უახლესი ქართული კინო “პრომეთეზე” - სრულმეტრაჟიანი ფილმები
კინოფესტივალი მედიაში
2017-11-23

ჩვენი ფესტივალი დიდ ყურადღებას უთმობს ქართული კინოს სიახლეებს და ყოველწლიურად, ქართველ და უცხოელ მაყურებელს სექციაში „ქართული პანორამა" უახლეს ქართულ მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს წარუდგენს. თბილისის კინოფესტივალმა ბევრ ნიჭიერ ქართველ კინემატოგრაფისტს გაუხსნა გზა მსოფლიო ასპარეზისკენ.

"ქართული პანორამა" მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას, ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდეს ქართულ კინოინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებს, ნახოს საერთაშორისო ფესტივალებზე აღიარებული ნამუშევრები და გაიცნოს დამწყები რეჟისორები.

მოწვეული ჟიური სამ პრიზს გადასცემს გამარჯვებულებს:


• პრომეთე - საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის
• პრომეთე - საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის
• პრომეთე - საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის


"ქართულ პანორამაში" წარმოდგენილი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები:

"ლუკა" (2016)

სასამართლოს გადაწყვეტილებით ლილეს შვილთან ერთად ცხოვრების უფლება ჩამოართვეს და ლუკა ყოფილი ქმრის ოჯახში იზრდება. მას ბებიამ ზრდის. 1993 წელია, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დასასრულს, ლუკა სოხუმის დაცვისას იღუპება. ლილე სოხუმთან ახლო მდებარე სოფელში ჩადის, სადაც ლუკა ცხოვრობდა. მისი მიზანია შვილი თავისთან წაიყვანოს და დაკრძალოს. მაგრამ ნინას (ბებიას) გადაწყვეტილი აქვს თავისი ერთადერთი შვილიშვილი თავის ეზოში დაკრძალოს. კონფლიქტი ლილეს და ნინას შორის აშკარა ხდება...

გიორგი ბარაბაძემ 1982 წელს დაამთავრა თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ელდარ შენგელაიას სახელოსნო. 1990 წელს დააფუძნა საქართველოში პირველი დამოუკიდებელი კინოსტუდია „შვიდკაცა". ფილმში "ლუკა" ქეთევან ცხაკაია, ნინო კასრაძე და ლია კაპანაძე თამაშობენ.

„მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე" (შვეიცარია, საქართველო, 2017)

ახალგაზრდა ქალი, სახელად აპრილი, თბილისის ღამის კლუბში მუშაობს. იქ ხვდება ნიგერიელ ბიჭს, დიჯეის, რომელიც ამერიკის ჯორჯიის ნაცვლად, შეცდომით საქართველოში აღმოჩნდა.


ელენე ნავერიანი დაიბადა თბილისში. 2008-2011 წლებში სწავლობდა ჟენევის (შვეიცარია) კინოსკოლაში. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის „მე მზის წვეთი ვარ დედამიწაზე" პრემიერა როტერდამში შედგა. ფილმმა, პორტუს მე-3 საერთაშორისო ქვიარ კინოფესტივალზე „საუკეთესო ფილმის" ნომინაციაში გაიმარჯვა.


„ნამე" (საქართველო, 2017)

სოფელში, სადაც ერთად ცხოვრობენ ქრისტიანები და მაჰმადიანები, ალის ოჯახს მისია აკისრია - სამკურნალო წყლის პატრონობა და მისი დახმარებით სნეული თანასოფლელების განკურნება. სამივე ვაჟმა მამისეული სახლი მიატოვა, მხოლოდ უმცროსი ქალიშვილი ცისნამე (ნამე) შემორჩა ოჯახური ტრადიციების სადარაჯოზე. ნამე მერაბს გაიცნობს. მათ შორის სიახლოვის სურვილი ჩნდება. ამ დროს პარალელურად, ხეობაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც შესაძლოა ეკოლოგიური ცვლილებების გამომწვევი იყოს. ერთ დღესაც, წყალი დაშრობას იწყებს. მოხუც მამას ძველების ნათქვამი ახსენდება, რომ წყლის დაბრუნება მსხვერპლშეწირვის გარეშე შეუძლებელია...


ზაზა ხალვაში დაიბადა ბათუმში. 1982 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის სახელოსნო. 1977-2004 წლებში მუშაობდა კინოსტუდიაში „ქართული ფილმი" დამდგმელ რეჟისორად. გადაღებული აქვს მხატვრული ფილმები: „იქ - ჩემთან..." (1990 წ,), „მიზერერე" (1996 წ), „მგლების ხორუმი" (2003 წ.). 1997 წლიდან დღემდე ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის კინორეჟისურას, ხელმძღვანელობს კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტს.

„საშიში დედა" (საქართველო, ესტონეთი, 2017)

50 წლის დიასახლისი მანანა საკუთარ დილემას ებრძვის - მან ან საკუთარი ოჯახი უნდა აირჩოს ან თავისი გატაცება - წერა, რომელსაც წლების განმავლობაში იხშობდა. საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ გატაცებას მიყვეს და ბოლომდე ეფლობა წერის პროცესში, რასაც მსხვერპლად წირავს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს.

ანა ურუშაძე დაიბადა თბილისში (საქართველო) 1990 წელს. 2013 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი. „საშიში დედა" მისი სრულმეტრაჟიანი დებიუტია. ფილმის მრავალ ჯილდოს შორის, საგულისხმოა: „ოქროს ლეოპარდი" - ლოკარნოს კინოფესტივალზე საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვება; სარაევოს კინოფესტივალის მთავარი პრიზი; ეგვიპტეში El Gouna-ს საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი - „ოქროს ვარსკვლავი"; აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოების გრან-პრი (აზიური ოსკარი); ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ნატა მურვანიძის აზიური „ოსკარი", ხიხონის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმი სამი ჯილდოთი დაჯილდოვდა: საკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ოპერატორი და საუკეთესო ფილმი (ახალგაზრდა ჟიურის ჯილდო)

"სავარძელი" (2017)

არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, გიორგი მჭედლიშვილი ყველაფერს კარგავს, რაც მისთვის ძვირფასია: ოფისს, მანქანას, შემოსავლის წყაროს და რაც მთავარია - ძალაუფლებას. გიორგის სკამი, რომელიც ცოცხალი არსებაა, სტიმულს აძლევს ყოფილ მინისტრს, რომ ზომები მიიღოს, მაგრამ ამას სასურველი შედეგი არ მოაქვს. ამ რთულ პერიოდში გიორგი ხვდება ლტოლვილ ქალს - დონარას, რომელსაც ცოლად ირთავს. ახალი მთავრობა გიორგის და მის ოჯახს გამოასახლებს. ყოფილი მინისტრი უპირისპირდება ჯერ მედიას, შემდეგ საკუთარ რძალს.

ელდარ შენგელაიას ფილმები ქართული კინოს კლასიკად იქცა. მას მიღებული აქვს საქართველოს (1979) და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის (1988) წოდება. 1976 წლიდან იყო საქართველოს რეჟისორთა კავშირის თავმჯდომარე.


"ჩემი ბედნიერი ოჯახი" (2017)

საქართველო, თბილისი. პატრიარქალური საზოგადოება და ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახი, სადაც სამი თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. ყველა შოკირებულია, როცა 52 წლის მანანა სახლიდან წასვლას და მშობლების, ქმრისა და შვილების გარეშე ცხოვრებას გადაწყვეტს. დგება დრო, როცა ოჯახის წევრებმა ერთმანეთი ხელახლა უნდა გაიცნონ.

ფილმის რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი არიან. ნანა ექვთიმიშვილმა გერმანიაში, პოტსდამ-ბაბელსბერგის კინოაკადემიაში სწავლობდა, სიმონმა კი მიუნხენის კინოაკადემია დაამთავრა. 2012 წელს მათ საქართველოში გადაიღეს ფილმი „გრძელი ნათელი დღეები", რომელმაც 30 ჯილდო მოიპოვა და საერთაშორისო კინოფესტივალებზე ფილმი „ახალი ქართული ტალღის" მომასწავებლად მიიჩნიეს. რაც შეეხება "ჩემ ბედნიერ ოჯახს" მას ჯილდოები აქვს მიღებული: ჰონგ-კონგის, ლეჩეს, ოდესის, სიეტლის, ტრანსილვანიის და ვისბადების საერთაშორისო კინოფესტივალებზე.


"ხიბულა" (2017)

„ხიბულას" სცენარს საფუძვლად უდევს 1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქვეყანაში განვითარებული რეალური მოვლენები. პირველი პრეზიდენტი - ზვიად გამსახურდია, რომელიც მოსახლეობამ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩია, მალევე, სამხედრო გადატრიალების შედეგად, დევნილობაში აღმოჩნდა. პრეზიდენტი ძალაუფლების აღსადგენად დაბრუნდა, მაგრამ ვერაფერს გახდა და მცირერიცხოვან რაზმთან ერთად მთებს შეაფარა თავი. ფილმი სწორედ ამ ეპიზოდიდან იწყება. სიუჟეტი გამსახურდიას ცხოვრების უკანასკნელ დღეებს მიჰყვება და პრეზიდენტს, მხარდამჭერებთან და მოწინააღმდეგეებთან ერთად, დასასრულისკენ მიაცილებს.

გიორგი ოვაშვილმა დაამთავრა თბილისის კინოსა და თეატრის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (1996) და ნიუ იორკის კინოაკადემიის კინორეჟისურის კურსი (სტუდია „იუნივერსალის" განყოფილება, 2006 წელს). მისი სრულმეტრაჟიანი სარეჟისორო დებიუტი „გაღმა ნაპირი" (2009) ნაჩვენები იყო 100-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალზე, 50-ზე მეტ ქვეყანაში და დაახლოებით 50 ჯილდო დაიმსახურა. მისი მეორე სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „სიმინდის კუნძული" (2004) კარლოვი ვარის 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრი მოიპოვა და 2015 წელს ამერიკის კინოაკადემიის უცხოენოვანი ფილმების ნომინაციის შორთლისტში მოხვდა. "ხიბულას" პრემიერა, წელს, კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მთავარ საკონკურსო პროგრამაში გაიმართა.

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1951