გერმანული კინომეხსიერება
კინოფესტივალი მედიაში
2017-11-16

8 ფილმი, 8 ამბავი, გერმანული კინოს 8 საუკეთესო ნამუშევარი სექციაში „აპოლო - კინოს მეხსიერება", რომელიც მომზადებულია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის მიერ საქართველო-გერმანიის წლის (2017) ფარგლებში.

ეს არის ფილმები, რომელთაც ეკრანებზე გამოსვლისთანავე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ერთხელ ნანახი, სამუდამოდ გამახსოვრდება; ამ ფილმებმა მაყურებელი აიძულა, გერმანიის რეალობა ახლებურად დაენახა. იქნება ეს საშიში და ბოროტი ექიმი კალიგარი ექსპრესიონისტული სურათიდან, მშვენიერი ლოლა „ცისფერი ანგელოზიდან" თუ ჰაინერ კაროს გდრ-ში გადაღებული პირველი ფილმი ჰომოსექსუალობის შესახებ.

ფილმების შერჩევაში ჩვენი დიდი ხნის მეგობრები, გერმანელი კინოკრიტიკოსები ერიკა და ულრიხ გრეგორები გვეხმარებოდნენ. თავდაპირველად გაჩნდა იდეა, რომ თითო ათწლეულიდან თითო ფილმი არჩეულიყო და ასე წარმოგვედგინა მაყურებლისთვის გერმანული კინო. თუმცა, საბოლოო ჯამში არჩევანი სწორედ იმ 8 ფილმზე შევაჩერეთ, რომლებიც მთელი სიცხადით გვიჩვენებენ გერმანული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას და უბრალოდ, ადამიანების ბედს მე-20 საუკუნის კატაკლიზმებით აღსავსე ეპოქაში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ მუნჯი კინოს ორი გამორჩეული ფილმის: „ნოსფერატუსა" და „ექიმ კალიგარის კაბინეტის" სეანსები ცოცხალი მუსიკის თანხლებით ჩაივლის. KÜSPERT & KOLLEGEN (კიუსპერტი და კოლეგები) ჰქვია ჯაზ-ბენდს, რომელიც 5 და 6 დეკემბერს დაუკრავს ფილმების ჩვენების დროს.

 

სექცია „აპოლო: გერმანული კინოს მეხსიერება" გთავაზობთ შემდეგ ფილმებს:

„ქამინგ აუთ" („Coming out", 1989)


„Coming Out"აღმოსავლეთ გერმანიის კინოსტუდიაში გადაღებული პირველი ფილმი იყო, რომელიც გდრ-ში ჰომოსექსუალობის თემას ეხებოდა. ფილიპი, რომელიც ფარული გეია, მასწავლებლად მუშაობს. ის მის კოლეგას, ტანიას უყვარდება და ფილიპიც, მასთან საცხოვრებლად გადადის. ტანიას სახლში კი, მას მისი ძველი ბოიფრენდი ხვდება, რომელთან დაშორებაც ოდესღაც, მშობლებმა აიძულეს. ფილიპი აცნობიერებს, რომ წლების განმავლობაში ის თავის სექსუალურ ორიენტაციას იხშობდა. ის ჩუმად მიდის გეი ბარში და აი აქ, მას მათიასი უყვარდება. ახლა ფილიპს ისღა დარჩენია, რომ აღიაროს ყველაფერი ტანიას და მათიასის წინაშე. იმედგაცრუებული მათიასი თვითმკვლელობას ცდილობს.

ფილმის ავტორი ჰაინერ კარო, როგორც რეჟისორი და სცენარისტი გერმანიაში გაიცნეს ფილმებით „ლეგენდა პაულსა და პაულაზე" (1973) და „სანამ სიკვდილი გაგვყრიდეს" (1979). ჰაინერ კარო 1997 წელს გარდაიცვალა ბერლინში. „ქამინგ აუთი" ბერლინის კინოფესტივალზე „ვერცხლის დათვისა" და „თედის" პრიზის მფლობელი გახდა.

ფილმის ჩვენებას დაესწრება მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი მათიას ფრაიჰოფი.

„ექიმ კალიგარის კაბინეტი" („The Cabinet Of Dr. Caligari",1920)


ვინ არის კალიგარი - ექიმი თუ მკვლელი? ამის გარკვევას ახალგაზრდა სტუდენტი ცდილობს, რომელიც დარწმუნებულია, რომ ექიმი თავის ბოროტ ზრახვებს ჩეზარეს დახმარებით ახორციელებს. ის საკუთარ გამოძიებას იწყებს. ამავე დროს მაყურებელი ხედავს, რომ სტუდენტი ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია, ექიმი კალიგარი კი - მისი დირექტორი.

რობერტ ვინეს ამ ფილმით მსოფლიომ 1920 წელს პირველად ნახა ექსპრესიონიზმი დიდ ეკრანზე. ექსპრესიული მაკიაჟი, გამოკვეთილი, წვეტიანი ფორმები და დამახინჯებული სამყარო - ასეთია „ექიმ კალიგარის კაბინეტის" ვიზუალური სამყარო.

რობერტ ვინეს საშინელებათა ჟანრის ფილმებმა „ექიმ კალიგარის კაბინეტი" (1920) და „რასკოლნიკოვი" (1923), რომელიც დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელის" მიხედვით გადაიღო, დიდი გავლენა მოახდინა იმ პერიოდის გერმანულ კინოზე.


"ცისფერი ანგელოზი" ("The Blue Angel", 1930)

პატარა ქალაქის მიუზიკჰოლში თვალისმომჭრელი სილამაზის ლოლა მუშაობს. ის ყოველ ღამით მუსიკალურ ნომრებს ასრულებს. მისი ეროტიზმით გაჯერებული ნომრების თაყვანისმცემლებს შორის სკოლის მოსწავლეებიც არიან. როდესაც მკაცრი პროფესორი რათი მოსწავლეების საეჭვო გართობის შესახებ შეიტყობს, გადაწყვეტს, საკუთარი თვალით ნახოს საეჭვო რეპუტაციის მქონე დაწესებულება. სწორედ აქ აღმოაჩენს ის ლოლას, რომელიც უზომოდ შეუყვარდება. მათი ნაჩქარევი ქორწინება პროფესორს საზოგადოებისგან გარიყავს და ის თანდათანობით დეგრადაციას განიცდის. მისი განადგურება მწვერვალს აღწევს მაშინ, როდესაც ყოფილი სწავლული სცენაზე კლოუნის ტანსაცმელში გამოწყობილი გამოდის...

იოზეფ ფონ შტერნბერგის ამ ფილმმა მარლენ დიტრიხს დიდი წარმატება მოუტანა და მას სახელი გაუთქვა მთელს მსოფლიოში. შტერნბერგის ფილმებიდან აღსანიშნავია: „ნიუ იორკის მისადგომები" (1928), „მაროკო" (1930), „შანხაის ექსპრესი" (1932), „მაკაო" (1952), „მფრინავი" (1953), „ანატაჰანის საგა" (1957) და სხვა. ის ძირითადად ჰოლივუდში მოღვაწეობდა და „ცისფერი ანგელოზი" მისი ერთადერთი გერმანული ფილმი იყო.


„გერმანია - ფერმკრთალი დედა" („Germany, Pale Mother", 1980)

ფილმში მოქმედება ვითარდება გერმანიაში ნაციზმისა და მეორე მსოფლიო ომის ხანაში. ფილმის ცენტრში სამი გმირია: მამაკაცი, ქალი და ბავშვი. 1939 წელია. ჰანსმა და ელენემ ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე იქორწინეს. ჰანსს მეორე დღესვე ომში აგზავნიან. დაბომბვის დროს იბადება მათი შვილი - ანა. დრო გადის. ომის დროს ელენე იძულებულია ნათესავებთან გადავიდეს ბერლინში, ბრძოლის ქარცეცხლში შვილი ხან მხრებით ატაროს, ხან ხელიხელჩაკიდებულებმა იარონ და თოვლიან ტყეებში გზა გაიკვლიონ. გაზაფხული დგება და ტყე სავსეა დახოცილების გვამებით. ელენე კი გაუპატიურების მსხვერპლი ხდება. მართალია, ჰანსი ომიდან ბრუნდება, მაგრამ ის ძალიან შეცვლილია. ძნელია ისევ ერთად ცხოვრება, არადა სამივე ასე დიდხანს ელოდა ამას - მამაც, დედაც და ბავშვიც.

ფილმის რეჟისორი ჰელმა სანდერს-ბრამსი მწერალი და სცენარისტი იყო, რომელიც ცნობილია ფილმებით „გერმანია - ფერმკრთალი დედა" (1980), „ლაპუტა" (1986), „ჩემი გული მხოლოდ ჩემია" (1977) და „კლარა შუმანი". ის 2003 წელს თბილისის კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო. ჰელმა სანდერს-ბრამსი 2014 წელს გარდაიცვალა ბერლინში.


„წელიწადი ცამეტი თვით" („In a Year with 13 Moons", 1978)

ფილმი მოგვითხრობს ტრანსსექსუალი ქალის, ელვირას ცხოვრების ბოლო რამდენიმე დღის შესახებ. მას ადრე ერვინი ერქვა. ელვირას პარკში სექსის მცდელობისთვის სცემენ, რის შემდეგაც შინ, დიდი ხნის საყვარელთან, ქრისტოფთან ბრუნდება. ეს უკანასკნელი მას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და როდესაც აცხადებს, რომ სამუდამოდ მიდის, ელვირა სასოწარკვეთილი ცდილობს მის შეჩერებას. ელვირას მხსნელად მოევლინება მეგობარი ზორა. მეგობრები მოინახულებენ სასაკლაოს და ობოლ ბავშვთა თავშესაფარს, სადაც ელვირა გაიზარდა. ამ დროს მას ურთიერთობა ჰქონდა ოჯახთან და ყოფილ საყვარელთან, ანტონ ზაიცთან. ეს იყო დრო, როდესაც მან სქესის შეცვლა გადაწყვიტა.

რაინერ ვერნერ ფასბინდერი კინოსა და თეატრის რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, ომისშემდგომი დასავლეთ გერმანული კინოს მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მისი სოციო-პოლიტიკური ელემენტებით გაჯერებული ფილმები ხშირად ჩაგვრის და უიმედობის თემებს უღრმავდება.

თავისი ხანმოკლე კარიერის მანძილზე, ფასბინდერი ნაყოფიერად მოღვაწეობდა, გადაიღო 40-ზე მეტი ფილმი და ბევრი თეატრალური წარმოდგენა დადგა. მის ფილმებს შორის, რომლებიც მძაფრად აკრიტიკებენ საშუალო კლასის ღირებულებებს და მანერებს, საგულისხმოა "კატცელმახერი" (1969, ბავარიულ სლენგზე "უცხოელ მუშას" ნიშნავს) - ფილმი მუშათა კლასის წარმომადგენელ ბერძენზე მოგვითხრობს, რომელიც გერმანულ ბურჟუებს აოგნებს; „პეტრა ფონ კანტის ცხარე ცრემლები" (1972), რომელიც ადამიანურ ურთიერთობებისა და ძალაუფლებისთვის ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს; "შიში ჭამს სულს" - ამბავი გერმანელი დამლაგებელი ქალისა და მისი ახალგაზრდა მაროკოელი მექანიკოსის სიყვარულის შესახებ, რასაც საზოგადოება კიცხავს. მაყურებელმა და კრიტიკამ დადებითად მიიღო ფასბინდერის დიდი ტრილოგია - "მარია ბრაუნის გათხოვება" (1979) - ქორწინების ირონიული სურათი, რომელიც ასახავს გერმანიის ისტორიას მეორე მსოფლიო ომიდან 1950-იანი წლების "ეკონომიკურ სასწაულამდე"; "ლოლა" (1981) - "ცისფერი ანგელოზის" ფასბინდერისეული ვერსია და "ვერონიკა ფოსის სევდა" (1982), რომელიც გერმანელი მსახიობის, სიბილ შმიტცის ცხოვრების მიხედვითაა გადაღებული.

„ნოსფერატუ" („Nosferatu", 1922)

თომას ჰუტერი ვისბორგში უძრავი ქონების სააგენტოს მდივანია. ის ბედნიერად ცხოვრობს თავის ცოლთან, ელენთან ერთად. ერთ დღეს უფროსი ტრანსილვანიაში საქმეზე აგზავნის - ის უნდა მოელაპარაკოს ბარონ ორლოკს ბინის შეძენასთან დაკავშირებით. ელენი გრძნობს, რომ რაღაც რიგზე არ არის და ქმარს საფრთხე ელის, მაგრამ თომასის შეჩერება შეუძლებელია. ჰუტერი ციხე-კოშკის მეპატრონეს ღამით ხვდება და ეს უკანასკნელი კონტრაქტზე ხელს მოაწერს. როდესაც ჰუტერი მეორე დილას იღვიძებს, კისერზე პატარა წითელ წერტილებს აღმოაჩენს და ხვდება, რომ განსაცდელი მოახლოვდა. ორლოკი ვამპირია. ჰუტერი დაუყოვნებლივ გარბის ციხე-კოშკიდან. ის შიშობს, რომ სული მის ცოლს არ მიადგეს.

ფრიდრიჰ ვილჰელმ მურნაუ აღიარებული გერმანელი რეჟისორია. მურნაუს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „ნოსფერატუ" - ექსპრესიონისტული კინოს შედევრად აღიარებული ფილმი, რომელიც ბრემ სტოკერის „დრაკულას" ადაპტაციაა. ამის შემდეგ მურნაუმ გადაიღო ფილმი „უკანასკნელი სიცილი" (1924) და გოეთეს „ფაუსტი" (1926). მოგვიანებით რეჟისორი ჰოლივუდში გადასახლდა, სადაც 1926 წელს „ფოქს სტუდიო"-სთან დაიწყო თანამშრომლობა. ჰოლოვუდში მან სამი ფილმი გადაიღო: „მზის ამოსვლა" (1927), „ოთხი ეშმაკი" (1928) და „ქალაქელი გოგონა" (1930). „მზის ამოსვლა" კინოს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება.

„პარიზი, ტეხასი" („Paris, Texas", 1984)

ჰანდერსონების ოჯახი წლების წინ დაიშალა. მას შემდეგ თრევისს არც თავისი ყოფილი მეუღლე ჯეინი უნახავს და არც შვილი - ჰანთერი. განქორწინების შემდეგ, თრევისი ოთხი წელი არსად ჩანდა. შემდეგ მას ვხედავთ ტეხასის უდაბნოში, ერთ პატარა ქალაქში. მას არც კი ახსოვს თავისი წარსული. ძმის დახმარებით ის მეტყველების უნარს იბრუნებს. თანდათან გაუცხოებულ შვილთან ურთიერთობის აწყობასაც ახერხებს, ბოლოს ისინი ერთად მიდიან ჯეინის საძებნელად.

ვიმ ვენდერსი გერმანელი რეჟისორი, სცენარისტი, მწერალი, ფოტოგრაფი და ახალი გერმანული კინოს მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მის მიერ მიღებულ უამრავ ჯილდოთაგან საგულისხმოა კინოაკადემიის ჯილდოზე ნომინაცია საუკეთესო დოკუმენტური ფილმებისთვის: „Buena Vista Social Club" (1999), „პინა" (2011) და „მიწის მარილი" (2014). ვენდერსის ერთ-ერთი პირველი ჯილდო იყო BAFTA-ს პრემია საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში დრამატული ფილმისთვის „პარიზი ტეხასი" (1984), რომელმაც იმავე წლის კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო" მოიპოვა. მისმა არაერთმა შემდგომმა ფილმა მიიღო კანის ფესტივალის ჯილდო, მათ შორის ნამუშევარმა „სურვილის ფრთები" (1987).

„შვიდი მოგზაურობა" („Seven Journeys", 1947) გერმანული სათაურია „In jenen Tagen" („იმ დღეებში").

ნაცისტური გერმანიის მესამე რაიხის წლებია. მანქანა საკუთარ ისტორიას ჰყვება და ეს ისტორია მის შვიდ მფლობელს უკავშირდება. ერთ-ერთი მფლობელი ჰიტლერის პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყო, რომელიც იძულებული ხდება გაიქცეს ჰიტლერის სახელმწიფოს სათავეში მოსვლისთანავე; ასევე იყო კომპოზიტორი, რომელსაც აუკრძალეს მუსიკალური საქმიანობა; შემდეგ იყო გალერისტი, რომელიც თავის ებრაელ ცოლთან ერთად, დამსხვრეული ვიტრინების ღამის დროს, იძულებულია, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს; წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი, რომელსაც გაქცევისას კლავენ; ჯარისკაცი სუსხიანი რუსული ზამთრის დროს; დიდგვაროვანი მოხუცი ქალი, რომელსაც დევნიან, რადგანაც მისმა შვილმა ჰიტლერის მოკვლა სცადა; და ბოლოს, ლტოლვილი ქალი და მისი შვილი, რომელსაც გზად ახალგაზრდა ჯარისკაცი ეხმარება.

რეჟისორი და სცენარისტი ჰელმუთ კოიტნერი დიუსელდორფში დაიბადა. ცნობილია ფილმებით „კაპიტანი კიოპენიკიდან" (1956), „ეშმაკის გენერალი" (1955) და „უკანასკნელი ხიდი" (1954). მისი მეუღლე იყო მსახიობი ერიკა ბალკი.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 2484