკანასკნელი (რეჟისორი: ტომი ვაისო) კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ფილმად დასახელდა და მას „ცუდი ფილმების „მოქალაქე კეინიც" კი უწოდეს. პარადოქსია, მაგრამ სწორედ ამ „ყველაზე ცუდ ფილმზე" გადაღებული ფილმით, ჯეიმს ფრანკო 30 სექტემბერს გამართულ დაჯილდოებაზე, 65-ე სან-სებასტიანის გამარჯვებული და „ოქროს ნიჟარის" მფლობელი გახდა.

„ვერცხლის ნიჟარა" არგენტინელმა რეჟისორმა ანაჰი ბერნერმა აიღო ფილმისთვის „ალანისი" („Alanis"). ალანისი მეძავია, პატარა ბავშვი ჰყავს და ბინას მეგობართან, ჟიზელასთან ერთად იყოფს. კლიენტებსაც აქვე, ამავე ბინაში იღებს. სხვათაშორის, ბერნერი პირველი გამარჯვებული ქალი რეჟისორია სან-სებასტიანის ისტორიაში, რომელმაც პრიზი საუკეთესო რეჟისურაში აიღო. მისი სადებიუტო ნამუშევარი „წელი სიყვარულის გარეშე" 2005 წელს, ბერლინალეზე „ტედის" (ლგბტ თემაზე გადაღებული ფილმებისთვის დაწესებული პრიზი) გამარჯვებული გახდა. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ვერცხლის ნიჟარით" დაჯილდოვდა ფილმის მთავარი როლის შემსრულებელიც - სოფია გალა.

ჟიურის სპეციალური პრიზის გამარჯვებული კი გახდა აიტორ არეგისა და ჯონ გარანოს ესპანური ფილმი "Handia" ("Giant").

წლევანდელ ფესტივალზე, ტრადიციისამებრ გაიმართა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის „ფიპრესის" დაჯილდოება. ყოველ წელს, სან-სებასტიანის ფესტივალზე „ფიპრესი" წლის საუკეთესო ფილმს ასახელებს. 2017 წლის საუკეთესო ფილმად კინოკრიტიკოსებმა აკი კაურისმიაკის „იმედის მეორე მხარეს" ("The Other Side Of Hope") დაასახელეს.

„ეს ყოველთვის შიშის მომგვრელია - შექმნა მთელი სამყარო: წარმოიდგინეთ, როგორია ჩემთვის სამყაროს შექმნა, რომელმაც უნდა შეძლოს მაყურებლის ნდობის მოპოვება. ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ეს თქვენ გეჩვენებათ", - აღნიშნა აკი კაურისმიაკიმ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ამ ფილმზე იწყებდა მუშაობას. ფინელი რეჟისორი 4-ჯერ იყო ნომინირებული კანის კინოფესტივალზე და ოთხჯერვე პალმის გარეშე დარჩა. ბევრი ელოდა, რომ ის ბერლინის მთავარი პრიზის, „ოქროს დათვის" მფლობელი გახდებოდა, მაგრამ ამაოდ. „არადა ეს არის ფილმი, რომელიც ზოგადად, ფესტივალის დონეს წევს ზემოთ", - აღნიშნა ბერლინში ცნობილმა კრიტიკოსმა, „ფიპრესის" ყოფილმა პრეზიდენტმა ანდრეი პლახოვმა მას შემდეგ, რაც ფესტივალის უდაო ფავორიტს „ვერცხლის დათვი" გადასცეს.

მთავარ საკონკურსო პროგრამაში 24 ფილმი იყო წარმოდგენილი. მათ შორის ჟან მიშელ კუსტოს 3D "ზღვის სასწაულები" („Wonders Of The Sea"). ფილმი, რომელიც ფიჯისა და ბაჰამის კუნძულებზეა გადაღებული, წყლის გასაოცარ სამყაროზე გვიყვება, რომელსაც ჩვენი პლანეტის 71% უკავია. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, მათი მთავარი მიზანი იყო შეეხსენებინათ მაყურებლისთვის თუ რა საგანძურია ოკეანე და როგორ სჭირდება მას ჩვენი დაცვა. „ეს არის ფილმი, სადაც ნახავთ ყველაფერს, რაც მე, 71 წელი ყვინთვის განმავლობაშიც კი არ მინახავს" - აღნიშნა პრემიერაზე ჟან მიშელ კუსტომ, ცნობილი მკვლევარისა და რეჟისორის ჟაკ-ივ კუსტოს შვილმა.

საინტერესო ნამუშევარი იყო ნობუხირო სუვას დრამა „ლომი მკვდარია ამ საღამოს" ("The Lion Sleeps Tonight"), რომელშიც მთავარ როლს კინომანებისთვის ცნობილი მსახიობი ჟან-პიერ ლეო თამაშობს. ლეოს გმირი, წარსულში ცნობილი მსახიობი იგებს, რომ მისი მიმდინარე ფილმი გაურკვეველი პერიოდით გააჩერეს. ამ ამბით დამძიმებული, გადაწყვეტს თავის ძველ მეგობარს ესტუმროს და იმ ძველისძველ სახლში მივიდეს, სადაც ოდესღაც, მისი საყვარელი ქალი, ჯულიეტა ცხოვრობდა.

1986 წლიდან სან-სებასტიანის კინოფესტივალის ორგანიზატორები, კინოში შეტანილი წვლილისათვის მსახიობებსა და რეჟისორებს აჯილდოებენ. „დონოსტიას" გამარჯვებულები სხვადასხვა დროს იყვნენ: ჟანა მორო, მაიკლ დუგლასი, ვიტორიო გასმანი, სუზან სარანდონი, ლივ ულმანი და სხვა. წელს კი, „დონოსტია" მსახიობს მონიკა ბელუჩის და რეჟისორებს: რიკარდო დარინს და ანიეს ვარდას გადასცეს. უკვე რამდენიმე წელია, რაც ფილმის „კლეო 5-დან 7-მდე" რეჟისორი ანიეს ვარდა ფოტოგრაფიამ, ქანდაკებაზე და ინსტალაციებზე მუშაობამ გაიტაცა. მისი ნამუშევრები ვენეციის ბიენალეზე, ლოს-ანჯელესის ხელოვნების მუზეუმში, პარიზისა და პეკინის საგამოფენო სივრცეებში იფინება. ცნობილია, რომ ნოემბერში ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერებათა აკადემია ანიეს ვარდას საპატიო ჯილდოს გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ სან-სებასტიანის „ოქროს ნიჟარა" ქართველი რეჟისორებიდან მიღებული აქვს გიორგი დანელიას ფილმისათვის „შემოდგომის მარათონი" (1979). ხოლო 2003-ში მისი მფლობელი დიტო ცინცაძე გახდა ფილმისათვის „გასროლის შიში".

2015 წელს მთავარ საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობდა ლევან თუთბერიძის „მოირა", რომელიც SIGNIS-ის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 548