კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალი ქართულ ფილმებს მასპინძლობს
კინოფესტივალი მედიაში
2017-11-10

ბერლინიდან 120 კმ-ის დაშორებით, ქალაქ კოტბუსში ყოველ წელს იმართება საერთაშორისო კინოფესტივალი. პირველად, კოტბუსმა კინოფესტივალს 1991 წელს უმასპინძლა, რომელიც ძალიან მალე, აღმოსავლეთ ევროპული კინოსამყაროს წამყვანი კინოფორუმი გახდა.

საფესტივალო კინოსექციების პარალელურად, ფესტივალზე ფუნქციონირებს ინდუსტრიული პლატფორმა „Connecting Cottbus", რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სხვადასხვა ქვეყნის კინოპროფესიონალებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და კო-პროდუქციების შექმნაში.

2015 წელს, ფესტივალს 25 წელი შეუსრულდა და მას 20,000 ადამიანი დაესწრო მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. ერთ-ერთმა წამყვანმა მედია გამოცემამ „ვარიეტემ", კოტბუსის კინოფესტივალი "აუცილებლად სანახავ საერთაშორისო ღონისძიებად" მოიხსენია და „მსოფლიოს 50 მნიშვნელოვან კინოფესტივალს" შორის დაასახელა.

ფესტივალს რამოდენიმე საკონკურსო სექცია აქვს, რომელშიც სრულმეტრაჟიანი, მოკლემეტრაჟიანი და "U 18" - ახალგაზრდული კინოა წარმოდგენილი. ოფიციალური ჟიურის გარდა, ფესტივალს რეგულარულად ესწრებიან ფიპრესისა და ეკუმენიკური ჟიურის წარმომადგენლები.

მთავარ საკონკურსო პროგრამაში წელს 12 ფილმია წარმოდგენილი. მათ შორის გიორგი ოვაშვილის „ხიბულა". რაც შეეხება მოკლემეტრაჟიანების საკონკურსო სექციას, აქაც ქართული ფილმი იღებს მონაწილეობას - გიორგი გოგიჩაიშვილის და დავით აბრამიშვილის „ 8 წუთი".

მზე ქრება. 8 წუთი კი ზუსტად ის დროა, რაც მზის სხივს დედამიწამდე მოსასვლელად სჭირდება. დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად, თბილისიც პანიკაშია. ფილმში გადმოცემულია ის ქაოსი, გაუგებრობა და სასოწარკვეთა, რომელიც ადამიანების ისტორიის უკანასკნელ 8 წუთს ასახავს, - ასეთია აპოკალიფსური ფილმის სინოპსისი. შეგახსენებთ, რომ "8 წუთი" მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის ფინალურ ეტაპში, 10 რჩეულ ფილმს შორის მოხვდა. ათეულში მოხვედრა კი იმას ნიშნავს, რომ ფილმი 2018 წლის "ოსკარებზე" მონაწილეობის უფლებას ავტომატურად მიიღებს.

რაც შეეხება კოტბუსის კინოფესტივალის ფოკუსს, წელს მის ცენტრში ვიეტნამია. უფრო სწორად ვიეტნამელი მიგრანტები, თუ როგორ მიდიან ისინი თავიანთი ოჯახებით ცენტრალურ ევროპაში: გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხეთში. სამუშაოს იმედად ჩასულები კი, ქსენოფობიურ გარემოში, რასიზმთან პირისპირ დარჩენილები დეპორტაციით ამთავრებენ უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებას. ესეისტურ და დოკუმენტურ ჟანრში წარმოდგენილი ფილმები, სხვადასხვა დროში განვითარებულ ამბებს უყვება მაყურებელს.

ამას გარდა, ფესტივალის ინდუსტრიულ ნაწილში გაიმართება პანელ-დისკუსია, რომელშიც ჩვენი ფესტივალის წარმომადგენელი ანა ჭყონია მიიღებს მონაწილეობას. ეს პანელ-დისკუსია, წელს პირველად, ოდესის მე-7 საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩატარდა და კოტბუსის ფესტივალზე გაგრძელდა. მასში აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების 6 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა და ბელორუსია. ამ ქვეყნების კინოფესტივალების წარმომადგენლები ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ შეუძლია კინოფესტივალს, მასზე წარმოდგენილი ფილმებით გამართოს დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, ტაბუირებულ თემებზე და რა გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობა საფესტივალო ცხოვრებაზე.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 459