მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი ქართული პრემიერით დაიხურება
კინოფესტივალი მედიაში
2017-11-23

9 დეკემბერს კინოთეატრ "ამირანში" მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. დახურვაზე მაყურებელს ქართული პრემიერა ელის - აზა ხალვაშის ფილმი "ნამე".

"ნამეს" სიუჟეტი მაღალმთიან სოფელში ვითარდება, სადაც ერთად ცხოვრობენ ქრისტიანები და მაჰმადიანები. ალის ოჯახს მისია აკისრია - სამკურნალო წყლის პატრონობა და მისი დახმარებით სნეული თანასოფლელების განკურნება. სამივე ვაჟმა მამისეული სახლი მიატოვა, მხოლოდ უმცროსი ქალიშვილი ცისნამე (ნამე) შემორჩა ოჯახური ტრადიციების სადარაჯოზე. ნამე მერაბს გაიცნობს და მათ შორის სიახლოვის სურვილი ჩნდება. ამ დროს პარალელურად, ხეობაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რაც შესაძლოა ეკოლოგიური ცვლილებების გამომწვევი იყოს. ერთ დღესაც, წყალი დაშრობას იწყებს. მოხუც მამას ძველების ნათქვამი ახსენდება, რომ წყლის დაბრუნება მსხვერპლშეწირვის გარეშე შეუძლებელია...

როგორც რეჟისორმა მის ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, "ნამეს" სცენარი მან ჯერ კიდევ 2010 წელს დაწერა, თუმცა ფილმისთვის საჭირო თანხის მოძიებას ვერ ახერხებდა და მხოლოდ 2016 წელს, ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებით შეძლო საკუთარი ჩანაფიქრის ეკრანზე გადატანა. ფილმში მონაწილეობის მისაღებად, რეჟისორმა ძირითადად დამწყები და არაპროფესიონალი მსახიობები მიიწვია.

ზაზა ხალვაშს რამოდენიმე მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული. მისი ფილმები პრიზირებულია მონპელიეს, მიუნხენის და მოსკოვის კინოფესტივალებზე. 1977-დან 2004 წლამდე კინოსტუდია "ქართულ ფილმში" მუშაობდა რეჟისორად. 1997 წლიდან კი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის და ამავე უნივერსიტეტის კინოსა და სატელევიზიო ხელოვნების განყოფილებას ხელმძღვანელობს.

2016 წელს ზაზა ხალვაშის ფილმი "სოლომონი" ჩვენს ფესტივალზე, ეროვნული კონკურსის გამარჯვებული გახდა და დაჯილდოვდა პრიზით - "პრომეთე" საუკეთესო მხატვრული ფილმისათვის.

"ნამე" წელს ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში იღებდა მონაწილეობას.

 

 

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 670