6 ფილმი ფრანგული კოლექციიდან
კინოფესტივალი მედიაში
2017-11-22

სექციაში "ფრანგული კოლექცია" წარმოდგენილია ის ფილმები და რეჟისორები, რომელთაც წარდგენა ნამდვილად არ სჭირდებათ. ევროპული კინოს მოყვარული მაყურებელი კარგად იცნობს თითოეული მათგანის გამორჩეულ ხელწერას, ძალზედ შთამბეჭდავ ამბის ვიზუალურ თხრობას და ფრანგულ იუმორს.

საფრანგეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით გამართული სექცია "ფრანგული კოლექცია" კანის ნომინანტ ფილმებს, ახალი ევროპული კინოს 6 გამორჩეულ ნამუშევარს გთავაზობთ.

"120 დარტყმა წუთში" ("120 BMP", 2017)

1990-იანი წლების დასაწყისი. თითქმის ათ წლის შემდეგ, რაც შიდსმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, "Act Up-Paris"-ის აქტივისტები გაორმაგებული ინტენსივობით გამოდიან ზოგადი ინდიფერენტულობის წინააღმდეგ. სხვადასხვა ხმაურიანი და ლამის თეატრალიზებული აქტივობებით შიდსის მიმართ სახელმწიფოსა და საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობენ. აქტივისტების წევრები ჰომოსექსუალები არიან და ფილმის წინა პლანზე, ერთ-ერთი წყვილის ისტორიაა წამოწეული.

დოკუმენტურ სტილში გადაღებულ ფილმს გამოცემამ „The Hollywood Reporter" „პოლიტიკის, ვნებისა და დანაკარგის დრამა" უწოდა. კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმმა გრან-პრისთან ერთად კიდევ ორი ჯილდო აიღო - "ფიპრესის" (კინოკრიტიკოსთა ასოციაცია) და "ქვიარ პალმის" (დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი, რომელიც ლგბტ თემატიკის ფილმებს აჯილდოებს). "ფიპრესის" დაჯილდოებაზე კრიტიკოსებმა ასე დაახასიათეს კამპილოს ფილმი - „ეს არის ფილმი სიყვარულზე. ფილმი სიცოცხლეზე. სიცოცხლეზე, რომელიც სიკვდილზე ძლიერია. ფილმი, როგორც იმედის ნაპერწკალი."

რობინ კამპილო დაიბადა 1962 წელს, მაროკოში. 1983 წელს, IDHEC-ში (დღევანდელ „ლა ფემისში") სწავლობდა, სადაც ლორენ კანტეტი გაიცნო, რომელთანაც 1990-იანი წლების ბოლოდან თანამშრომლობს, როგორც ფილმების მემონტაჟე და ისეთი ფილმების სცენარის თანაავტორი, როგორებიცაა „ტაიმ აუტი", „კლასი" და სხვა. რობინ კამპილომ ჩვენი მაყურებლისთვის 2013 წელს მასტერკლასი ჩაატარა და დამსწრე საზოგადოებას, მონტაჟის ძირითად პრინციპებზე და საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა.

"ისმაელის მოჩვენებები" ("Ismael's Ghosts", 2017)

ფილმი მოგვითხრობს დაქვრივებული რეჟისორის შესახებ, რომელიც ფილმის გადაღების შუა პროცესშია. მისი ფილმი დიპლომატზეა, რომლის პროტოტიპიც რეჟისორის ძმაა. ის სილვიასთან ერთად ახალ ცხოვრებას იწყებს, მაგრამ ჯერ კიდევ გლოვობს ყოფილ ცოლს, კარლოტას, რომელიც 20 წლის წინ გარდაიცვალა. მაგრამ უეცრად, კარლოტა მკვდრეთით აღდგება და ყოფილ ქმართან ბრუნდება.

რეჟისორი და სცენარისტი არნო დეპლეშენი დაიბადა 1960 წელს, რუბეში, საფრანგეთის ჩრდილოეთით. ცნობილია ფილმებით „საშობაო ამბავი" (2008), „მეფეები და დედოფალი" (2004) და „ჩემი ბედნიერი დროება" (2015). "ისმაელის მოჩვენებებში" შთამბეჭდავია ფილმის სამსახიობო დასიც: შარლოტ გინზბურგი, მარიონ კოტიარი, ლუი გარელი და მეთიუ ამალრიკი.

"ორმაგი საყვარელი" ("The Double Lover", 2017)

ქლოეს, სუსტი აღნაგობის ახალგაზრდა ქალს, თავისი ფსიქოანალიტიკოსი პოლი შეუყვარდება. რამდენიმე თვის შემდეგ, ქლოე მასთან საცხოვრებლად გადადის, მაგრამ მალე აღმოაჩენს, რომ პოლი თავისი პიროვნული „მე"-ს ნაწილს მალავს.

ფრანსუა ოზონი ფრანგი კინორეჟისორი და სცენარისტია, რომლის ფილმებსაც ახასიათებს ბასრი სატირული გონებამახვილობა და ადამიანთა სექსუალობისადმი თავისუფალი მიდგომა. მან საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ისეთი ფილმებით, როგორებიცაა: „8 ქალი" (2002) და „აუზი" (2003). ოზონს „ახალი ტალღის" ფრანგული კინოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეჟისორად მიიჩნევენ.

"ახალგაზრდა გოდარი" ("Redoubtable", 2017)

პარიზი, 1967 წელი. თავისი თაობის ყველაზე სახელგანთქმული რეჟისორი ჟან-ლიუკ გოდარი იღებს ფილმს „ჩინელი", მისი საყვარელი ქალის, 20 წლით მასზე უმცროსი ან ვიაზემსკის მონაწილეობით. ბედნიერი და მიმზიდველი წყვილი ქორწინდება. მაგრამ ფილმზე რეაქცია ჟან-ლიუკს საკუთარი თავის ანალიზისკენ უბიძგებს. 1968 წლის მაისის მოვლენები გააძლიერებს ამ პროცესს და კრიზისი, რომელიც ჟან-ლიუკს თავს დაატყდება, მნიშვნელოვნად შეცვლის მას და ის ვარსკვლავი რეჟისორიდან მაოისტ აუტსაიდერ არტისტად იქცევა.

მიშელ ჰაზანავიჩუსი დაიბადა და გაიზარდა პარიზში. სწავლობდა ხელოვნების სკოლაში და შემდეგ რეკლამების და ტელეპროექტების რეჟისორად დაიწყო მუშაობა. რეჟისორი საერთაშორისო აუდიტორიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, როდესაც, პრაქტიკულად, მუნჯი ფილმი „არტისტი" (2011) გადაიღო, რომელშიც მისი ცოლი, ბერენის ბეჟო და ჟან დიუჟარდენი მონაწილეობდნენ. ფილმს კრიტიკოსების მაღალი შეფასება მოყვა და პოპულარულ ჰიტად იქცა, რომელმაც ბევრი მნიშვნელოვანი ნომინაცია და ჯილდო მოიპოვა. ფილმს, 5 „ოსკარი" აქვს აღებული.


"შინაგანი მზე" ("Let the Sun Shine In", საფრანგეთი, 2017)

პარიზელი ხელოვანი იზაბელი მარტოხელა დედაა, რომელიც სიყვარულს, ნამდვილ სიყვარულს ეძებს.

„შინაგანი მზე" ფრანგი რეჟისორის და სცენარისტის კლერ დენის ფილმია, რომელიც მან როლან ბარტის წიგნის „შეყვარებულის დისკურსი: ფრაგმენტების" მიხედვით გადაიღო. მწერალი ქრისტინ ანგო კი, დენისთან ერთად მუშაობდა სცენარზე. კლერ დენი ცნობილია ფილმებით: „კარგი სამსახური" (1999), „თეთრი მასალა" (2009) და „35 ჭიქა რომი" (2008). „შინაგან მზეში" ჟულიეტ ბინოში და ქსავიე ბუვუა თამაშობენ.


„მეანი ქალი" („The Midwife", საფრანგეთი, ბელგია, 2017)

კლერი ნერვიული მეანი ქალია, რომელიც უმეგობრდება თავისი გარდაცვლილი მამის, თავისუფალი შეხედულებების მქონე საყვარელს - ბეატრისს. განსხვავებულობის მიუხედავად, ქალები საუკეთესო მეგობრები ხდებიან. მოულოდნელად ბეატრისი გაამხელს, რომ ის ტვინის სიმსივნითაა დაავადებული.


მარტენ პროვო
ფრანგი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობია. ის არის სცენარის ავტორი და რეჟისორი ისეთი ფილმების, როგორიცაა: „სერაფინი" და „ჟულიეტას მუცელი". 2013 წელს მის მიერ გადაღებული ფილმი „ვიოლეტი" ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სპეციალური ჩვენების სექციაში წარადგინეს.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 4989