„სულისა და სხეულის შესახებ“ - ახალი უნგრული დრამა მე-18 კინოფესტივალს გახსნის
კინოფესტივალი მედიაში
2017-11-21

4 დეკემბერს, კინოთეატრ „ამირანში" მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიედის ფილმით „სულისა და სხეულის შესახებ" გაიხსნება.

უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიედის 2017 წლის ფილმი „სულისა და სხეულის შესახებ" ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფიპრესის, ეკუმენიკური ჟიურის და ფესტივალის მთავარი ჯილდოს - „ოქროს დათვის" მფლობელი გახდა. ფილმმა ასევე გაიმარჯვა სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალზე „საუკეთესო ფილმის" ნომინაციაში. ამას გარდა, „სულისა და სხეულის შესახებ" ევროპული კინოაკადემიის ჯილდოსა და „ოსკარზეა" წარდგენილი.

ფილმის სიუჟეტი ბუდაპეშტის ხორცკომბინატში ვითარდება. ფილმის მთავარი გმირები მისი თანამშრომლები - ენდრე და მარია არიან. ენდრე, ხორცკომბინატის ფინანსური დირექტორი, შუა ხნის ინვალიდი, მარტოსული მამაკაცია. მარია კი, ქერა, სიტყვაძუნწი პერფექციონისტია - ხორცის ხარისხის ინსპექტორი. ერთი შეხედვით მათ არც არაფერი აკავშირებთ, თუმცა...

კომპანიაში რუტინული ინტერვიუს დროს, ფსიქოლოგი აღმოაჩენს, რომ მარიას და ენდრეს ერთნაირი პერიოდული სიზმრები აქვთ. ისინი გაოცებული არიან, რადგან ამ ორმა ინტროვერტმა ადამიანმა არაფერი იცის ერთმანეთის შესახებ. მეორე დღეს ისევ ამოწმებენ და მათ ისევ ერთი და იგივე სიზმარი ესიზმრათ წინა ღამეს. ისინი ისევ და ისევ ადარებენ საკუთარ სიზმრებს და თანდათან ცხადი ხდება, რომ ერთმანეთს საერთო სივრცეში ხვდებიან: მშვიდ, თოვლიან ტყეში, სადაც ლამაზ ირმებად გარდაიქმნებიან და ერთმანეთს, ნაზად ეტრფიან.

„ფილმის ხერხემალს დაქუცმაცებული სიყვარულის ისტორია წარმოადგენს, - ამბობს ფილმის რეჟისორი ილდიკო ენიედი, - ამის უკან, ჩვენი, ყოველდღიური სამყაროა. ვფიქრობთ, რომ კარგად ვიცნობთ მას. სახლი, ქალაქი, სამუშაო ადგილი, ჩვენი თავისუფალი დრო - ესაა ის, რაშიც ყოველდღიურ რუტინაში ვეფლობით.

და ოცნებები? ენდრე და მარიას საერთო სიზმრების სამყარო ჰაეროვანი, ბუნებრივი და თავისუფალი ემოციებითაა გაჟღენთილი. ესაა ადგილი, სადაც ჩვენ, საკუთარი თავის შეცნობა შეგვიძლია".

ილდიკო ენიედის ფილმში, თითქოს ყველანაირი ზღვარი ქრება. მაშინაც კი, როდესაც საქმე ირმებსა და ადამიანებს ეხება. ორივენი ხომ მარტოობისთვის და სიკვდილისთვის არიან განწირულნი.


ილდიკო ენიედიმ კარიერა დაიწყო როგორც კონცეპტუალურმა და მედია არტისტმა. 1999 წელს გადაღებულმა მისმა მხატვრულმა ფილმმა „სიმონ მოგვი" ლოკარნოს კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა, ხოლო ფილმმა „ტამაში და იული" (1997) ბელფორტის კინოფესტივალზე გრან-პრი დაიმსახურა. მას შემდეგ, ენიედიმ რამოდენიმე სატელევიზიო და მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. „სულისა და სხეულის შესახებ" 18 წლიანი პაუზის შემდეგ მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.

 

მნახველთა რაოდენობა: 958