ელენე ნავერიანის ფილმი პორტუს კინოფესტივალის გამარჯვებულია
კინოფესტივალი მედიაში
2017-10-11

პორტუს მე-3 საერთაშორისო ქვიარ კინოფესტივალზე, ელენე ნავერიანის ფილმმა "მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე" საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ელენე ნავერიანი დაიბადა თბილისში, 1985 წელს. სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ ჟენევის ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტში. „მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე" მისი სადებიუტო ნამუშევარია.

ფილმის გმირი აპრილია (ხატია ნოზაძე), ახალგაზრდა მეძავი. ერთ ღამეს, ის ნიგერიელ დიჯეის (დანიელ ჩინედუ ონვუკა) გაიცნობს, რომელიც სხვა ცხოვრების ძიებაში, ჯორჯიაში მიდიოდა. თუმცა, ამერიკის შტატის ჯორჯიის მაგივრად, თბილისში, საქართველოში ჩამოდის. მართალია, ისინი ჯერ კიდევ არ იცნობენ ერთმანეთს კარგად, მაგრამ მათ უკვე იმდენი რამ აქვთ საერთო...

პორტუს საერთაშორისო ქვიარ კინოფესტივალი პირველად 2015 წელს ჩატარდა. ფესტივალს, რომელზეც მხოლოდ ლგბტ თემაზე შექმნილი ფილმებია წარმოდგენილი, სამი საკონკურსო პროგრამა აქვს - მხატვრული, დოკუმენტური და კინოსკოლის ნამუშევრები. ელენე ნავერიანს პრიზთან ერთად ფულადი ჯილდო გადაეცა და მის სადებიუტო ნამუშევარს, სულ მალე პორტუგალიურ ტელეარხზე „RTP2" გაუშვებენ.

თავად ამ ფესტივალს სათავეში უდგას ლისაბონის საერთაშორისო ქვიარ კინოფესტივალი, რომელიც 1997 წლიდან იმართება და ლისაბონის ყველაზე ძველი კინოფესტივალია. მთელი ამ წლების განმავლობაში, მან შეძლო დაემკვიდრებინა ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული ლგბტ კინოფესტივალის სახელი. როგორც წესი 9 დღის განმავლობაში იმართება და მასში 100-მდე საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმი მონაწილეობს.

ელენე ნავერიანის „მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე" ჩვენს მე-18 კინოფესტივალზე, დეკემბერში იქნება ნაჩვენები.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 3402