პროგრამაში “ევროპული ფორუმი” წარმოგიდგენთ
კინოფესტივალი მედიაში
2017-11-24

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც ევროპული კინოს ფესტივალი, ამიტომ მისი ერთ-ერთი მთავარი პროგრამაა „ევროპული კინოს ფორუმი", რომელშიც წარმოდგენილია ბოლო ორი წლის საუკეთესო ევროპული ფილმები.

"ჩამბრა" ("A Ciambra", იტალია, აშშ, საფრანგეთი, შვედეთი, 2017)

ბოშების დასახლებაში, კალაბრიაში, პიო ამატოს ერთი სული აქვს, როდის გახდება ზრდასრული. 14 წლის ასაკში ის სვამს, ეწევა და იმ მცირეთაგან ერთ-ერთია, ვინც იოლად ახერხებს საერთო ენის გამონახვას ადგილობრივ იტალიელებთან, აფრიკელ ემიგრანტებსა და მშობლიურ ბოშებთან. პიო სულ თან დაჰყვება უფროს ძმას, კოზიმოს და მათი მშობლიური ქალაქის ქუჩებში ცხოვრებისთვის საჭირო უნარებს ითვისებს. როდესაც კოზიმო უკვალოდ ქრება და ვითარება იძაბება, პიო მზად არის დაამტკიცოს, რომ შეუძლია ძმის ადგილის დაკავება. სწორედ ამ დროს უნდა გადაწყვიტოს, მართლაც მზადაა თუ არა, რომ სრულწლოვან მამაკაცად იქცეს.

იონას კარპინიანოს ფილმები მთელ მსოფლიოში იყო ნაჩვენები და მიღებული აქვს ჯილდოები კანში, ვენეციასა და სანდენსზე. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის „ხმელთაშუა ზღვისპირეთი" დებიუტი შედგა კანის კინოფესტივალზე, კრიტიკოსთა კვირეულზე და შემდეგ, 2015 წელს, მისი ნამუშევარი ამერიკის კინოკრიტიკოსთა ეროვნულმა საბჭომ საუკეთესო სარეჟისორო დებიუტად აღიარა.


"თვინიერი" ("A Gentle Creature", საფრანგეთი, გერმანია, ლიტვა, ნიდერლანდები 2017)

ქალი რუსეთის სოფლის განაპირას მარტო ცხოვრობს. ერთ დღეს მიიღებს ამანათს, რომელიც მან თავის დაპატიმრებულ ქმარს გაუგზავნა, წარწერით: „დაუბრუნდეს გამგზავნს". შეშინებულ და დაბნეულ ქალს სხვა გზა არ აქვს, უნდა წავიდეს ციხეში, ქვეყნის შორეულ რეგიონში და გაიგოს, რა მოხდა. ასე იწყება აუღებელი ციხესიმაგრის - ციხის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია, სადაც საზოგადოებისადმი მტრულად განწყობილი ძალები ყოველთვის პოულობენ თავის ადგილს.

სერგეი ლოზნიცას 1996 წლიდან გადაღებული აქვს 16 დოკუმენტური ფილმი და მიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო. 2010 წელს ლოზნიცამ პირველი მხატვრული ფილმი „ჩემი სიხარული" გადაიღო, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე შედგა. მას მოყვა ფილმი „ნისლში", რომლის პრემიერაც, ასევე, კანის კინოფესტივალზე, 2012 წელს შედგა და რომლისთვისაც FIPRESCI-ის ჯილდო დაიმსახურა.


"არითმია"("Arrhythmia", რუსეთი, ფინეთი, გერმანია, 2017)

ოლეგი ახალგაზრდა, ნიჭიერი მედმუშაკია. მისი ცოლი, კატია მედდად მუშაობს საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებაში. მას უყვარს ოლეგი, მაგრამ მობეზრდა, რომ ოლეგი პაციენტებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე მასზე და ამიტომაც, ეუბნება, რომ განქორწინება უნდა. ოლგას სასწრაფო განყოფილების ახალი ხელმძღვანელი გულცივი მენეჯერია, რომელიც ახალ, მკაცრ წესებს ნერგავს. ოლეგს ნაკლებად აღელვებს წესები - მან ადამიანები უნდა გადაარჩინოს. ამ მიდგომის გამო მას ურთიერთობა ეძაბება ახალ უფროსთან. სამსახურის კრიზისი პირად ცხოვრებაში კრიზისს ემთხვევა.

ბორის ხლებნიკოვი არის პროდიუსერი და რეჟისორი და ცნობილია ფილმებით: „გზა კოკტებელში" (2003), „თავისუფალი ცურვა" (2006) და „არითმია" (2017).


"შენი სახელი დამიძახე" ("Call Me By Your Name", იტალია, საფრანგეთი, ბრაზილია, აშშ, 2017)

1983 წლის ზაფხულია. 17 წლის, ნაადრევად მომწიფებული ელიო პერლმანი, ოჯახთან ერთად, თავის მე-17 საუკუნის ვილაში ისვენებს ლომბარდიაში (იტალია). მალე ის გაიცნობს სიმპათიურ დოქტორანტს, რომელიც ელის მამასთან ინტერნად მუშაობს. მზით გაბრწყინებულ გარემოში ელიო და ოლივერი ერთმანეთის მიმართ მძაფრ ლტოლვას გრძნობენ, ეს კი, სამუდამოდ შეცვლის მათ ცხოვრებას.

ლუკა გუადანინო რეჟისორი და პროდიუსერია, ცნობილია ფილმებით „მე ვარ სიყვარული" (2009), „უფრო დიდი შხეფი" (2015) და "შენი სახელით მომმართე"(2017).

„განდევნილები" ("Exiled", ლატვია 2016)

პირველი მსოფლიო ომის უკანასკნელი წელი. გერმანული ჯარის სამხედრო ექიმი ულრიხი ბრძოლის დროს მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმების მქონე, გამოჯანმრთელების პირას მყოფი პაციენტების მოსანახულებლად მიდის. მისი ცივი, რაციონალური გონებისთვის ეს უცნაური სამყარო, სადაც სინამდვილე უფრო გავს გამონაგონს, ძალიან მიმზიდველი ხდება. იქაურობის გარდაქმნის უნაყოფო მცდელობა და იდუმალებით მოცული ველური ბიჭით განსაკუთრებით დაინტერესება ულრიხს ჭეშმარიტი „მე"-ს პოვნამდე მიჰყავს.

დავის სიმანისი ცნობილი კინორეჟისორი და თავისი თაობის თეორეტიკოსია. გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური ფილმი, რომლებიც სხვადასხვა მნიშვნელოვან კინოფესტივალზე მონაწილეობდა. „განდევნილები" მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.


"ყინვა" ("Frost", ლიტვა, საფრანგეთი, პოლონეთი, უკრაინა, 2017)

ახალგაზრდა ლიტველი წყვილი - როკასი და ინგა გადაწყვეტენ, რომ როგორც მოხალისეებმა, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კონტეინერი უკრაინაში ჩაიტანონ. მაგრამ გეგმები იცვლება და ისინი ბედის ანაბარა აღმოჩნდებიან. ისინი გადაკვეთენ დონბასის უზარმაზარ თოვლიან მხარეს, მოკავშირეების და თავშესაფრის ძიებაში, გზადაგზა, ომისგან დაზარალებული ადამიანების ცხოვრების თვითმხილველები ხდებიან. საფრთხის მიუხედავად, ისინი ფრონტის წინა ხაზს უახლოვდებიან და, იმავდროულად, კიდევ უფრო ახლობელი ადამიანები ხდებიან ერთმანეთისთვის, რადგან აცნობიერებენ, თუ რას ნიშნავს ომის პირობებში ცხოვრება.

შარუნას ბარტასმა 1989 წელს დააფუძნა სტუდია „კინემა" - პირველი დამოუკიდებელი სტუდია ლიტვაში. რეჟისორის ნამუშევრებს თავიდანვე კრიტიკოსების დადებითი გამოხმაურება მოყვა. ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორიცაა „სამი დღე", „კორიდორი", „რამდენიმე ჩვენგანი", „მშვიდობა ჩვენდა ჩვენს ოცნებებში", რომლებიც დახვეწილი ესთეტიკით გამოირჩევა. ამავე გზას აგრძელებს მისი ბოლო ნამუშევარიც „ყინვა".


"დიდება" ("Glory", ბულგარეთი, საბერძნეთი, 2016)

როდესაც რკინიგზის თანამშრომელი ცანკო პეტროვი საარკინიგზო გზებზე მილიონობით ლევს პოულობს, გადაწყვეტს, რომ მთელი თანხა პოლიციას გადაცეს. მადლიერი სახელმწიფო მას ახალი მაჯის საათით აჯილდოვებს, რომელიც მალე ფუჭდება. ამასობაში, ტრანსპორტის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი იულია სტაიკოვა კარგავს თავის ძველ საათს. აქ იწყება პეტროვის თავგანწირული ბრძოლა არა მხოლოდ ძველი საათის, არამედ ღირსების დასაბრუნებლად.

ფილმის რეჟისორები არიან პეტარ ვალჩანოვი და კრისტინა გროზევა. ვალანჩოვმა 2008 წელს დაამთავრა კინო და ტელეფილმების რეჟისურის ფაკულტეტი, სოფიის თეატრისა და კინოხელოვნების ეროვნულ აკადემიაში. დოკუმენტური ფილმით „ცხოვრების ქარაგმა" (2009) იწყება მისი სარეჟისორო თანამშრომლობა კრისტინა გროზევასთან.

კრისტინა გროზევა ჟურნალისტად მუშაობდა ბულგარეთის ტელევიზიაში.


"ჰანა" ("Hannah", იტალია, საფრანგეთი, ბელგია, 2017)

„ჰანა" სიღრმისეული პორტრეტია ქალის, რომელმაც იდენტობა დაკარგა. ქმრის დაპატიმრების შემდეგ მარტო დარჩენილი ჰანა ცდილობს შეებრძოლოს ბედს და სწორედ მაშინ ვლინდება მისი პიროვნება. მის დამსხვრეულ იდენტობასა და თვითკონტროლის დაკარგვაზე დაკვირვების შედეგად, ფილმი თანამედროვე სამყაროში გაუცხოების, კავშირის ძიების და თვითიდენტობას, პიროვნულ ურთიერთობებსა და საზოგადოების მხრიდან ზეწოლას შორის ზღვარის შესახებ გვიამბობს.

ანდრეა პალაოროს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი კინორეჟისურაში კალიფორნიის ხელოვნების ინსტიტუტისგან და ბაკალავრის ხარისხი - ჰემფშირის კოლეჯისგან. მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის „მედეასის" (2013) პრემიერა ვენეციის 70-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და რამდენიმე ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესო რეჟისურის ნომინაციაში - მარაკეშის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სერგო ფარაჯანოვის სახელობის ჯილდო გამორჩეული პოეტური ხედვისთვის - თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე.

"ჰეფი ენდი" ("Happy End", საფრანგეთი, ავსტრია, გერმანია 2017)

ანამ საოჯახო ბიზნესი ავადმყოფი მამისგან, ჟორჟისგან მემკვიდრეობით გადაიბარა. ფილმში პერსონაჟებად შემოდიან ანას საქმრო, თავისი უსაქმური ვაჟი, ძმა, რომელსაც წინა ქორწინებიდან 12 წლის ქალიშვილის რჩენა უწევს და რამდენიმე მაროკოელი მსახური.

მიჰაელ ჰანეკეს სრულმეტრაჟიანი ფილმები: „მეშვიდე კონტინენტი" (1989), „ბენის ვიდეო" (1992), „შემთხვევითობის ქრონოლოგიის 71 ფრაგმენტი" (1994), „თავშესაქცევი თამაშები" (1997), „კოშკი" (1997), „კოდი უცნობია" (2000), „პიანისტი" (2001), „მგლების დრო" (2003), „დაფარული" (2005) და „თეთრი ბაბთა" (2009), სხვადასხვა ფესტივალზე იყო წარდგენილი. 2012 წელს გადაღებულმა „სიყვარულმა" კინოაკადემიის ჯილდო მოიპოვა, როგორც საუკეთესო უცხოენოვანმა ფილმმა.


"ცეცხლის ალში" ("Inflame", თურქეთი, 2017)

მისი კოშმარი სინამდვილეა და სინამდვილე - კოშმარია.
ჰასრეთს მუდმივად ერთი და იგივე კოშმარული სიზმარი ესიზმრება რომლიდანაც თავს აღწევს ყოველ დილას. მაგრამ ის, რასაც ყოველღამე განიცდის, გამონაგონი კი არ არის, არამედ მოგონებებია. ერთ დღეს, როდესაც სამსახურიდან - ახალი ამბების არხიდან - შინ, მშობლების მიერ დატოვებულ ბინაში ბრუნდება, თანდათან სულ უფრო მძაფრად ისმის შეკითხვა: მისი მშობლები, ოცი წლის წინ, ნამდვილად ავტოავარიაში დაიღუპნენ თუ არა?

ჯეილან ოზგუნ ოზჩელიკს გადაღებული აქვს მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომლებიც ნაჩვენები იყო რამდენიმე კინოფესტივალზე, მათ შორის ბრატისლავის არტ ფილმების ფესტივალსა და ფესტროიაზე. მისი სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის „აალება" პრემიერა ბერლინის 67-ე კინოფესტივალზე, პროგრამა „პანორამის" ფარგლებში შედგა.

„ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული" ("Let the Summer Never Come Again" გერმანია, საქართველო, 2017)

ორ ადამიანს უყვარს ერთმანეთი. თუ ერთი მათგანი სამხედრო ოფიცერია და ომში მიდის, რა უნდა ქნას მეორემ? ეს კითხვა საინტერესოა, მაგრამ არსებობს უამრავი სხვა რამ, რასაც ფილმი არანაკლებ ყურადღებას უთმობს.

ალექსანდრე კობერიძე დაიბადა თბილისში. 2005 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. 2009 წლიდან სწავლობს ბერლინის კინოაკადემიაში.

"ბროწეულის ბაღი" ("Pomegranate orchard", აზერბაიჯანი, 2017)

გაბილი შინ, ღარიბულ ოჯახურ კარმიდამოში ბრუნდება 14 წლის შემდეგ ბრუნდება. იქაურობა ხანდაზმული ბროწეულის ბაღითაა გარშემორტყმული. თუმცა, წარსულის ღრმა ემოციური იარები ასე უცებ ვერ ამოიშლება.

1988 წელს, ეთნიკური კონფლიქტის დროს, ილგარ ნაჯაფის ოჯახი სომხეთიდან გააძევეს და 13 წლის ასაკში, ის უკვე ლტოლვილი იყო. სწავლობდა კინო- და ტელერეჟისურას აზერბაიჯანის კულტურის და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2004 წელს დააარსა კომპანია „Buta Film".

"რექვიემი მისის ჯეისთვის" ("Requiem for Mrs. J.", სერბეთი 2017)

ქალბატონი ჯ. ერთ დროს ადმინისტრაციული მოხელე იყო, რომელიც გადაწყვეტს, რომ თავისი მოვალეობები შეასრულოს: დარეცხოს ბაკანში დაგროვილი ჭურჭელი, წავიდეს მაღაზიაში, ამოთხაროს ოჯახის პისტოლეტი. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ თავი ამ იარაღით მოიკლას ქმრის გარდაცვალების წლისთავზე. ის მზადაა, ყველა პირადი და ადმინისტრაციული საქმე დაასრულოს, რომ მშვიდად მოიკლას თავი. მაგრამ ამ ყველაფრისთვის მას ერთადერთი რამ ჭირდება - უკანასკნელი 20 წლის მანძილზე მსახურობის მოწმობა.

ბოიან ვულეტიჩის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის „ბელგრადის პრაქტიკული გზამკვლევი სიმღერით და ტირილით" პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა, რომელმაც რამდენიმე ეროვნული და საერთაშორისო ჯილდო დაიმსახურა.

"სარაევოს სევდიანი სიმღერები" ("Sarajevo Songs Of Woe", ბოსნია-ჰერცეგოვინა, გერმანია 2016)

"სარაევოს სევდიანი სიმღერები" არის ფილმი-ტრიპტიქი, რომელიც შედგება ორი ამბისგან - „შეყვარებულების ლურჯი ბალადა" და „გადარჩენილების ლურჯი რონდო" და დოკუმენტური შუა ნაწილი - „მგლების ლურჯი ფსალმუნი". ეს ნაწილები ერთმანეთის შენაკადებია და სარაევოში ფრაგმენტული ცხოვრების ერთიან მოზაიკას შეადგენენ. კამერა დაყვება სხვადასხვა პროტაგონისტს და ერთმანეთში აქსოვს მათ იმედებს და სასოწარკვეთას, სიყვარულს და სიკვდილს, მათ მიერ ღირსეული ცხოვრების ძიებას.

ფრედ კელემენი ჯერ სწავლობდა ფერწერას და მუსიკას და რეჟისორის ასისტენტად სხვადასხვა თეატრში მუშაობდა. 1989 წელს გერმანიის კინო და ტელეაკადემიაში, ბერლინში სწავლის კურსი გაიარა. მის სრულმეტრაჟიან ფილმებს შორის საგულისხმოა „ბედისწერა" (1994, გერმანული კინოჯილდოს მფლობელი), „ყინვა" (1997, როტერდამში FIPRESCI-ს ჯილდოს და ტაორმინაში საუკეთესო რეჟისორის პრიზის მფლობელი) და „ბინდი" (1999).

"ნაკვალევი" ("Spoor", პოლონეთი, გერმანია, ჩეხეთის რესპუბლიკა, შვედეთი, სლოვაკეთი, 2017)

დუშეიკო ყოფილი ინჟინერ-კონსტრუქტორი და ახლა უკვე პენსიაზე გასული ექსცენტრული ადამიანია, ასტროლოგი და ვეგეტარიანელია, რომელიც ჩეხეთის საზღვართან, პატარა მთიან სოფელში ცხოვრობს. ერთ დღეს მისი საყვარელი ძაღლები უკვალოდ გაქრებიან. რამდენიმე თვის შემდეგ, ბრაკონიერი მეზობლის გვამს იპოვის. იდუმალი მკვლელობების ერთადერთი კვალი სახლთან შვლის ნუკრის ჩლიქების ნაკვალევია.

აგნიეშკა ჰოლანდმა კინოკარიერა დაიწყო პოლონეთში, როდესაც ქშიშტოფ ზანუსის ასისტენტად მუშაობდა, ხოლო მისი მენტორი იყო ანჯეი ვაიდა. საკუთარი ფილმების გადაღებამდე, მან რამდენიმე სცენარი ვაიდასთან ერთად დაწერა, რომელთაც მალე საერთაშორისო კინოფესტივალებზე ჯილდოებით აღინიშნა და პოლონეთის ახალი ტალღის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახელი მოიპოვა. ჰოლანდი აშშ-ში ცნობილია ოსკარზე ნომინირებული ფილმებით: „მწარე მოსავალი", „ევროპა ევროპა" და უორნერ ბროსისთვის გადაღებული ფილმებით: „ოლივერი ოლივერი" და „საიდუმლო ბაღი".

"პირველი, უკანასკნელი" ("The First, the Last", საფრანგეთი, ბელგია 2016)

ორი დაქირავებული მკვლელი - კოში და ჟილუ მოშიშვლებულ სტეპებში დაეხეტებიან და მოპარულ ტელეფონს ეძებენ, რომელშიც მამხილებელი ინფორმაციაა. გზად ისინი შეხვდებიან დევნაში მყოფ წყვილს - ესთერს და უილის.

საკუთარი სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმით „გოლიათები" (2011) ბული ლანერსმა კანის კინოფესტივალის რეჟისორების ორკვირეულზე წარმოადგინა. ფილმმა ჯილდო - მაგრიტი დაიმსახურა, როგორც წლის საუკეთესო ფილმმა. მისი უკანასკნელი ნამუშევარი „პირველი, უკანასკნელი" ნაჩვენები იყო წლევანდელ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პანორამის სექციაში.


"იმედის მეორე მხარე" ("The Other Side of Hope", ფინეთი, გერმანია 2017)

ხალედი, რომელიც ომის ქარცეცხლში გახვეული სირიიდან გაიქცა, ჰელსინკის პორტში, ნახშირის კონტეინერში გამომწყვდეული ჩადის და თავშესაფარს ფინეთში ეძებს. ქუჩაში ის ხვდება ყოფილ პერანგების გამყიდველ ვიკსტრიომს, რომელმაც ალკოჰოლიკი ცოლი მიატოვა და ახალ ცხოვრებას იწყებს, როგორც მარტოხელა რესტორატორი. ისინი ერთმანეთს ეხმარებიან იმ დაბრკოლებების დაძლევაში, რომლებიც ამ უჩვეულო და ხშირად სირთულეებით აღსავსე ახალ სამყაროში ხვდებათ.

აკი კაურისმეკი და მისი ძმა, მიკა, სახელგანთქმული რეჟისორები არიან და 1980-იანი წლების დასაწყისიდან ფინეთის მთელი კინოინდუსტრიის ერთ მეხუთედი მათი ნამუშევრებისგან შედგება. თუმცა, აკის ფილმები საზღვარგარეთ უფრო აღიარებულია. 1990-იან წლებში აკი კაურისმიაკი ფილმებს ბრიტანეთსა და საფრანგეთში იღებდა.


"ზამთრის ძმები" ("Winter Brothers", დანია, ისლანდია 2017)

ძმების ოდისეა იწყება პროვინციის კირქვის საბადოს თემში, ცივი ზამთრის დროს. ჩვენ თვალს ვადევნებთ ორ ძმას, რომლებიც ამ მკაცრ პირობებში მუშაობენ. უმცროსი ძმა, ემილი, ქარხნიდან მოპარული ქიმიური ნივთიერებებისგან კონტრაბანდულ სპირტს ხდის. ემილი აუტსაიდერი, უცნაური ადამიანია, რომელმაც შეგნებულად აირჩია მარტოობა და იქაური საზოგადოება მას მხოლოდ უფროსი ძმის, იოჰანის გამო ეგუება. ემილს წყურია გრძნობები, უნდა, რომ უყვარდეთ. როდესაც ერთ-ერთი მუშა ავად ხდება, ეჭვი ემილის მიერ გამოხდილ კონტრაბანდულ არაყზე მიაქვთ. ემილი თვლის, რომ ის ძმამ გაწირა, როდესაც აღმოაჩენს, რომ მისი განუხორციელებელი ტრფობის ობიექტი - მეზობელი ანა მის ნაცვლად, ძმას ირჩევს.

ჰლინურ პალმასონი არის არტისტი და რეჟისორი, რომელიც 1984 წელს, ისლანდიაში დაიბადა. მან კარიერა დაიწყო, როგორც ვიზუალურმა არტისტმა და შემდეგ რეჟისურა შეისწავლა დანიის ეროვნულ კინოსკოლაში. ის კოპენჰაგენში ცხოვრობს.


"ევა" (Yeva", სომხეთი, ირანი 2017)

ევა ახალგაზრდა ქალია, რომელიც ქმრის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, გაურბის თავისი ქმრის გავლენიან ნათესავებს, შვილთან - ნარესთან ერთად და თავს აფარებს ყარაბაღის (სომხეთი) ერთ-ერთ სოფელს. ევა სრულიად გაუცხოებულია თავის სოფელში და იძულებულია, ყოველდღიურად ნიღაბაფარებულმა იცხოვროს.

ანაჰიდ აბადი დაიბადა სომხურ ოჯახში, თეირანში. მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი კინორეჟისურაში. კარიერის მანძილზე, მუშაობდა ბევრ პროფესიონალურ ირანულ ფილმზე, როგორც რეჟისორის პირველი ასისტენტი. თანამშრომლობდა ისეთ სახელგანთქმულ რეჟისორებთან, როგორებიცაა ალირეზა დავუდ ნეჯადი, აბულფაზლ ჯალილი, რასულ სადრამელი, აჰმად რეზა დარვიში, ვარუჟ ქარიმ-მასიჰი, ბაჰრამ ბეიზაი და ა.შ.

 

 

 

 

 

 

 

მნახველთა რაოდენობა: 1357