უახლესი ქართული კინო “პრომეთეზე” - დოკუმენტური ფილმები
კინოფესტივალი მედიაში
2017-11-23

ჩვენი ფესტივალი დიდ ყურადღებას უთმობს ქართული კინოს სიახლეებს და ყოველწლიურად, ქართველ და უცხოელ მაყურებელს სექციაში „ქართული პანორამა" უახლეს ქართულ მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს წარუდგენს. თბილისის კინოფესტივალმა ბევრ ნიჭიერ ქართველ კინემატოგრაფისტს გაუხსნა გზა მსოფლიო ასპარეზისკენ.

მოწვეული ჟიური სამ პრიზს გადასცემს გამარჯვებულებს:


• პრომეთე - საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის
• პრომეთე - საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის
• პრომეთე - საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის


"ქართულ პანორამაში" წარმოდგენილი დოკუმენტური ფილმები:

"გოგიტას ახალი ცხოვრება" (2016)

ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ, თავის სოფელში დაბრუნებული გოგიტა, ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს. მას ყველაზე მეტად ცოლის მოყვანა უნდა. მაგრამ ვინ ისურვებს ნასამართლევი, ღარიბი ფერმერის ცოლობას, რომელიც ისევ დედასთან ერთად ცხოვრობს? ის ინტერნეტით გაიცნობს მაკას, რომელიც არც ისე ახალგაზრდაა, არც ულამაზესია, მაგრამ ძალიან გემრიელ ნამცხვრებს აცხობს. ისე რომ ჯერ არც კი შეხვედრილან, ისინი დაქორწინებას გადაწყვეტენ.

ლევან კოღუაშვილმა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. 1995-1999 წლებში რეჟისურას სწავლობდა მოსკოვის კინოინსტიტუტში (ვგიკი). 2007 წელს კი დაამთავრა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კინოფაკულტეტის მიგისტრატურა. მის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს "ქუჩის დღეები" საერთაშორისო წარმატება მოჰყვა. 2013-ში კოღუაშვილის "შემთხვევითი პაემნები" ტორონტოსა და ბერლინის კინოფესტივალებზე აჩვენებს. ფილმმა მთელს მსოფლიოში 20-მდე პრიზი მოიპოვა. დოკუმენტური ფილმი "გოგიტას ახალი ცხოვრება" იუმორისა და დრამის შესანიშნავი ნაზავია.

„დაწესებულება #16" (საქართველო, 2017)


ახალი ციხე რუსთავში საუკეთესო პენიტენციურ დაწესებულებად ითვლება მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეში. მაგრამ საუკეთესო ციხეც ვერ შეაჩერებს ადამიანის ბუნებრივ სურვილს - იყო თავისუფალი. ციხე როგორც ჩრდილია - არავინ იცის, თუ როდის შეგვეხება ის...

ალექსანდრე ქორიძე 30-ზე მეტი საავტორო და სატელევიზიო ფილმის რეჟისორია. Berlinale Talent Campus-ში ორჯერ (2003, 2004) მონაწილეობდა.

„დევნილი გემი ენგური" (საქართველო, 2016)

ბათუმი საქართველოს ტურისტული ცენტრია. ყოველდღიურად ადგილობრივები და ტურისტები ხედავენ, თუ როგორ შემოდიან და გადიან გემები ბათუმის პორტიდან. პორტში დგას ერთი გემი „ენგური", თავისი ორკაციანი ეკიპაჟით. გემი არასდროს ტოვებს პორტის ტერიტორიას. ლადო გემის კაპიტანია, ვახო კი - ბოცმანი, ისინი არასდროს ტოვებენ დაზიანებულ გემს, გემზე არიან ზამთარშიც და ზაფხულშიც, მზიან თუ შტორმიან ამინდში. გემი, ლადო და ვახო აფხაზეთიდან დევნილები არიან.

ვახტანგ ვარაზმა დაამთავრა თბილისის კინოსა და თეატრის სახელმწიფო ინსტიტუტი.

"დიდუბე, ბოლო გაჩერება" (2017)

ყველაზე გადატვირთულ სადგურზე პატარა, წყნარი ვეტერინარული მაღაზიაა, სადაც სიჩუმეს მხოლოდ გარედან შემოსული ხმაური არღვევს. მაღაზიის მფლობელი ნიკო, შუშის დახლის უკან ზის თავის ცოლთან, ციცოსთან ერთად. ის პოეზიას წერს მიმდინარე მოვლენებზე. ფილმი აჩვენებს, როგორი მიჯაჭვულია ნიკო თავის ადგილს. თუმცა, რაც დრო გადის, ნიკოს პატარა სამეფო დასასრულს უახლოვდება. ვინ იცის, იქნებ ნიკოსთვის ეს დასასრული ახალი ხანის დასაწყისია.

შორენა თევზაძემ 2005 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რეჟისურის ფაკულტეტი, 2014 წელს კი -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამატურგიის ხელოვნების მაგისტრატურა. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი. „დიდუბე, ბოლო გაჩერება" მისი პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია, რომელიც კავკასიის პირველ საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალზე CinéDOC-Tbilisi, სექცია Focus Caucasus-ის გამარჯვებული გახდა.

„მზის ქალაქი" (საქართველო, აშშ, ყატარი, ნიდერლანდები, 2017)

ფილმი „მზის ქალაქი" პოსტაპოკალიპტური ქალაქი-აჩრდილის, ჭიათურისა და მისი რამდენიმე მცხოვრების სიურეალისტურ ხედვას წარმოადგენს. ამ გმირების ცხოვრება, ბედი და ოცნებები იმ ადგილის ნანგრევების ფონზე ვითარდება, რომელიც ოდესღაც ცნობილი იყო თავისი არქიტექტურული და ტექნოლოგიური მიღწევებით და განსაკუთრებით - მანგანუმის შახტით.

რატი ონელი 1999-2014 წლებში ცხოვრობდა ნიუ იორკში, შემდეგ თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც დოკუმენტურ ფილმ „მზის ქალაქზე" მუშაობა დაიწყო. „მზის ქალაქი" რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია.

„სოვდაგარი" (საქართველო, 2016)

გელა საყოფაცხოვრებო ნივთებსა და მეორად ტანსაცმელს ძველი მიკროავტობუსის საბარგულიდან ყიდის. ის ვაჭრობს ადგილებში, სადაც ფულზე მეტად კარტოფილი ფასობს.

თამთა გაბრიჩიძემ დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი, სარეჟისორო ფაკულტეტი. მას რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული.

 

მნახველთა რაოდენობა: 697