“ნამე” ტოკიოს კინოფესტივალზე
კინოფესტივალი მედიაში
2017-10-09

25 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით, იაპონიაში, ტოკიოს 30-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. კინოფესტივალი პირველად 1985 წელს ჩატარდა და მას შემდეგ, აზიური სამყაროს ერთ-ერთი წამყვანი ფესტივალის სტატუსი მოიპოვა.

წლევანდელი ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ქართული ფილმი - ზაზა ხალვაშის "ნამე" მონაწილეობს. "ნამე" საქართველო-ლატვიისა და საფრანგეთის ერთობლივი პროექტია. სიუჟეტს ქართული მითები უდევს საფუძვლად და ერთი ოჯახის ისტორიას აცოცხლებს. ნამე - ახალგაზრდა გოგოა, რომელიც ზებუნებრივი ძალებითაა დაჯილდოებული და სოფელში, ყველა გაჭირვებულს ეხმარება და კურნავს.

როგორც რეჟისორმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, "ნამეს" სცენარი მან ჯერ კიდევ 2010 წელს დაწერა, თუმცა ფინანსების უქონლობის გამო, ფილმის გადაღებას ვერ ახერხებდა. და აი 2016 წელს, ეროვნული კინოცენტრის დაფინანსების მიღების შემდეგ, შეძლო საკუთარი ჩანაფიქრის ეკრანზე გადატანა. ფილმში მონაწილეობის მისაღებად, რეჟისორმა ძირითადად დებიუტანტები და არაპროფესიონალები მიიწვია.

ზაზა ხალვაშს რამოდენიმე მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული. მისი ფილმები პრიზირებულია მონპელიეს, მიუნხენის, მოსკოვის კინოფესტივალებზე. 1977-დან 2004 წლამდე კინოსტუდია "ქართულ ფილმში" მუშაობდა რეჟისორად. 1997 წლიდან კი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის და ამავე უნივერსიტეტის კინოსა და სატელევიზიო ხელოვნების განყოფილებას ხელმძღვანელობს.

2016 წელს ზაზა ხალვაშის ფილმი "სოლომონი" ჩვენს ფესტივალზე, ეროვნული კონკურსის გამარჯვებული გახდა და დაჯილდოვდა პრიზით - პრომეთე საუკეთესო მხატვრული ფილმისათვის.

რაც შეეხება თავად ტოკიოს კინოფესტივალს, ის 10 დღის მანძილზე უამრავ სტუმარსა და მსოფლიო პრემიერას უმასპინძლებს. სხვადასხვა ქვეყნისა და ჟანრის ფილმები ნაჩვენები იქნება სექციებში: მთავარი საკონკურსო პროგრამა, "აზიური მხატვრული ფილმები", "სპეციალური ჩვენებები", "იაპონური კლასიკა". სექციაში "იაპონური კინო" ნაჩვენები იქნება განსაკუთრებული, შემოქმედებითი, გამოწვევებით სავსე იაპონური კინოინდუსტრიის ახალი ნამუშევრები.

მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს ახალი ევროპული კინო - მარგარეტ ფონ ტროტას "დაივიწყე ნიკი" (მთავარი საკონკურსო პროგრამა), ვენეციის გამარჯვებული გილიერმო დელ ტოროს "წყლის ფორმა" (სპეციალური ჩვენება), არნო დეპლეშინის "ისმაელის მოჩვენებები" (ფოკუსი - მსოფლიო), ქსავიე ბუვუას "მცველები" (ფოკუსი-მსოფლიო) და სხვა. სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის ფესტივალის მსვლელობის დროს გაიმართება სემინარები, სიმპოზიუმები და ვორქშოფები.

მთავარ საკონკურსო პროგარამაში წარმოდგენილ 15 ფილმს, 5 კინოპროფესიონალისგან შემდგარი ჟიური შეაფასებს, რომელიც ტოკიოს გრან-პრის, ჟიურის სპეციალურ პრიზს, პრიზს საუკეთესო რეჟისურისთვის, სამსახიობო შესრულებისთვის და სცენარისთვის გადასცემს გამარჯვებულებს.

წლევანდელი საერთაშორისო ჟიურის პრეზიდენტია ამერიკელი მსახიობი ტომი ლი ჯონსი.

 

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 127