ქალთა მზერა საქართველოდან - თანამედროვე დოკუმენტური ფილმები
კინოფესტივალი მედიაში
2017-10-25

 

200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტების ჩამოსვლას და საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს, ორი ქვეყანა საკმაოდ საინტერესო კულტურული ღონისძიებებით ეხმაურება.

„საქართველო-გერმანიის წელი 2017" ფარგლებში, ბერლინის კინოსა და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტსა და თეატრში „არსენალი", ქართული კინოს კვირეული გაიმართა, რომელსაც რეჟისორები: ოთარ იოსელიანი, ლანა ღოღობერიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ნუცა ალექსი-მესხიშვილი და დიტო ცინცაძე ესწრებოდნენ. 2018 წელს კი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება.

საქართველო გერმანიის საიუბილეო წლის აღსანიშნავად, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გერმანელ მაყურებელს ქართველი დოკუმენტალისტი ქალების ფილმებსა და დისკუსიების ციკლს სთავაზობს. „ქალთა მზერა საქართველოდან - თანამედროვე დოკუმენტური ფილმები" 25-31 ოქტომბრის ჩათვლით დრეზდენში, ჰამბურგსა და ბერლინში გაიმართება.

პროგრამაში წარმოდგენილი ფილმები და დისკუსიების სერიების ჩატარება არის საქართველოს ყოველდღიურ რეალობასთან მიახლოების მცდელობა, რომლის თითოეული ავტორი საკუთარი სტილითა და ჟურნალისტური ხედვით ცდილობს ნათლად გიჩვენოს, რა ხდება დღეს კავკასიის რეგიონში, როგორია იქ მცხოვრები ადამიანების ყოფა.

სალომე ჯაშის „დაისის მიზიდულობა" პატარა ქალაქის ფსევდო-ეთნოგრაფიულ პორტრეტს ქმნის. ადგილს, სადაც რიტუალები და ტრადიცია ყოველდღიური ცხოვრების წესს განსაზღვრავს. მისი გმირი, ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტია, რომელსაც ყოველდღე ახალ-ახალი ამბების „შექმნა" უხდება. ფილმს პრიზები აქვს აღებული ნიონის, ზაგრების, იჰლავას საერთაშორისო კინოფესტივალებზე.

ცირა გვასალიას „ოთახები", ხანდაზმულთა პანსიონატში მცხოვრები ადამიანების ყოველდღიურობაზეა. მას შემდეგ, რაც პანსიონატში რემონტი იწყება, ვიოლა, შოთა, რიმა, უშანგი და პავლე ერთ დიდ საკონცენტრო დარბაზში უნდა გადავიდნენ საცხოვრებლად. მიუხედავად ქაოსისა, რომლის გადატანა ხანდაზმულ ასაკში უწევთ და რომელსაც მტკივნეულად აღიქვამენ, მოხუცები მაინც ინარჩუნებენ ძალას, რომ ოცნებების ახდენისთვის იბრძოლონ.

ნინო ორჯონიკიძის „ალცნეი", 87 წლის პანკისელ ქალზე გვიყვება. ალცნეი, სოფლის უხუცესი ლიდერია და ის კონფლიქტურ სიტუაციებს, ქალების გათხოვება-გამოთხოვების და სამეზობლოს ყველა საკამათო საკითხს წყვეტს. როგორ შეძლო ქალმა, საქართველოს ყველაზე პატრიარქალურ მხარეში ასეთ ავტორიტეტად ქცევა? - კითხულობენ ავტორები.

ნინო კირთაძის ფილმში „მილსადენი მეზობლად", საქართველოს სოფელში განვითარებული მოვლენებია აღწერილი. მას შემდეგ, რაც ბრიტანული კომპანია BP სოფელში ნავთობის მილსადენების გაყვანას იწყებს, პროცესს შეიძლება ულამაზესი ლანდშაფტი, ბუნება შეეწიროს. ფილმში დაძაბულობა განსაკუთრებით იზრდება მას შემდეგ, რაც სოფლის მაცხოვრებლები და კომპანიის წარმომადგენლები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ფილმს, ევროპული კინოაკადემიის პრიზი აქვს მიღებული საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის.

პროგრამაში მონაწილეობს ნინო გოგუას ორი ფილმი. „ნივთები" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, დევნილად ქცეული ხურვალეთის მოსახლეობის ცხოვრებაზე იმ ნივთების მეშვეობით გვიყვება, რომლებიც მათ სახლებიდან გამოქცევისას, თან წამოიღეს. „ნივთები" იჰლავას საერთაშირისო კინოფესტივალზე, ახალგაზრდული ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა.

„მადონა" 58 წლის მადონა ნაროუშვილზე, საქართველოში, მუნიციპალური ავტობუსის ერთადერთ მძღოლ ქალზეა. ფილმი აკვირდება მადონას გამოცდილებას - აკეთებდე "კაცის საქმეს" პატრიარქალურ საზოგადოებაში.

მარიამ ჭაჭიას „მოუსმინე სიჩუმეს", სმენადაქვეითებულ ბავშვთა სახლშია გადაღებული. მის გმირი, 9 წლის ლუკა ფოცხვერაშვილია. როგორ ცხოვრობენ ასეთ სახლებში ბავშვები? რა პრობლემები აქვთ მათ და საერთოდ, ჩვენ რამდენად ღია ვართ მათთან ურთიერთობაში? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს რეჟისორი, რომელმაც ლაიფციგის დოკუმენტური კინოს ფესტივალზე, სექციაში „მომავლის ოსტატები" გაიმარჯვა.

ანა ციმინტიას „ბიბლიოთეკა", ბიბლიოთეკის თანამშრომელ ქალთა კოლექტივზეა. ისინი წლებია ერთ სივრცეში მუშაობენ და მათი კომუნიკაცია რუტინისა და ადამიანური სიახლოვეების გადაკვეთაზე ხორციელდება. იცვლება ბიბლიოთეკის კედლები, განლაგება, ფერები, ფასადი. არ იცვლება გამორჩეული რიტმი და ატმოსფერო, რომელსაც ბიბლიოთეკის ძველი თანამშრომლები ქმნიან და რომელიც მათი წასვლისთანავე შეწყვეტს არსებობას. ფილმს, cineDOC-თბილისის სპეციალური პრიზი აქვს მიღებული.

„როცა დედამიწა მსუბუქია" სალომე მაჩაიძის, თამუნა ქარუმიძის და დავით მესხის ფილმია. ის იმ ახალგაზრდა სკეიტერებსა და მუსიკოსებზე გიყვება, რომელთაც თითქოს დაკარგეს საკუთარი თავები პოსტსაბჭოთა ქვეყნის წინააღმდეგობებით სავსე სივრცეში. ფილმის რეჟისორები ცდილობენ დააკვირდნენ, აღწერონ ახალგაზრდების ყოფა, მათი ყოველდღიურობა და ოცნებები. ფილმი მექსიკის, თბილისისა და ამსტერდამის კინოფესტივალების გამარჯვებულია.

მნახველთა რაოდენობა: 470