უახლესი ქართული კინო “პრომეთეზე” - მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმები
კინოფესტივალი მედიაში
2017-11-23

ჩვენი ფესტივალი დიდ ყურადღებას უთმობს ქართული კინოს სიახლეებს და ყოველწლიურად, ქართველ და უცხოელ მაყურებელს სექციაში „ქართული პანორამა" უახლეს ქართულ მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ ფილმებს წარუდგენს. თბილისის კინოფესტივალმა ბევრ ნიჭიერ ქართველ კინემატოგრაფისტს გაუხსნა გზა მსოფლიო ასპარეზისკენ.

მოწვეული ჟიური სამ პრიზს გადასცემს გამარჯვებულებს:

• პრომეთე - საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის
• პრომეთე - საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის
• პრომეთე - საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის


"ქართულ პანორამაში" წარმოდგენილი მოკლემეტრაჟიანი და ანიმაციური ფილმები:

"8 წუთი" (რეჟისორები: გიორგი გოგიჩაიშვილი და დავით აბრამიშვილი, 2017)

მზე ჩაქრა და დარჩენილი სინათლის უკანასკნელი სხივების ამოწურვამდე დედამიწაზე, მთელი სამყარო პანიკასა და ქაოსში იძირება. ფილმის გმირი, სამოც წელს მიტანებული, მარტოხელა და ცხოვრებაზე გულაცრუებული მამაკაცი, გია, ერთადერთია, ვისაც მოახლოებული აპოკალიფსი არ ადარდებს.


"ანდრო" (რეჟისორი: თორნიკე გოგრიჭიანი, 2017)

პოსტსაბჭოთა საქართველო, უმუშევარი არქიტექტორი ანდრო ცდილობს ოჯახს ფინანსურად დაეხმაროს, გაავსებს მანქანას ოჯახიდან გადაყრილი გამოუსადეგარი ნივთებით და გაემგზავრება თურქეთისკენ სავაჭროდ, თან მცირეწლოვანი შვილი, ანდრო ახლავს. მამა-შვილი საზღვრიდან დაიმგზავრებს თურქეთის მოქალაქეს, თანერს. ეს შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდება მათთვის.

"ანა" (რეჟისორი: მარგო ზუბაშვილი, 2017)

45 წლის ანა დედასთან ერთად მარტო ცხოვრობს, თბილისის ცენტრში. ანას დალაგებული ცხოვრება ერთ საღამოს იცვლება, როდესაც კონცერტზე ხალხში ერთი ქალის სახეს ხედავს. როგორ შეიძლება შეცვალოს ადამიანი ერთმა სიტყვამ? როგორ ზეგავლენას ახდენას ადამიანზე სხვისი ცხოვრება? როგორ შეიძლება დაკარგოს ადამიანმა სახე და იდენტობა?

"დასასრული" (რეჟისორი: ნინი სარდლიშვილი, 2016)

მაშინ, როდესაც წარმოსახვა გონებას გამოგონილი შიშის მარწუხებში აქცევს, სამყარო ჩაკეტილ სივრცეს ემსგავსება, ერთადერთი გამოსავალი ახალი წარმოსახვისკენ გაქცევაა, წარმოსახვისკენ, რომლის საწყისები გონებას ბინდავს.


"თევზაობა" (რეჟისორი: თორნიკე ბზიავა, 2017)

ქალაქში, სადაც ეს ესაა ახალმა წელმა ჩაიარა, თევზაობა იწყება.


„თოთხმეტი კრისტალის თეორია" (რეჟისორი: გიორგი მასხარაშვილი, 2015)

ეს არის ანიმაცია საბავშვო სათავგადასავლო რომანისთვის „14 კრისტალის თეორია", რომლის ავტორიც თავად რეჟისორია.

„კიბე" (რეჟისორი: გიორგი ვარსიმაშვილი, 2017)

მთლიანი ფილმის სიუჟეტი ვითარდება კიბეზე. ერთი სახლის მკვიდრი ცუდად არის და მის გადასარჩენად სასწრაფო მოდის. ნელ-ნელა ვითარება უარესდება. ყოველივე ამას გვერდითა ბინის მეზობელი აკვირდება.


"სამი საფეხური" (რეჟისორი: იოსებ სოსო ბლიაძე, 2017)

13 წლის მარიამი მამამისთან, რეზოსთან, ერთად თბილისის გარეუბანში, ჯიხურში ცხოვრობს. მამა-შვილი დღისით მუშაობენ, ღამით კი ნაშოვნი ფულით საჭმელს ჭამენ, ზოგჯერ მოსაპარადაც დადიან. მარიამს სიღარიბესთან ერთად უწევს გაუმკლავდეს თავის გარდატეხის ასაკს და მუდმივ შიშს, რომ მამამისი მას ფულის გამო უღალატებს.


„სრულყოფილი შეკვეთა" (რეჟისორები: კატალინა ბაქრაძე, ანნა სარუხანოვა, 2017)

მარიამი 22 წლის მსახიობია, ის მუშაობს კაფეში, სადაც სტუმრებს ნებისმიერ კერძთან თუ სასმელთან ერთად შეუძლიათ შეუკვეთონ სასურველი კომპანიონი - ნაყინი ბავშვობის მეგობართან ერთად, ან ოჯახური ვახშამი. ერთ დღეს კაფეს 26 წლის ბუნების დამცველი ლევანი ეწვევა. ლევანი ცდილობს მარიამს აზრი შეაცვლევინოს კაფეზე, რომელშიც ის მუშაობს.

"ფრანი" (რეჟისორი: ვლადიმერ სულაქველიძე, 2016)

ფილმის გმირი - მოხუცი ქალი - გარკვეული გარემოებების ხელშეწყობით, (კერძოდ, კატა) ბოლომდე მიყვება განვლილი ცხოვრების ფრაგმენტების გახსენებას. ამ საკმაოდ ტრაგიკულ წარსულში იკვეთება ნათელი დეტალი - ფრანი, რომელიც ფილმის ბოლოს მოხუცს მხსნელად მოევლინება და თავის სამყაროში წაიყვანს.

„შეხვედრა მაცივართან" (რეჟისორი: ხათუნა ხუნდაძე, 2017)

ფილმი მსუბუქად და იუმორით მოგვითხრობს ქალის ტრაგიკულ ისტორიას, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და გარდაცვლილი, სუპერმაკეტში, რძის პროდუქტებიანი დიდი მაცივრის წინ, შემთხვევით ხვდება ორ ნაცნობს. მათ შორის იმართება აბსურდული, იუმორით სავსე და, იმავდროულად, სევდიანი დიალოგი.


"ჯინო" (რეჟისორი: დავით კიკნაველიძე, 2017)

ფილმი მოგვითხრობს გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების ამბავს, რომლებიც მათ გუბესთან დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან ახალი საბინადრო ეძებონ.


„ჯიბის კაცი" (რეჟისორი: ანა ჩუბინიძე, 2016)

პატარა კაცი ძველ ჩემოდანში ცხოვრობს. ერთ დღესაც ახალ მეგობარს შეიძენს - მოხუც, ბრმა კაცს. პატარა კაცი ბრმა კაცის ჯიბეში ჩახტება. მუსიკის საშუალებით, ჯიბის კაცი უსინათლოს ქუჩაში გადაადგილებაში ეხმარება და ორივე ბედნიერია ერთად.


„ჰალკი" (რეჟისორები: გიგა ბაინდურაშვილი, სანდრო ნავერიანი, 2016)

ვიქტორი მარტოხელა მამაა, ღარიბი სოციალური ფენიდან, რომელიც თავის აუტისტ შვილ ნიკოზე ზრუნავს. ოჯახური ხარჯებისთვის თავის გართმევის მიზნით, ვიქტორს მრავალი სამუშაოს შესრულება უწევს, მაგრამ მაინც ვერ ახერხებს ნიკოსთვის სათანადო თერაპიისთვის ფულის შეგროვებას, რომ დაეხმაროს საყვარელ შვილს სოციალიზაციასა და განვითარებაში. უიმედო მდგომარეობაში მყოფი ვიქტორი ერთ დღეს დგამს ნაბიჯს, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდება მამა-შვილისთვის.


"ჰორიზონტი" (რეჟისორი: დავით კიკნაველიძე, 2017)

ფილმი მოგვითხრობს ადამიანის გზაზე თავისუფლებისკენ. ძალადობისა და ომისგან განთავისუფლებაზე.

 

 

 

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 3802