მე-18 კინოფესტივალის საპატიო “პრომეთე” მერაბ კოკოჩაშვილს გადაეცემა
კინოფესტივალი მედიაში
2017-11-09

წლევანდელ მე-18 კინოფესტივალზე, რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილს საპატიო "პრომეთე" გადაეცემა და ქართული კინოს ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი, მისი ფილმი „დიდი მწვანე ველის" სპეციალური ჩვენება გაიმართება. 

50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეკრანებზე მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი „დიდი მწვანე ველი" გამოვიდა. ფილმი, რომელიც 2006 წელს, ქართველმა კრიტიკოსებმა „საუკეთესო ქართული ფილმის" ჩამონათვალში, პირველ ადგილზე დაასახელეს.

მერაბ კოკოჩაშვილი 60-იანელთა თაობას მიეკუთვნება. იმ თაობას, რომელიც კინოში მოსვლისთანავე საბჭოურ ცენზურას დაუპირისპირდა და საკუთარი მოქალაქეობრივი, მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია ეკრანზე გამოხატა. მერაბ კოკოჩაშვილი 5 წლის იყო, როდესაც მიხეილ ჭიაურელის ფილმში „გიორგი სააკაძე" პაატას როლი შეასრულა. ამბობს, რომ საშინლად ეშინოდა გადაღებების, რადგან ყური მოუკრავს, პაატას თავი უნდა მოვაჭრათო. კინოსთან ზიარების კოშმარად ქცეული მოგონების მიუხედავად, მოგვიანებით, მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტში, სარეჟისოროზე ჩააბარა. საკურსო ნამუშევარი ვაჟა-ფშაველას მიხედვით გადაიღო, „ხმელი წიფელი" მოსკოვში, ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე სპეციალური პრიზითა და ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა; ასევე ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა ვენაში, საერთაშორისო კინოფესტივალზე. მოგვიანებით გადაიღო მხატვრული ფილმები: „კარდაკარ", „არდადეგები", „მიხა" და სცენარისტ მერაბ ელიოზიშვილთან ერთად, „დიდ მწვანე ველზე" შეუდგა მუშაობას. ფილმის ოპერატორად გიორგი გერსამია მიიწვიეს. მთავარ როლებში დოდო აბაშიძე, ლია კაპანაძე და მზია მაღლაკელიძე დაამტკიცეს.

სოსანა მწყემსია, თავის ცოლ-შვილთან ერთად სოფელში ცხოვრობს და სიყვარულითა და დიდი პასუხისმგებლობით აგრძელებს დანატოვარს, წინაპართა საქმეს. სხვა ცხოვრება სოსანას არც წარმოუდგენია; ბუნება, სოფელი, დიდი მწვანე ველი და ოჯახი - ესაა მისი ავლადიდება, მისი სამყარო და ყოველდღიური ცხოვრებაც. მის სოფელში, გეოლოგები ნავთობის საძიებელ სამუშაოებს იწყებენ და თანამედროვე ცივილიზაცია, თავისი ტექნიკის გუგუნითა თუ ხმაურით სოსანას სამყაროში შემოდის. სოსანა წინააღმდეგობაშია ცვლილებებთან და მისი ძალადობრივი შემოჭრა დიდ, მწვანე ველზე, მისთვის ყველაფერი ფასეულის ნგრევასა და განადგურებას მოასწავებს. ორი სამყაროს - მარადიულისა და დროის მიერ მოტანილის დაპირისპირება მძაფრად ცოცხლდება მწყემსი სოსანას ცხოვრებაში.

„კი, მაგრამ სადაა კოლმეურნეობა? სადაა კოლმეურნეობის თავჯდომარე?", - მიიღეს პასუხად სცენარის განხილვისას. ბევრი არ უფიქრიათ, მიხვდნენ, რომ ფილმის გადასარჩენად, რაღაცეების დათმობა მოუწევდათ და სცენარში ცვლილებები შეიტანეს. ახალი გმირი გამოიგონეს, საბჭოთა კინოსთვის აუცილებელი გმირი - კოლმეურნეობის თავჯდომარე. „სინამდვილეში, არავის აინტერესებდა როგორი იქნებოდა ის, მთავარია ფილმში უნდა ყოფილიყო, ესაა და ეს", - იხსენებს რეჟისორი.

ფილმის პირველი ჩვენება, როგორც მაშინ ხდებოდა, ცენტრალურ კომიტეტში გაიმართა. ჩვენებას ცეკას უმაღლესი და მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელები: მჟავანაძე, ძოწენიძე და ჯავახიშვილი ესწრებოდნენ. მთელმა ფილმმა სამარისებულ სიჩუმეში ჩაიარა. ბოლოს, მაშინდელი „კგბ"-ს ხელმძღვანელი ინაური ფეხზე წამოდგა, ოთახში წინ და უკან რამოდენიმეჯერ გაიარა და რუსულად ჩაილაპარაკა - „ჩვენ, სამუშაო დროის 2 საათი დავკარგეთ". „დოდო აბაშიძეს გავხედე, - ჰყვება მერაბ კოკოჩაშვილი, - სულ მთლად სველი იჯდა. ამ დროს, ოთახში სერგო ზაქარიაძე შემოვიდა. ის იმ დროს ლენინის პრემიის ლაურეატი და ცეკას წევრი იყო. „შეიძლება რაღაც ვთქვა?", - იკითხა მსახიობმა. სერგომ ბევრი ილაპარაკა, ძალიან ბევრი, ფაქტობრივად გადაუარა იქ შეკრებილებს. თავისი სიტყვა ტრაგედიაზე, დრამასა და ცხოვრებაზე ააგო. შექსპირთან, შილერთან მივიდა ბოლოს... ამბობდა, რომ ეს იყო ტრაგედია, რომ ცხოვრება ტრაგედიითაა სავსე და ჩვენ, ვერ გადავიღებთ ასე ვერაფერს! ამ დროს, მჟავანაძე შემობრუნდა, ხელში გაფცქვნილი მანდარინი ეჭირა და თქვა - „ნუ, პუსტ სმოტრიტ, ნაროდ".

ფილმი ორშაბათს, კინოთეატრ „რუსთაველში" გავიდა. ოთხშაბათს პრესაში გაჩნდა წერილი სათაურით „როცა მაყურებელი დარბაზს ტოვებს"... ამ დღის მერე, ფილმი ეკრანებიდან მოხსნეს, თაროზე შემოდეს და 1976 წლამდე აღარ გაუშვიათ. 76-ში საქართველოში გერმანელი ჟურნალისტი იმყოფებოდა, რომელიც ბერლინში, კინოთეატრ „არსენალში" დაგეგმილი ქართული ფილმების რეტროსპექტივისთვის შესარჩევ ჩვენებებს ესწრებოდა. „თუ „დიდი მწვანე ველი" არ გავა, მაშინ საერთოდ არ ჩატარდება ეს რეტროსპექტივა" - გაისმა გერმანელების მხრიდან. კინოთეატრ „არსენალს" სათავეში ცნობილი კინოკრიტიკოსები ულრიხ და ერიკა გრეგორები ედგნენ, რომლებმაც ქართული კინოს პოპულარიზაციისთვის არაერთი საჭირო, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. ამ შემთხვევაში კი, შეიძლება ითქვას გადაადგმევინეს მაშინდელ მთავრობას. ფილმის პრემიერა სწორედ მაშინ, ბერლინში გაიმართა და კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა.

"1967 წელს გადაღებულ ამ სურათს ზოგიერთი კრიტიკოსი დღემდე საუკეთესოდ მიიჩნევს ქართული ხმოვანი კინოს ისტორიაში. იცვლება ეპოქები, თაობები, მაგრამ ამბავი მწყემსზე, რომელიც ვერ ელევა მამა-პაპის ტრადიციებს, თავის კერას, ე.ი. "თავის ბუნებას", განუწყვეტლივ ახლებურად აღიქმება. "დიდ მწვანე ველში" დრო ცვლის აქცენტებს, თავად დრო ამდიდრებს ფილმს აზრით და თავად დრო ამტკიცებს, რომ კოკოჩაშვილს არ გადაუღია ეგრეთ წოდებული "აქტუალური ფილმი"... ამიტომაცაა, ალბათ, რომ მაყურებლის უმრავლესობა და ოფიციალური კრიტიკა "დიდი მწვანე ველის" პრემიერას საკმაოდ ცივად შეხვდა. პრესაში დაიბეჭდა დაკვეთილი სტატიები, სათაურით "როცა მაყურებელი დარბაზს ტოვებს" და ა.შ... სურათის ღირსებები მხოლოდ მოგვიანებით გამოიკვეთა, განსაკუთრებით დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, როცა იდენტურობის შენარჩუნების პრობლემა მთელ მსოფლიოს აღელვებს," - წერს რეჟისორის შემოქმედებაზე კინომცოდნე გოგი გვახარია, „რადიო თავისუფლების" გვერდზე.

კინოსა და ვიდეო-ხელოვნების დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა „არსენალმა", წელს 3 ქართულ ფილმს რესტავრაცია გაუკეთა და ციფრულ ფორმატში გადაიტანა. მათ შორისაა მერაბ კოკოჩაშვილის "დიდი მწვანე ველი". ჩვენს ფესტივალზე, სპეციალურ ჩვენებაში წარმოდგენილი ქართული კინოკლასიკა, განახლებული ფორმატით იქნება ნაჩვენები.

 

სალომე კიკალეიშვილი

 

მნახველთა რაოდენობა: 916